ლა ლიგის 34-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე 3:2 დაამარცხა "ვალენსია".
უსახური პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 50-ე წუთზე გაბრიელ პაულისტამ დააწინაურა. 57-ე წუთზე მესის დარტყმული პენალტი სილესენმა მოიგერია, თუმცა საბოლოოდ არგენტინელმა მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. 63-ე წუთზე გრიზმანმა კატალონიური გუნდი წინ გაიყვანა. 69-ეზე მესიმ საჯარიმოდან ლამაზი გოლი გაიტანა. 83-ე წუთზე კი კარლოს სოლერმა დალაშქრა ტერ შტეგენის კარი.
"ბარსა" "რეალს" დაეწია, "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩება და სიმეონეს გუნდს 8 მაისს უმასპინძლებს.
მესი 28 გოლით ტურნირის ბომბარდირია. მის შემდეგ ყველაზე მეტი ბენზემას აქვს გატანილი - 21. ლეომ "ბარსელონაში" საჯარიმოდან 50 გოლი გაიტანა. მან კარიერაში 29 პენალტი (132-ჯერ დაარტყა) ვერ გაიტანა. ამდენივე თერთმეტმეტრიანი გაცუდებული აქვს რონალდოს (170 ცდიდან).