თურქებს ცუდად დახვდნენ - ემრეს მიკროფონის ნაცვლად ჯაგრისი მიუშვირეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 ივნისს, რეიკიავიკში ისლანდია თურქეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. თურქები კუნძულზე გუშინ ჩაფრინდნენ, თუმცა საზღვარზე პრობლემები შეექმნათ.

თურქების თავდამსხმელმა ბურაქ ილმაზმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს აეროპორტში 3 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ და სრულიად უმიზეზოდ გაჩხრიკეს მათი პირადი ნივთები.

ყველაზე არასასიამოვნო ეპიზოდი ნაკრების კაპიტან ემრე ბელოზოღლუს შეემთხვა. 38 წლის ნახევარმცველს აეროპორტში გარს ჟურნალისტები შემოერტყნენ, ხოლო ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელმაც თავი ჟურნალისტად გაასაღა, ემრეს მიკროფონის ნაცვლად სახესთან ჯაგრისი მიუშვირა.

გრძელვადიანი შემოწმებისა და ემრეს ინციდენტის გამო (თურქეთში ჩათვალეს, რომ ჯაგრისი კაპიტანს ჟურნალისტმა მიუშვირა) თურქეთმა ისლანდიას პროტესტის
ნოტა გაუგზავნა. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაწერა, რომ ნაკრების მიმართ დამოკიდებულება დიპლომატიური და ადამიანური მოპყრობის ფარგლებს სცდება.

პრეზიდენტ ერდოღანის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინიც გამოეხმაურა აღნიშნულ შემთხვევას: "ჩვენი ნაკრების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინეს. ეს მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ინციდენტის საკადრის პასუხს მოედანზე გასცემს".

ამის ფონზე, ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა თურქეთის მხარეს.

ისლანდიელების თქმით, იმის გამო, რომ თურქეთი ევროკავშირისა და შენგენის ზონის (სადაც უსაფრთხოების ერთიანი წესები მოქმედებს) წევრი არ არის, ფეხბურთელებმა გაიარეს სტანდარტული პროცედურები. მთელი პროცესი, მათი თქმით, 1 საათი და 23 წუთი გაგრძელდა.

საინტერესოა, რომ ადამიანი, რომელმაც ემრეს ჯაგრისი მიუშვირა, ბელგიელი ტურისტი აღმოჩნდა. კორენტენ სიამანი საკუთარ რეისს ელოდებოდა, როცა თურქეთის ნაკრები შენიშნა.

"როცა თურქეთის ნაკრები შევნიშნე, გადავწყვიტე, მივსულიყავი. დაცვისთვის გვერდის ასავლელად ჯაგრისი დამჭირდა. შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის არ მინდოდა. ემრესთვის კითხვის დასმაც მოვახერხე: "როგორი გრძნობა დაგეუფლათ საფრანგეთის დამარცხების შემდეგ?"

ნებისმიერ შემთხვევაში, თურქეთს მატჩის მოგებისათვის დამატებითი მოტივაცია აქვს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული