ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...

AutoSharing Option
"მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
თანაზრდილი – თანაშეზრდილი, თანატოლი.

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!
ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად
ზრახვა – განზრახვა, ფიქრი.

სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:
“ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!"


ეს ნაწყვეტია ნიკოლოზ ბარათაშვილის "ხმა იდუმალისადან". დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ფეხბურთი თითქოს თავის დანიშნულებას მართლაც ვერ პოულობდა და ეს ყველას გვაწუხებდა. თითქოს ვეძიეთ და საშველიც გამოჩნდა. საშველია ის, რომ ელიტაში ვითამაშეთ. საშველია ის, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევაში სერიოზული კონკურენცია გვაქვს.
ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ამბავი განგრძობით პოზიტივად როგორ ვაქციოთ. მიღწეულით ტკბობას თავისი დრო აქვს და შემდეგ ყოველდღიურად მის გაჯანსაღებას უნდა ეცადო...

Sportall.Ge

ჩვენ კი ვამაყობთ 1981 წლის ტრიუმფით, მაგრამ თანამედროვე სამყაროში საფეხბურთო წარმატებასთან ნაკლებად ვასოცირდებოდით, სპორტის ეს სახეობა კი ყველაზე პოპულარულია. ამ საქმეს საფუძველი ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა "შემოჭრამ" ჩაუყარა. ვისაც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წერილი წაუკითხავს, ამას ზუსტად შეიგრძნობს. ახლა საქართველოს ნაკრებმა შეძლო და მილიონობით გულშემატკივარს თავი სწორად გააცნო. რას მივაწეროთ ეს? მათ ხომ არც ჩემპიონობა უზეიმიათ და არც ყველაზე ლამაზი ფეხბურთი უთამაშიათ. ალბათ ჟინს, მათ გაცისკროვნებულ თვალებს, მოწადინებას, როცა გინდა, სამშობლო ასახელო!..

ძალიან სასიამოვნოა, როცა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში დადიხარ, შენს ენას, მაისურის ფერს, ბეიჯზე დაწერილ გვარს ან მაისურზე ამობეჭდილ კვარაცხელიას იცნობენ და გაბადრული სახით გესაუბრებიან. ასე გჩუქნის ბერძენი, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, წყალს; ასე გეკითხებოდა ჟურნალ-გაზეთების გამყიდველი, ქართველი ხომ არ ხარ და შემდეგ საკუთარ თავსაც გაცნობს, მეზობელი სომხეთიდან ვარო... აი, რა შეგვიძლია და რა შეუძლია ფეხბურთს.

სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. საქართველოს ნაკრებს ახლა თავისი ხელწერა აქვს, მისი ფეხბურთელების ძლიერ მხარეებზე აწყობილი, თუმცა ელიტაში რაც უფრო მეტნი ვითამაშებთ, ჩვენი ტაქტიკაც გამრავალფეროვანდება. მაინც ბავშვთა ფეხბურთი უნდა ვახსენოთ. სპორტის ამ სახეობის პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზრდება, არჩევანი უფრო დიდი იქნება. ნიჭიერ ბავშვებს უნდა გავუფრთხილდეთ!.. ეს, ყველაფერთან ერთად, პრაგმატული გათვლაცაა, ხვალ ეს ამბავი მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. არ შეიძლება ფინანსური პრობლემების გამო პერსპექტივას ხელი ვკრათ. არ შეიძლება უფრო მეტი არ ვიმუშაოთ დაფარული ნიჭის აღმოსაჩენად. არ შეიძლება პატარა ასაკში ბავშვს რაღაც დავაკლოთ, რაც ასახვას მომავალში ჰპოვებს...

Sportall.Ge

ევროპის ახლახან დასრულებულ ჩემპიონატს რომ დავუბრუნდეთ, ტენდენციების შესაფასებლად დრო საკმაოდ გვაქვს. ახლა უნდა გავიხაროთ იმით, რომ გიორგი მიქაუტაძე თანაბომბარდირი გახდა. ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო - ქართველი ფორვარდი ჯერ "ლიონში" სათანადოდ არ დააფასეს, ცოტა ხნის წინ "აიაქსში" რაღაც გაურკვევლობაში მოახვედრეს, მაგრამ მიქაუტაძემ  თავისი სიტყვა თქვა. მან ეს ნაკრებშიც მოახერხა, არადა, რთულად იწყებდა, ტაქტიკაზე მორგება გაუჭირდა, იყო ენობრივი ბარიერებიც და გვსმენია, პირველ ეტაპზე, გუნდში კომუნიკაციას ყურსასმენებში მუსიკის მოსმენა რომ ერჩივნა. ეს ყველაფერი ასე იდეალურად რომ მოგვარდა, მისი, გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. ცხოვრება მართლაც საინტერესოა, როცა სანაკრებო დებიუტი 33 წლის ასაკში გექნება (გიორგი გველესიანი) და უცებ ყველა მედიასაშუალების სასურველი სტუმარი ხდები, სიამოვნებთ შენი ანალიზის მოსმენა...

ასეთი მაგალითები ბევრია. დღეს ვინმეს განსაკუთრებით გამოყოფა ჩვენი მიზანი სულაც არაა. ამ გუნდის ერთიანობა მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჩანს. ახლა მთავარია, ყველას გვახსოვდეს, მიღწეული კიდევ უფრო მეტ სურვილს აჩენს და ამ ზღვა ემოციას შესაბამისი გაგრძელება სჭირდება!..

ისე კი, კარგია, როცა საუკეთესო გუნდი იმარჯვებს. ესპანეთის ნაკრებმა ყველაზე რთული მეტოქეები დაამარცხა და სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობდა - ცენტრიდან, ფლანგებიდან, შეტევაში თუ დაცვაში. ლამინე იამალმა ნიკო უილიამსთან ერთად ლამაზი ისტორია დაწერა და ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში, გაცილებით მარტივ ბადეში ვხვდებოდით, ახლა კი თამამად ვამბობთ, რომ მერვედფინალში, რაც შეგვეძლო, გავუძალიანდით ასე მონსტრად ქცეულ ესპანეთის ნაკრებს. სასურველი არაა, როცა პატარა რაღაცებით ამაყობენ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ს უფრო მეტი შესძინა, ვიდრე მომავალ ჩემპიონთან მარცხია.

Sportall.Ge

იამალის ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 16-17 წლის ასაკში უკვე შესაძლებელია, ფიზიკურ-მენტალურად სრულად ჩამოყალიბებული იყო. რა თქმა უნდა, პელეს ისტორია გვაქვს, თუმცა თანამედროვე, ახალი გამოწვევებით სავსე სამყაროში კიდევ უფრო დასაფასებელია ასეთი სპორტული რეჟიმის ადრეულ ასაკშივე დაცვა. აი, რაც გვაქვს სასწავლი, ეს უნდა ვისწავლოთ. სანაკრები მწვრთნელს რამდენიმე დღეში ყველა საკითხის მოგვარება არ შეუძლია, ესეც უნდა ვიცოდეთ.

ევრო 2024 ის იყო, რაც ასე გვჭირდებოდა. ცუდი მაგალითები არ განიხილება, ამან მხოლოდ უკეთესი მომავალი უნდა მოგვცეს!..

altესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

altჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - როგორ მოვექცეთ ჟურნალისტებს?!

altსაქართველოს ნაკრები ახალი მიზნებით! ევროს შემდეგ პირველად - ჩეხეთთან "მიხეილ მესხზე"...

მკითხველის კომენტარები / 9 /
Დიდება ღმერთს, სიკეთე, კეთილდღეობა, სოხარული, ღვთისმშობლის მფარველობა საქართველოს
გ.შ.
15 ივლისი 2024 20:54
0
აი ასეთი საქართველო მიყვარს, ყველას მადლობა მეგობრებო, ყველას კომენტ. სიყვარულზე, ანალიზზე, პატივისცემაზეა დაფუძნებული და არა ნიშნის მოგებაზე დაფუძნებული, მჯერა აყვავდება საქართველო და კიდევ გაიხარებს, კიდევ უფრო გაერთიანდება და გამთლიანდება, წინ ოლიმპიადა გველოდება და მინიმუმ 4-5 ოქრო გვინდა, ლაშა, ლაშა, ტატო, სარდალა, ილია, ლაშა, სანდრო მჯერა ეს ბიჭები ოქრროზე გაიწევენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას და ააჟღერებენ ქართულ ჰიმნს, წარმატება ქართველებს და საქართველოს
ზაკო
15 ივლისი 2024 15:03
2
რა თქმა უნდა სასიამოვნოა ასეთი სტატიების კითხვა, ანალიზი, ჟურნალისტიკაც ხომ უკეთესის სურვილს ტოვებს. დიახ მეგობრებო, ბავშვთა სკოლებია მისახედი, ბევრი კარგი სკოლა, ბევრ ნიჭიერ სპორტმენს უდრის. ორი დღის წინ, დინამოს თამაშს ვუყურე, და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ბავშვები 15 16 18 20 წლის გულით თამაშობენ. განსაკუთრებით ხარებაშვილი მომეწონა, 15 წლის. მეტი დაწერეთ, მეტი ანალიზი, მეტი მსჯელობა და ჰაა
დიდება საქართველოს!
ლევანი
15 ივლისი 2024 14:00
1
სწორი კომენტარია არჩი-სს! ღვთისავარ, მართლა მშვენიერი სტატიაა, ნამდვილად გასაზიარებელი. მხოლოდ ერთს დავამატებ. გუნდის ერთიანობაზე! აპა დაფიქრდით. არანაკლები ფეხბურთელები გვყავდა: ქინქლაძე, არველაძეები, ქეცბაია, იაშვილი, დემეტრაძე, ჯამარაული, კობიაშვილი, ასათიანი, ცხადაძე, კალაძე, თუნდაც კუდინოვი... შედეგი კი ნოლი იყო. რატომ? იმიტომ, რომ არასოდეს არ იგრძნობოდა ერთიანობა, თავდადება, ბრძოლა მთელი სულით და გულით! ასეთი თამაში მხოლოდ 1 იყო. რუსეთთან მიხეილ მესხზე. და აი მთავარი, რისი თქმაც მინდოდა! სანიოლი! ბევრს წერენ, მისი დონე არ არის საკმარისიო, უფრო მაგარი მწვრთნელი გვინდაო! რა არის გასაკვირი, ქართული უმადურობა, ხომ ჩვენი სენია, განსაკუთრებით ბოლო წლებში. მაგრამ მე ამ მხრივ არ ვწერ. მთავარი: ვილიმ, და მხოლოდ ვილი სანიოლმა შეძლო, რომ გოჩოლეიშვილი, ზივზივაძე, ლორია და ყველა სხვა ფეხბურთელები ისევე ხარობდნენ წარმატებას, როგორც მოედანზე ნამყოფი ფეხბურთელები! არავითარი ბოღმა, არავითარი შური, მხოლოდ ერთიანი საერთო სიხარული და ბედნიერება. ის რაც გვაკლდა! ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა მას და მთელ სამწვრთნელო შტაბს, ნაკრების ყვლა თანამშრომელს დამლაგებელი თუ ექიმი იყო, ფედარაციის იმ წევრებს, ვინც პირდაპირ გუნდთან ურთიერთობდა.
და თუ მართლა შეცვლით სანიოლს, ეს მომენტი მუნდა რომ იყოს გათვალისწინებული!
წარმატებები ქართულ ფეხბურთს, ნაკრებს, წარმატებები ზოგადად ქართულ სპორტს! წარმატებები საქართველოს!
alexandre
15 ივლისი 2024 13:51
1
ერთა ლიგა რომ ყოფილიყო და უეფას გუნდები 16 დან 24 გაეზარდა..ზემოთ აღნიშნული თაობაც გაგვიყვანდა ევროზე.უბრალოდ ეიფორიაში ვართ თორე ისეთი არაფერი მომხდარა..ტრადიციულ ჯგუფში ისევ ბოლოსწინა ადგილზე გავედით..
დავითი
15 ივლისი 2024 21:17
1
18 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ათლეტური სპორცმენებია საჭირო
bd
15 ივლისი 2024 12:29
1
16 წლის ბიᲭი როგორ უნდა იყოს საქარᲗველოᲨი წარმატებული როცა 25 წლამდე Შვილებს ლამის კოვზიᲗ აᲭმევენ საᲭმელს!?)
გიუშა
15 ივლისი 2024 12:27
3
საქმის კეთება და ის ამბავი რო ტიტულებს იგებს გუნდი. მესი სულ მაგარი იყო და არის,თუმცა მას არ ყავდა შეკრული გუნდი. შეიკრა გუნდი და მოვიდა შედეგი,ასეა ესპანეთიც. ჩვენ სულ იმას გავყვირივათ რო კვარა ან ბუდუ,თუმცა ჩვენმა ნაკრებმაც დაამტკიცა რო გუნდურად ბრძოლა შეგვიძლია. გადახედეთ ესპანეთის შემადგენლობას,ეს შემადგენლობა განსხვავებულია 2008-12 წლების გუნდისგან,სადაც ბირთვს წარმოადგენდა ბარსა და რეალის ფეხბურთელები. დღეს,ეს ბირთვი არის ბასკური,ბილბაო და რეალ სოსეადადი არის ამ ნაკრების საბაზო გუნდები. რა თქმა უნდა სხვებიც არიან,თუმცა ორი გრანდიდან ბევრი არავინ. კარვახალი და ნაჩო რეალიდან,იამალი,ტორესი,პედრი და ფერმინი,რომელთაგან 2 არცკი უთამაშია. ახლა გადახედეთ გაბღენძილ ინგლისელებს,ზამენაზე ისეთი ხალხი ეჯდათ რო რავი რა.თუმცა ესპანეთი არის გუნდი და ინგლისი არა. ესპანეთში ყველა მნიშვნელოვანია,ინგლისისთვის არა და ეს სწორია? ტრენტს იმას უწუნებენ რო დაცვაში არ არის კარგი და უოლკერი ამიტომაც არის სასტარტოში,თუმცა ორივე გოლი მისი ზონიდან გავიდა. გუნდს ყავდეს ტრენტი და არ ათამაშებდეს,ეს არის დანაშაული და დაისაჯა კიდეც ინგლისი. და კიდევ,ჩვენი სტილი უნდა შევმუშაოთ და ბავშვთა ფეხბურთიდან ასე გავზარდოთ ხალხი,მერე ყველაფერი შეიძლება.თუმცა ჯერ ბავშვთა ფეხბურთი არის გადასარჩენი და ჯერ გადავარჩინოთ,მერე ვიფიქროთ სტილზე.
იასონას უდარი
15 ივლისი 2024 12:12
1
სასიამოვნო საკითხავია ამ ჟურნალისტის ნაწერი.
სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ცხოვრების დონის დაცემასთან ერთაიდ ბევრი მიმართულებით გაუარესდა სიტუაცია და მათ შორის ფეხბურთშიც და სპორტულ ჟურნალისტიკაშიც. ბოლო შვიდი-რვა წელია თანდათან უმჯობესდება სიტუაცია, სპორტშიც აღმავლობაა და იმედი მაქვს, ზოგადად ჟურნალისტიკის და მათ შორის სპორტულის დონეც ამაღლდება - დაიცლება თანდათან ქაჯობისგან, პროვინციალური სტილისგან და ჟურნალისტი არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული.
არჩი
15 ივლისი 2024 11:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული