ევროპალიგა. ფინალი: როცა პოეტები ტიტულებს იშვიათად იგებენ [VIDEO]

AutoSharing Option
* ამ მოგებით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ევროთასის კოლექცია შეაგროვა.
* ევროპალიგის გამარჯვებულმა "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
* ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ანდერ ერერა დასახელდა.

სტოკჰოლმში, "ფრენდს არენაზე" მართლაც მეგობრული ატმოსფერო გახლდათ. საფეხბურთო სამყარომ მანჩესტერში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულების ხსოვნას მიაგო პატივი და მატჩიც დაიწყო, რომელიც ძალიან ბევრს წყვეტდა. შეხვედრა, პირველ რიგში, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" გახლდათ მნიშვნელოვანი.

აბა, ვინ იტყვის, "აიაქსის" ახალგაზრდა და სიმპათიური გუნდისთვის სულ ერთი იყოო, მაგრამ ამსტერდამელებს, მეტოქისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის საგზური გარანტირებული ჰქონდათ და გინდა არ
გინდა, თანამედროვე ფეხბურთმა მოიტანა, რომ ლიგის საგზური უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ზოგიერთი ტიტულიც კი.

ამსტერდამელებს ერთი-ორი ფეხბურთელი აკლდათ, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ლაზარეთი უფრო შთამბეჭდავი გახლდათ. უფრო შორს რომ აღარ წავიდეთ, მანჩესტერელებს თავის დროზე, აიაქსელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ჰყავდათ, მაგრამ "ფრენდს არენასთან" ახლოს წამოჭიმული იბრას ქანდაკება გუნდს მაგიურ ძალას მატებდა.

"აიაქსს" ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მეტოქეს დარტყმებითაც აჯობა, ბურთის ფლობითაც, კუთხურებითაც, მაგრამ რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს - კლასმა თავისი გააკეთა.

"განსაკუთრებულის" გუნდი პოლ პოგბამ დააწინაურა, რომელმაც ბურთი მარუან ფელაინისგან მიიღო და შორიდან დაარტყა. ის დავინსონ სანჩესს მოხვდა და კარში წავიდა, ონანა უქმად დარჩა.

მეორე ტაიმში "წითელმა ეშმაკებმა" ერთიც დაამატეს, კუთხურისას ბურთზე ნახსენები ფელაინი და კრის სმოლინგი წავიდნენ, ამ უკანასკნელისგან ბურთი კარისკენ და ამავდროულად, ჰენრიხ მხითარიანისკენ წავიდა, რომელმაც უცებ "ჩაამაკრატელა" და ონანა სახტად დატოვა.

ერთი სიტყვით, მიუხედავად ამსტერდამელების მცდელობებისა, მოიგო იმან, რომელიც მიზეზთა გამო ფავორიტად მიიჩნეოდა და რომელსაც რეალურად უფრო სჭირდებოდა. ამ გამარჯვებით "მანჩესტერი" სულ რაღაც მეხუთე გუნდი გახდა, რომელმაც ევროპული გუნდებისთვის პრესტიჟული ტიტულების კოლექცია შეკრა. ამ მხრივ, ინგლისური გრანდი სწორედ "აიაქსს", ტურინის "იუვენტუსს", მიუნხენის "ბაიერნსა" და კატალონიურ "ბარსელონას" გაუთანაბრდა.

გარდა ამისა, "იუნაიტედის" გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ინგლისის ჩემპიონატი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდით იქნება წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე სეზონის ფინალში "რეალი" და "იუვენტუსი" ითამაშებენ და მათ ჩემპიონატიდანაც გარანტირებული აქვთ ადგილი, ვინც არ უნდა მოიგოს, მანჩესტერელები პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან, ისევე, როგორც "სიტი", "ტოტენჰემი" და "ჩელსი", ხოლო "ლივერპული" საკვალიფიკაციო ეტაპს ითამაშებს. პრემიერლიგას ასეთი რამ ნამდვილად სჭირდებოდა, ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გათვალისწინებით.

ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ მოურინიომ კლუბი პრემიერლიგაში ოთხეულში ვერ გაიყვანა, მაგრამ თავის პირველ სეზონში "ოლდ ტრაფორდელებს" ინგლისის ლიგის თასი და სანუკვარი ევროპალიგა (უეფას თასი) მოაგებინა, რომელიც მანჩესტერელებს კოლექციისთვის აკლდათ.

"იუნაიტედისთვის" სასწორზე ზედმეტად ბევრი რამ იდო იმისთვის, რომ სასწორი არასასურველი მიმართულებით გადაწონილიყო. მოუს ბიჭებმა ევროპალიგაზე მეთექვსმეტედფინალის მერე პირველად მოახერხეს მატჩის ორი ან მეტბურთიანი სხვაობით მოგება. ასე "დამაჯერებლად" "იუნაიტედს" არც ერთ წინა ეტაპზე არ უმარჯვია. ჩვენ კი პორტუგალიელის არმიას ჩემპიონთა ლიგაზე დაველოდებით.

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "ძალიან მძიმე სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ ის ძალიან კარგი გამოვიდა. ჩვენ სწორედ ასეთი მეთოდით გადავწყვიტეთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და არა პრემიერლიგაში მეოთხე ან მესამე ადგილით. ახლა კი კლუბს მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ყველა ტიტული აქვს მოგებული. ყოველთვის გვჯეროდა, რომ ევროპალიგის მოგება შეგვიძლია და ახლა მიღწეულით ძალიან კმაყოფილები ვართ. დღეს "იუნაიტედი" მეტოქეზე გაცილებით ძლიერი იყო. ფეხბურთში ბევრი პოეტია, მაგრამ პოეტები იშვიათად იგებენ ტიტულებს. ჩვენ კარგად ვიცოდით, კონკრეტულად რა უპირატესობები გვქონდა მეტოქესთან შედარებით და გამოვიყენეთ მეტოქის სუსტი მხარეები".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აიაქსი-მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 პოგბა (18), 0:2 მხითარიანი (48)
აიაქსი (4-3-3): ონანა - ფელტმანი, სანჩესი, დე ლიხტი, რიდევალდი (82. ფ. დე იონგი)- კლაასენი, შიონე (70. ვან დე ბეკი), ზიეხი - იუნესი, ტრაორე, დოლბერგი (62. კამპოსი)
მანჩესტერი (4-1-4-1): რომერო - ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი - ანდერ ერერა - მატა (90. რუნი), ფელაინი, პოგბა, მხითარიანი (74. ლინგარდი) - რაშფორდი (84. მარსიალი)
გაფრთხილება: 3-3 კუთხური: 5-2 ჯარიმა: 15-17 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 17(3)-6(4) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 46 961

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული