დღეს, 29 აგვისტოს, გაიმართება ევროპა ლიგის "პლეი-ოფის" სტადიის განმეორებითი შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას ქართველი ლეგიონერების კლუბებიც მიიღებენ.
ყველაზე ადრე მოსკოვის "სპარტაკის" შეხვედრა დაიწყება. ჯანო ანანიძის გუნდი "ოტკრიტიე არენაზე" პორტუგალიურ "ბრაგას" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა რუსულმა კლუბმა მინიმალური სხვაობით (0:1) დათმო და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად სახლში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.
ასევე მოგება სჭირდება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ლაშა დვალის "ფერენცვაროშს". უნგრეთის ჩემპიონმა ლიეტუვაში გასვლაზე ფრედ (0:0) ითამაშა ადგილობრივ "სუდუვასთან" და მოგების გარეშე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ
მოხვდება. ნებისმიერი ანგარიშით ფრე ხელს "სუდუვას" აძლევს. ნუ, შეხვედრის ნულოვანი ფრით დასრულების შემთხვევაში დამატებითი დრო დაინიშნება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
რთული მატჩის ელის გიორგი ქვილითაიას, გიორგი ბერიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს". ბელგიური კლუბი გასვლაზე ითამაშებს ხორვატიაში "რიიეკას" წინააღმდეგ. პირველი მატჩი "გენტმა" სახლში 2:1 მოიგო, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. ქართველთაგან ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ქვილითაიას შეუძლია, რადგან ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს, ხოლო ბერიძე "გენტმა" ევროპა ლიგის განაცხადიდან ამოწერა. 'ფერენცვაროშის" მატჩის მსგავსად, ეს თამაშიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ყველაზე გვიან ვაკო გვილიას კლუბის მატჩი გაიმართება. გლაზგოში, "აიბროქზე" ადგილობრივი "რეინჯერსი" ვარშავის "ლეგიას" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულა. აქედან გამომდინარე, მოგების ან ნებისმიერი შედეგიანი ფრის შემთხვევაში ევროპა ლიგის ჯგუფში "ლეგია" მოხვდება. თუმცა ამის მიღწევა შოტლანდიაში ნამდვილად არ იქნება ადვილი. სტივენ ჯერარდის გაწვრთნილი გუნდი საკმაოდ სერიოზული ძალაა. ეს მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.