ლა ლიგას მე-6 ტურში "რეალი" მადრიდში 0:1 დამარცხდა "კადისთან". გოლი მე-16 წუთზე ჰონდურასელმა თავდამსხმელმა ლოზანომ გაიტანა.
საქმე მარტო წაგებაში როდია - "სამეფო გუნდმა" უსახურად ითამაშა და 24 ოქტომბერს ჩასატარებელი ელ კლასიკოს წინ ტრავმა მიიღო სერხიო რამოსმა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
ამით შეწყდა ჩემპიონატზე "რეალის" 15-მატჩიანი წაუგებელი სერია - ბოლოს 8 მარტს "ბეტისმა" 2:1 მოუგო. ამ პერიოდში 13 გამარჯვება (10 ზედიზედ) იზეიმა და ორჯერ ფრეს დასჯერდა.
"ბარსელონასთან" შეხვედრამდე "რეალი" 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე დავით ხოჭოლავას "შახტარს" უმასპინძლებს.