პატარა სასწაული მოახდინა ზაგრების "დინამომ" მშობლიურ "მაქსიმირზე" - ევროპა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩი ლონდონში "ტოტენჰემთან" 0:2 ჰქონდა წაგებული, სახლში კი 3:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
28 წლის თავდამსხმელმა მისლავ ორშიჩმა 62-ე წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი, 82-ე წუთზე მეორედ დაამწუხრა უგო ლორისი და დამატებითი დრო დაინიშნა. 106-ე წუთზე მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და "დინამომ" "ტოტენჰემის" ბარიერი გადალახა.
აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირების წინ "დინამოს" მწვრთნელს, ზორან მამიჩს, კორუფციაში ბრალდებისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და გუნდს პირველად უხელმძღვანელა დამირ კრზნარმა.
მოკლედ, "დინამომ" გმირობა ჩაიდინა და პირველად გავიდა ევროტურნირების მეოთხედფინალში.