ბუნდესლიგა. X ტური: მთავარი მატჩი მიუნხენშია

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი მატჩი მიუნხენშია, სადაც "რეკორდმაისტერი" "ლაიპციგს" დაუხვდება. ტრადიცია სიახლის წინააღმდეგ - ასე შეგვიძლია დავარქვათ ამ შეხვედრას. "ბაიერნზე" რა ვთქვათ და "ლაიპციგი" მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს ბუნდესლიგაში. ვფიქრობთ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

სხვათა შორის, ოთხშაბათს ეს გუნდები გერმანიის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. ძირითადი და დამატებითი დროის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ მიუნხენურმა გრანდმა პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვა და 1/8-ფინალში გავიდა.

შაბათს კი "ბაიერნი" და "ლაიპციგი" "ალიანც არენაზე" გაარკვევენ ურთიერთობას. იუპ ჰაინკესის გუნდი სერიოზული დანაკლისით ეგებება ამ შეხვედრას. მინდორზე ვერ გავლენ მანუელ
ნოიერი, თომას მიულერი და ფრანკ რიბერი. ორი კაპიტნის არყოფნაში გუნდს მინდორზე ჰოლანდიელი ვეტერანი არიენ რობენი გაუძღვება. რაც შეეხება მატს ჰუმელსს, ყველასთვის გასაკვირად, მან გამოჯანმრთელება მოასწრო.

კვლავ გადატვირთულია ბუნდესლიგის ლიდერის, "დორტმუნდის" ლაზარეთი. "ჰანოვერთან" შეხვედრაში გუნდის შემტევი პოტენციალი უდავოდ მოიკლებს, რადგან ვერ ითამაშებს ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ამის მიუხედავად, "დორტმუნდი" მაინც ფავორიტია და 3 ქულისთვის თავს გადადებს, რადგან ფაქტია - ჰაინკესის მისვლის შემდეგ "ბაიერნმა" ტემპი აკრიფა და ქულების განიავებას აღარ აპირებს.

"ჰოფენჰაიმი", რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს, "გლადბახს" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდება. ერთადერთი დანაკლისი ბიჩაკჩიჩია. "ჰოფე" წყვილის ფავორიტად უნდა ჩაითვალოს, რადგან მეტოქეს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება.

ყურადღებას იქცევს "შალკესა" და "ვოლფსბურგის" შეხვედრა. მასპინძლები კარგ ფორმაში შევიდნენ, მაგრამ მათ დააკლდებათ უდავო ლიდერი ლეონ გორეტცკა, ვისაც კუნთების პრობლემა აქვს. "ვოლფსბურგი" განსაკუთრებულ დანაკლისს არ უჩივის.

წლევანდელი ბუნდესლიგა იმითიცაა გამორჩეული, რომ ორი ძალიან ტრადიციული კლუბი, "ვერდერი" და "კიოლნი" ჯერჯერობით მოუგებლები არიან. ნავსიანი სერიის შეწყვეტის უკეთესი შანსი ბრემენელებს აქვთ - ისინი შინ ეთამაშებიან "აუგსბურგს". რაც შეეხება "კიოლნს", "თხები" გასვლაზე მოსინჯავენ ძალას "ლევერკუზენთან" და, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეთ, რადგან გუნდი ცუდ ფორმაშია და რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც აკლიათ.

ფაქტები
  • "აინტრახტს" ბოლო 4 მატჩია, არ წაუგია.
  • ჯერჯერობით, გამარჯვებების გარეშე არიან "კიოლნი" და "ვერდერი".
  • "შალკემ" ზედიზედ 3 ურთიერთშეხვედრა მოუგო "ვოლფსბურგს".
  • "ლაიპციგი" და "ბაიერნი" ბუნდესლიგაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი "რეკორდმაისტერმა" მოიგო.
  • ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირებაა, "ფრაიბურგი" ვერ ახერხებს "შტუტგარტის" დამარცხებას.
ბუნდესლიგა. X ტური
პარასკევი, 27 ოქტომბერი
მაინცი-აინტრახტი 22:30

შაბათი, 28 ოქტომბერი
ჰოფენჰაიმი-გლადბახი 17:30
ჰერტა-ჰამბურგი 17:30
შალკე-ვოლფსბურგი 17:30
ლევერკუზენი-კიოლნი 17:30
ჰანოვერი-დორტმუნდი 17:30
ბაიერნი-ლაიპციგი 20:30

კვირა, 29 ოქტომბერი
ვერდერი-აუგსბურგი 18:30
შტუტგარტი-ფრაიბურგი 21:00

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული