გუშინ, 30 ივნისის საღამოს, "ბარსელონამ" "ატლეტიკოსთან" გამართულ მატჩში კიდევ 2 ქულა დაკარგა და თუ მადრიდის "რეალმა" უცნაური მანევრები არ გააკეთა, ლა ლიგას აუცილებლად დედაქალაქელები მოიგებენ.
"ატლეტიკოსთან" გამართულ შეხვედრამდე კი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ - მათ შორის იყო "ბლაუგრანას" ვარსკვლავი ლიონელ მესი.
თუმცა გუნდის წევრებთან უთანხმოება სეტიენის კარიერაში უცხო არ არის. ის ამგვარი მოქმედებებით ჯერ კიდევ ფეხბურთელის კარიერის პერიოდიდან მოყოლებული არის ცნობილი.
"სელტასთან" შეხვედრაში მესიმ სეტიენის ასისტენტი სარაბია 2-ჯერ დააიგნორა, ლუის სუარესმა მწვრთნელის საქმიანობაზე ფართოდ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ
სეტიენს დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია არც სუარესის სიტყვებისა და არც მესის ქცევისათვის, თქვა, რომ ფეხბურთელობისას ისიც რთული ადამიანი იყო.
ეს კი მართალია, ამბოხება სეტიენის კარიერაში უცხო არ არის და მას უკან არასდროს დაუხევია. ქვევით კი მისი ბიოგრაფიიდან 3 ისტორიას მოვიყვანთ.
გაბრაზება 1986 წლის მსოფლიო თასზე
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი კიკე ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს მექსიკაში გასამართ 1986 წლის მსოფლიო თასზე.
თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიგელ მუნიოსმა პირველ ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ამის შემდეგ "ბარსას" დღევანდელი თავკაცი აფეთქდა.
"უდიდესი აღტაცებით მოდიხარ ნაკრებში და ისინი არაფერს აკეთებენ ამ განწყობის შესანარჩუნებლად.
მე ბავშვი არ ვარ, ფეხბურთში საკმარისი გამოცდილება გამაჩნია.
რომ მცოდნოდა, ასე მოხდებოდა ყველაფერი, იქნებ არც წამოვსულიყავი. არა, აშკარად მადრიდში დავრჩებოდი", - თქვა კიკემ.
სეტიენს მას შემდეგ ესპანეთის ნაკრებში შანსი აღარ მისცემია, სხვადასხვა წყაროს მიხედვით კი, ესპანეთისა და ალჟირის შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს და სათადარიგოთა სკამზეც კი არ გახლდათ.
ბრძოლა ხესუს ჟილთან
"ატლეტიკოში" ჩატარებული რთული სეზონის შემდეგ სეტიენმა კლუბის პრეზიდენტი ხესუს ჟილი "თბილი" სიტყვებით შეამკო.
"მხოლოდ ის ვთქვი, რაც მოხდა", - განაცხადა კიკემ, რაც ჟილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და ფეხბურთელს ღია კარისკენ მიუთითა.
თუმცა სეტიენმა წასვლაზე უარი თქვა და სასამართლოს მიმართა, "ატლეტიკო" კი არასამართლიან მოპყრობაში დაადანაშაულა.
კიკე გუნდში დარჩა, თუმცა "ატლეტიკოს" მაისურით აღარასდროს უთამაშია. 1989 წელს კი "ლოგრონესის" რიგებში გადავიდა.
დმიტრი პიტერმანთან მომხდარი უთანხმოება
2003 წელს, როცა სანტანდერის "რასინგი" უკრაინელმა ბიზნესმენმა დმიტრი პიტერმანმა შეიძინა, კიკე კლუბში სპორტულ დირექტორად მუშაობდა.
ბიზნესმენს სურდა, რომ კლუბის, როგორც ბიზნეს, ისე სპორტული მხარე სრულად გაეკონტროლებინა, რასაც სეტიენი და მთავარი გუნდის დამრიგებელი ნაბოლო პეისიადო დაუპირისპირდნენ.
ორივე მათგანი რამდენიმე შეხვედრის შემდეგ პიტერმანმა კლუბიდან გაუშვა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით