პირველ ტურში "ბაიერნმა" დამაჯერებლად სძლია "ლევერკუზენს", თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდის თამაში, ჯერჯერობით, შორს არის იდეალურისგან და ეს ლოგიკურიცაა.
ამ ეტაპზე, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ "ლევერკუზენის" კარში 3-დან 2 გოლი დებიუტანტებმა - ნიკლას ზიულემ და კორენტენ ტოლისომ გაიტანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ "ვერდერთან" საგარეო მატჩის წინ ვარჯიშები განაახლეს მანუელ
მოელიან იმასაც, რომ ძირითადში შეიძლება დაბრუნდეს არიენ რობენი, ვის მაგივრადაც სათადარიგოთა სკამზე შეიძლება გადაინაცვლოს არტურო ვიდალმა.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი: "ვერდერი" თავის 1800-ე ბუნდესლიგურ და მე-900 საშინაო მატჩს ატარებს. ამას გარდა, "ბაიერნმა" ბრემენელებს ბოლო 15 ოფიციალური მატჩიდან 13 მოუგო ჩემპიონატში და 2 - გერმანიის თასზე, ხოლო საერთო ჯამში, "ვერდერთან" ბოლო 20 შეხვედრიდან ერთიც არ წაუგია. რობერტ ლევანდოვსკიმ იმავე "ვერდერის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
"დორტმუნდი", რომელმაც პირველ ტურში შთამბეჭდავი საგარეო თამაში მოუგო (3:0) "ვოლფსბურგს", ახლა მასპინძლობს "ჰერტას", რომელიც "სიგნალ იდუნა პარკზე" 2015 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია, გასულ სეზონში კი ბერლინელებს 6 შესაძლებლიდან მხოლოდ 1 ქულა დაათმობინა.
პეტერ ბოსს კვლავაც ბევრი საფიქრალი აქვს საკადრო პრობლემებზე. მარკო როისი და ანდრე შიურლე კვლავ ტრავმირებულები არიან; საკითხავია, შეძლებს თუ არა თამაშს მარსელ შმელცერი, ხოლო იულიან ვაიგლმა სულ რაღაც ორი დღეა, რაც ვარჯიში განაახლა.
"ჰოფენჰაიმმა" ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ახლა უფრო მეტად კონცენტრირებული იქნება შინაურ ასპარეზზე. შარშან "ჰოფემ" ლევერკუზენში 3:0 მოიგო, თუმცა სეზონის წინ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგა და შაბათს ანალოგიურის გამეორება ძალიან გაუჭირდება.
"ფარმაცევტებს" არ ეყოლებათ ნახევარმცველი სვენ ბენდერი და ახალგაზრდა ხორვატი მცველი ტინ იედვაი, ხოლო კაი ჰავერტცისა და შტეფან კისლინგის თამაში საეჭვოა.
საინტერესო ფაქტები - "ლევერკუზენს" 23 წელია ბუნდესლიგის სტარტზე ზედიზედ 2 მატჩი არ წაუგია. თავის მხრივ, "ჰოფენჰაიმს" უკვე 7 წელია, არ მოუგია მიჯრით 2 სასტარტო შეხვედრა. საყურადღებოა ისიც, რომ "ლევერკუზენს" არ გაუმარჯვია ზედიზედ 6 საშინაო მატჩში (4 ფრე, 2 წაგება).
"ლაიპციგს", რომელიც წინა სეზონის "აღმოჩენად" მოინათლა, საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო კამპანია ჰქონდა, თუმცა "შალკესთან" პირველ ტურში წაგებულმა (0:2) მატჩმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ რალფ ჰაზენჰუტლის გუნდის ახალწვეულებს, ჯერჯერობით, შეთამაშების პრობლემა აქვთ. კვირას კი "წითელი ხარები" მასპინძლობენ "ფრაიბურგს", რომელსაც წინა სეზონში ორივე მატჩი მოუგეს, თან როგორ - 4:1 სტუმრად, 4:0 შინ.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამ სეზონში "შალკეს" ოთხეულში მოხვედრაზე ექნება პრეტენზია. ეს ვარაუდი პირველ ტურში "ლაიპციგთან" დამაჯერებლად მოგებულმა (2:0) მატჩმაც გაამყარა. მეორე ტურში "მაღაროელები" ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "ჰანოვერს" ესტუმრებიან და ეცდებიან, გაცემული ავანსები გაამართლონ, ოღონდ უნდა გაითვალისწინონ, რომ საკვირაო ოპონენტმა ბუნდესლიგის მონატრებული სტარტი "მაინცთან" საგარეო გამარჯვებით (1:0) აღნიშნა.
გერმანია
ბუნდესლიგა. II ტური
პარასკევი. 25 აგვისტო
კიოლნი-ჰამბურგი 22:30
შაბათი. 26 აგვისტო
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 17:30
აინტრახტი-ვოლფსბურგი 17:30
აუგსბურგი-გლადბახი 17:30
ვერდერი-ბაიერნი 17:30
შტუტგარტი-მაინცი 17:30
დორტმუნდი-ჰერტა 20:30
კვირა. 27 აგვისტო
ლაიპციგი-ფრაიბურგი 17:30
ჰანოვერი-შალკე 20:00
ბომბარდირი: 2 - მეტიუ ლეკი (ჰერტა)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"