ზუსტად 1 წლის წინ მესიმ "ბარსელონა" დატოვა

AutoSharing Option
ზუსტად 1 წლის წინ, 2021 წლის 5 აგვისტოს, "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი დღე დადგა. მომენტი, რომელიც ჟოან ლაპორტას მოღვაწეობის პერიოდში სამუდამოდ შავ ლაქად დარჩება. ამ დღეს ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მშობლიურ კლუბს, "ბარსელონას" ემშვიდობებოდა.

არგენტინელს დარჩენა სურდა, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი კლუბის რთული ფინანსური მდგომარეობა იყო. კატალონიელთა გულშემატკივრები მესის გაშვების გამო დღემდე ბრაზობენ, თუმცა არ კარგავენ იმედს, რომ "ლა პულგა" დაბრუნდება...

გამოსამშვიდობებელი სიტყვა

მას შემდეგ, რაც მესის წასვლის შესახებ ინფორმაციები უფრო და უფრო სარწმუნო ხდებოდა, კლუბმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც "პატარა
ჯადოქარმა" გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და ემოციები ვერ შეიკავა.

"ეს წუთები ჩემს სპორტულ კარიერაში ყველაზე რთულია. როდესაც მათ (კლუბის ხელმძღვანელობამ) მითხრეს, რომ ახალ კონტრაქტს ხელს ვერ მოვაწერდი, გავიყინე. ცხოვრებაში მძიმე მომენტები მქონია, მაგრამ არა ასეთი... ძალიან მოწყენილი და იმედგაცრუებული ვარ, მომხდარს ახლაც ვერ ვეგუები. ყველაფერი გავაკეთე, რათა კარიერა "ბარსელონაში" გამეგრძელებინა, ხელფასის სანახევროდ შემცირებასაც დავთანხმდი. სამწუხაროა, მაგრამ უნდა შევეგუო".

განშორება

დღესდღეობით "ბარსელონაში" ბევრი რამ შეიცვალა. ხავი ყველაფერს აკეთებს, რათა "ბლაუგრანას" ძველი დიდება დაუბრუნოს. მესი პსჟ-შია და საფრანგეთის ჩემპიონატთან ადაპტაციას განაგრძობს. რთული იქნება, თუმცა არის შანსი, რომ ხავისა და მესის გზები გადაიკვეთოს... მომხდარის გამო ლაპორტას და არგენტინელ სუპერვარსკვლავს კარგი ურთიერთობა არ აქვთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ "ბარსას" პრეზიდენტის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარის შემდეგ გულშემატკივრებს იმედი მიეცათ, რომ მაგიური 10-იანი სახლში დაბრუნდება.

"მაქვს იმედი, რომ ეს მოხდება, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - განაცხადა ლაპორტამ.

მესის კონტრაქტი პსჟ-სთან 2023 წელს იწურება, პარიზულ კლუბს თანამშრომლობის 1 წლით გაგრძელება ავტომატურად შეუძლია. ლეომ გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

alt"მშვიდობით მესი" - ლეგენდის კატალონიური მოგზაურობის ისტორია... [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ გახსენებით და ამ ფოტოს დადებით, ლეო მესის გულშემატკივრებს, პირდაპირ ჭრილობაში მარილი ჩაგვიყარეთ. მაგ დღის გახსენებაც კი გვზარავს! ძალიან გთხოვთ, თუ ოდნავ პატივს გვცემთ, ეს ფოტო მოხსენით, ძალიან მძიმე საყურებელია!.
SPORTALL.GE-სს
16:10 05-08-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული