შევჩენკო: ასეთი თამაშით პლეი-ოფში არაფერი გვესაქმება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში უკრაინის ნაკრებმა არცთუ ძლიერ ავსტრიასთან მოულოდნელად ძალიან უხეიროდ ითამაშა, 0:1 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა პლეი-ოფში გაღწევის შანსს ინარჩუნებს. განცდილი მარცხი უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ასე ახსნა:

"უპირველეს ყოვლისა, გუნდმა ფიზიკურად ვერ გაუძლო. დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ზედიზედ სამი მატჩის ჩატარება ყოველთვის გვიჭირდა. კონსტრუქციულ თამაშზე ლაპარაკი მძიმეა, როდესაც გუნდი ამისთვის უბრალოდ არ იყო მზად.

პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსი კიდევ არსებობს. მოვემზადებით. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, აქ უნდა დავრჩეთ და მომზადება გავაგრძელოთ.

იმედგაცრუებულები დავრჩით. იმ
თამაშით, რომელიც პირველ ტაიმში ვაჩვენეთ, პლეი-ოფში არაფერი გვესაქმება. მალინოვსკიმ კარგად ვერ ითამაშა, ბევრ შეცდომას უშვებდა. შემადგენლობის ციგანკოვით შეცვლა გვინდოდა. მარლოსი შევუშვით, ვცდილობდით, ბურთზე რაღაც კონტროლი მაინც დაგვემყარებინა.

ავსტრია პრესინგს კარგად მიმართავდა და გრძნობდა, რომ ფიზიკურად გვჯობდა. ცვლილებებმა ვერაფრით გვახეირა", - ციტირებს შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული