ბუნდესლიგა. VII ტური: ვინ დაეწევა "დორტმუნდს"? [VIDEO]

AutoSharing Option
მეშვიდე ტურში "დორტმუნდისთვის" იდეალურად განვითარდა მოვლენები - პეტერ ბოშის გუნდმა ჩემპიონატში მეექვსე მატჩი მოიგო, ხოლო ყველა კონკურენტმა ქულები დაკარგა და ახლა სხვაობა მეორეადგილოსანთან ხუთ ქულას შეადგენს.

"დორტმუნდს" რთული გასვლა ჰქონდა "აუგსბურგთან", რომელიც მეხუთე ადგილზე იყო ცხრილში. სტუმრებმა ტრადიციას არ უღალატეს - ლამაზად ითამაშეს და ეფექტური გოლებიც გაიტანეს. პირველი გოლის დროს იარმოლენკო ზურგით აღმოჩნდა კართან და მცველი უშლიდა ხელს, მაგრამ არ დაიბნა და ქუსლით გაიტანა. 1:1-ზე კი კაგავამ ლამაზად გადაუგდო მეკარეს თავზე ბურთი და ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო იაპონელი ბომბარდირი გახდა.

ამასთან, დორტმუნდელთა დაცვა ისევ სუსტად გამოიყურებოდა - "აუგსბურგის" საგოლე შეტევისას, სტუმრების მცველები ვერ გაერკვნენ საჯარიმოში ბანალური ჩაწოდების დროს და შეცდომა დაუშვეს. მეორე ტაიმში კი "დორტმუნდი" მეკარე ბიურკის დაუჯერებელმა რეაქციამ გადაარჩინა.

თამაში გაამხიარულა ვიდეოარბიტრების ჩარევამ, რომლებმაც მთავარ მსაჯს უკარნახეს, რომ "დორტმუნდს" პენალტი უნდა დაერტყა იმ ეპიზოდში, როცა სტუმრები კუთხურს ასრულებდნენ. ობამეიანგმა გადაწყვიტა, "პანენკა" დაერტყა და არ გაუმართლა, რადგან მეკარე ჰიტცი არ გადახტა და ბურთი დაიჭირა. ამას არ უმოქმედია საბოლოო შედეგზე და "დორტმუნდმა" საკლუბო რეკორდი დაამყარა - 19 ქულა შვიდი ტურის შემდეგ და ბურთების სხვაობა - +19.

"დორტმუნდის" უახლოესი მდევარი გახდა "ბაიერნი", თუმცა მეორე ადგილზე გადასვლა ნაკლები შვება უნდა იყოს გერმანიის ჩემპიონისთვის, რომელსაც სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს ყველა ტურნირზე.

კარლო ანჩელოტის გაგდების შემდეგ, "ბაიერნი" "ჰერტასთან" გასვლით მატჩში მოედანზე ვილი სანიოლმა გაიყვანა. ფრანგმა გარკვეული გადაადგილებები მოახდინა: დაცვის ცენტრში ბოატენგისა და ჰუმელსის დუელი დააყენა, ხავი მარტინესი საყრდენის პოზიციაზე გადაიყვანა, ფლანგებზე ვეტერანებს - რობენსა და რიბერის ენდო...

49-ე წუთისთვის "ბაიერნი" კომფორტულად იგებდა, მაგრამ დაემართა ის, რაც წინა ტურში "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ - ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრე 2:0-ის შემდეგ. მიუნხენელების პრობლემებს ისიც დაემატა, რომ სერიოზული ტრავმა მიიღო ფრანკ რიბერიმ, რომელმაც მინდორი აცრემლებულმა დატოვა, სტადიონიდან კი ყავარჯნებით გავიდა.

შეიძლება ითქვას, რომ "ბაიერნს" დროზე მოუსწრო სანაკრებო ორკვირიანმა პაუზამ. გუნდს სასწრაფოდ ესაჭიროება ახალი მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთელები უნდა გამოაფხიზლოს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფაქტები
  • "ლევერკუზენმა" პირველად ვერ მოიგო გელზენკირხენში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
  • ამ სეზონში "ლევერკუზენის" შემადგენლობაში ცხრა სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს გოლი გატანილი.
  • "გლადბახმა" ზედიზედ მეექვსედ მოუგო შინ "ჰანოვერს".
  • ანდრე ბრაიტენრაიტერმა პირველი მატჩი წააგო "ჰანოვერის" მთავარი მწვრთნელის რანგში მარტის შემდეგ, როცა ამ თანამდებობაზე დაინიშნა.
  • "გლადბახისა" და "ჰანოვერის" ზედიზედ 19 მატჩი არ დასრულებულა ფრედ.
  • ვოლფსბურგელმა გილავოგიმ 2016 წლის აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა.
  • "ვოლფსბურგს" ზედიზედ ექვსი მატჩია, შინ არ მოუგია, "მაინცს" კი სტუმრად არ აქვს მოგებული ზედიზედ ცხრა მატჩი.
  • იარმოლენკომ ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
  • შინჯი კაგავამ ბუნდესლიგაში 38-ე გოლი გაიტანა და გაუსწრო თანამემამულე შინჯი ოკაზაკის, რითაც გერმანიის ჩემპიონატში ყველა დროის შედეგიანი იაპონელი გახდა.
  • "ჰამბურგმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
  • "ვერდერს" ამ სეზონში არც ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი არ გაუტანია.
  • "ჰამბურგი" 5 მატჩია ვერ ახერხებს ბუნდესლიგაში გოლის გატანას.
  • "ვერდერს" გერმანიის ჩემპიონატში 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • "ჰამბურგის" ფორვარდმა ფიტე არპმა "ვერდერის" წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა. 17 წლის ფეხბურთელი 2000-იანებში დაბადებული პირველი მოთამაშეა ბუნდესლიგის ისტორიაში. არპი 2000 წლის 6 იანვარს არის დაბადებული.
  • ხავი მარტინესმა 150-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა "ბაიერნის" შემადგენლობაში.

შალკე-ლევერკუზენი 1:1
გოლები
: 1:0 გორეტცკა (34), 1:1 ბეილი (61)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, გორეტცკა, მაკეენი (90. მ. მაიერი), ოშჩიპკა - კონოპლიანკა (82. დი სანტო), ემბოლო (54. ბურგშტალერი), ჰარიტი.
ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი, ს. ბენდერი, ტა - ბელარაბი (46. ბეილი), არანგისი (46. ჰავერცი), ლ. ბენდერი, ვენდელი - ბრანდტი (81. კორი) - ფოლანდი, ალარიო.

გლადბახი-ჰანოვერი 2:1
გოლები
: 1:0 გინტერი (67), 1:1 ჰარნიკი (71), 2:1 ტ. აზარი (94-პენ)

ვოლფსბურგი-მაინცი 1:1
გოლები
: 1:0 გილავოგი (55), 1:1 მუტო (74)
გაძევება: ნტეპი (90+2. ვოლფსბურგი)

აუგსბურგი-დორტმუნდი 1:2
გოლები
: 0:1 იარმოლენკო (4), 1:1 კაიუბი (11), 1:2 კაგავა (23)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, ტოლიანი - დაუდი (57. გონსალო კასტრო), ვაიგლი, კაგავა (81. თოფრაქი) - იარმოლენკო (63. ფილიპი), ობამეიანგი, პულიშიჩი.
გამოუყენებელი პენალტი: ობამეიანგი (79. დორტმუნდი)

აინტრახტი-შტუტგარტი 2:1
გოლები
: 1:0 რებიჩი (42), 1:1 ტეროდე (61), 2:1 ჰალერი (90+4)
გაძევება: ფალეტა (64)

ჰამბურგი-ვერდერი 0:0

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 3:2
გოლები: 0:1 ჰაკი (14), 1:1 ნიდერლეხნერი (15), 2:1 სოიუნჩუ (18), 3:1 შტენცელი (87), 3:2 შუსტერი (90+2საკ. კარში)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადერჟაბეკი, ნორდტვეიტი, ბ. ჰიუბნერი, ცუბერი (65. ნ. შულცი) - ფოგტი - გაიგერი, რუპი (46. გრილიჩი) - კრამარიჩი, ჰაკი (42. ოხსი) - ვაგნერი.

ჰერტა-ბაიერნი 2:2
გოლები
: 0:1 ჰუმელსი (10), 0:2 ლევანდოვსკი (49), 1:2 დუდა (51), 2:2 კალუ (56)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი (79. ზიულე), ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი, ტოლისო - რობენი (59. ტიაგო ალკანტარა), მიულერი, რიბერი (62. კომანი) - ლევანდოვსკი.

კიოლნი-ლაიპციგი 1:2
გოლები
: 0:1 კლოსტერმანი (30), 0:2 პოულსენი (80), 1:2 ოსაკო (82)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე (46. კამპლი), უპამეკანო, ჰალშტენბერგი - დემე (46. ლაიმერი), ისლანკერი - ბრუმა (90. ბერნარდო), ფორსბერგი - პოულსენი, ზაბიტცერი.

ბომბარდირები: 8 - ობამეიანგი (დორტმუნდი), ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - ვერნერი (ლაიპციგი), ჰარნიკი (ჰანოვერი); 4 - ფილიპი (დორტმუნდი), ვოლანდი (ლევერკუზენი), ფინბოგასონი (აუგსბურგი), ლეკი (ჰერტა), უტი (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური
13 ოქტომბერი: შტუტგარტი-კიოლნი
14 ოქტომბერი: ბაიერნი-ფრაიბურგი, ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი, ჰერტა-შალკე, მაინცი-ჰამბურგი, ჰანოვერი-აინტრახტი, დორტმუნდი-ლაიპციგი
15 ოქტომბერი: ლევერკუზენი-ვოლფსბურგი, ვერდერი-გლადბახი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული