ბუნდესლიგა. XIII ტური: რურის დერბი წლის მატჩად იქცა [VIDEO]

AutoSharing Option
არც ისე ხშირად ხდება, როცა რურის დერბიში ფავორიტად "ბორუსია" არ მიიჩნევა, მით უმეტეს, თუ მატჩი დორტმუნდში ტარდება, მაგრამ ამჯერად, იმის გათვალისწინებით, რომ დორტმუნდელებს ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდათ აღებული, "შალკემ" კი მესამე ადგილამდე შეძლო ასვლა, "დორტმუნდის" შანსების შეფასებისას პესიმიზმი უფრო ჭარბობდა...

და მატჩის დასაწყისმაც თითქოს დაადასტურა წინასამატჩო ვარაუდი - კონოპლიანკას 32-ე წამზე შეეძლო დაეწინაურებინა "შალკე", მაგრამ ორი სანტიმეტრი არ ეყო ამისთვის. ამის შემდეგ კი იყო "დორტმუნდის" აფეთქება. პეტერ ბოშმა სიურპრიზი შესთავაზა "შალკეს", როცა თავისი საყვარელი 4-3-3-ის ნაცვლად, სამი
ცენტრალური მცველით დაიწყო თამაში.

რთული სათქმელია, ეს იყო თუ არა სტუმართა დაბნეულობის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ "ბორუსიამ" 13 წუთში ჩაატია 4 გოლი! ჯერ შაჰინს არ გამოუვიდა დარტყმა, რომელიც საგოლე პასად იქცა და ობამეიანგმა გახსნა ანგარიში. ამას მოჰყვა სტამბულის ავტოგოლი, გიოტცეს პირველი გოლი 344-დღიანი პაუზის შემდეგ და ვარდნაში ეფექტური დარტყმა რაფაელ გერეიროს შესრულებით - 4:0 25-ე წუთზე!

გოლები შესანიშნავი კომბინაციების შემდეგ გადიოდა და "დორტმუნდი" იმ თამაშს უჩვენებდა, რომლითაც სეზონის სტარტზე ყველას სიამოვნებას ანიჭებდა. ეს 13-წუთიანი აფეთქება შეიძლებოდა გამხდარიყო გარდამტეხი მომენტი კრიზისში მყოფი გუნდისთვის.

პირველ 45 წუთში დარტყმების შეფარდება იყო - 9:1 (ზუსტი დარტყმები - 5:0). მეორე ნახევარში ანალოგიური სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა - 11:2 (1:7), ოღონდ "შალკეს" სასარგებლოდ.

სტუმრების დამრიგებელმა დომენიკო ტედესკომ შესვენებაზე ორი ცვლილება განახორციელა და "შალკე" მეტოქეს გამოედევნა. მე-60 წუთამდე "დორტმუნდი" ინარჩუნებდა პირველი ტაიმის ანგარიშს, მაგრამ თამაშს ინტრიგა ოთხ წუთში დაუბრუნდა, როცა დროის ამ ინტერვალში ბურგშტალერმა და ჰარიტმა ორი გოლი გაიტანეს - 4:2. იქვე ნალდომ მესამეც შეაგდო, მაგრამ ვიდეორეფერიმ ბრაზილიელს ოფსაიდი დაუფიქსირა. ამას ისიც დაემატა, რომ 72-ე წუთზე ობამეიანგმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "დორტმუნდი" 10 კაცით დარჩა მოედანზე.

"შალკეს" ძალიან მალე შეეძლო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება, მაგრამ ძელს გაარტყა ბურთი. "დორტმუნდი", უბრალოდ, იგერიებდა მეტოქის შეტევებს და კონტრთამაშზე არც ფიქრობდა. 86-ე წუთზე დანიელ კალიჯურიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო, როცა თამაშის დასრულებას წამები აკლდა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე, ნალდომ ჩვეულ სტილში მოიგო საჰაერო დუელი - 4:4. ეს იყო მატჩი ისტორიისთვის, რომლის შესახებაც "შალკეს" გულშემატკივრები შვილიშვილებს მოუყვებიან, ხოლო დორტმუნდელები გაიხსენებენ, როგორც კოშმარს!


იუპ ჰაინკესის ყოველი ვიზიტი მიონხენგლადბახში - მოვლენაა. "ბორუსიასთვის" ის ლეგენდაა: გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი და 195 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.

მატჩი "გლადბახისთვის" უსიამოვნოდ დაიწყო - თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს კრამერი. თუმცა, მასპინძლებზე ამ მომენტს არ უმოქმედია და რაფაელმა ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, რის შემდეგაც აზარმა ზიულეს საჯარიმოში ხელით თამაში აიძულა და პენალტი თავად შეასრულა - 1:0. ლევანდოვსკიმ პასუხად ქუსლით ძელს გაარტყა ბურთი, მომდევნო შეტევაში კი, შტინდლმა ეფექტური დრიბლინგის შემდეგ ცარიელ კართან დატოვა გინტერი, რომელიც 150-ე მატჩს ატარებდა ბუნდესლიგაში.

0:2 "ბაიერნისთვის" პრობლემა არ არის ხოლმე, მაგრამ იმ დღეს სასწაულების ლიმიტი დორტმუნდში ამოიწურა და ჰაინკესმა ზედიზედ ცხრა ოფიციალური მატჩის მოგების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია. მეორე ტაიმში მასპინძლებს შეტევაზე არც უფიქრიათ. ბურთის ფლობა: 24-76%, დარტყმების შეფარდება: 1-13 (ზუსტი დარტყმები: 0-5) - ასეთი უპირატესობა ჰქონდა "ბაიერნს" მეორე ნახევარში, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო. 74-ე წუთზე არტურო ვიდალის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მეორე ტაიმში და "ბაიერნმა" 1:2 წააგო. "გლადბახმა" ყველაზე კარგად გაიარა ბოლო ოთხი ტურის დისტანცია, დააგროვა 10 ქულა და მესამეადგილოსან "შალკეს" გაუთანაბრდა.


მეორე ადგილზე კი ისევ "ლაიპციგია", რომლის მოგება "ვერდერთან" რთული პროგნოზირებადი არ იყო თუნდაც იმიტომ, რომ გუნდის ფორვარდ ტიმო ვერნერს ერთით ნაკლები გოლი ჰქონდა გატანილი, ვიდრე მთლიანად ბრემენულ კლუბს. მართალია, ვერნერი ვერ გაუთანაბრდა მეტოქე გუნდს, სამაგიეროდ, კეიტამ და ბერნარდომ მოუტანეს "ლაიპციგს" დაგეგმილი სამი ქულა.

ფაქტები
  • "შტუტგარტი" სეზონში პირველად ლიდერობდა გასვლით შეხვედრაში.
  • "ჰანოვერმა" თავისი 16 გოლიდან 13 მეორე ტაიმებში გაიტანა.
  • "შტუტგარტს" 16-დან 11 გოლი მეორე ტაიმებში აქვს გაშვებული.
  • "შტუტგარტის" ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი 24.7 წელი იყო - ყველაზე ახალგაზრდა კლუბის ისტორიაში.
  • "ლაიპციგს" შვიდიდან შვიდი მატჩი აქვს მოგებული ბუნდესლიგაში, როცა ნაბი კეიტა გოლს იტანდა.
  • "მაინცს" 12 მატჩია სტუმრად არ მოუგია.
  • "შალკე" პირველი გუნდია "ბაიერნის" შემდეგ, რომელმაც 0:4-დან თამაშის გადარჩენა შეძლო. 1976 წელს "რეკორდმაისტერმა" "ბოხუმს" მოუგო 6:5.
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეწყვიტა ბუნდესლიგაში 307-წუთიანი უგოლო სერია.
  • ობამეიანგს 96 გოლი დაუგროვდა ბუნდესლიგაში და გაუთანაბრდა გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ აფრიკელს, ტონი იებოას.
  • ლეონ გორეტცკამ მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
  • "ლევერკუზენმა" შეწყვიტა "აინტრახტის" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია და რვა მატჩია არ მარცხდება ბუნდესლიგაში.
  • "აინტრახტი" და "ლევერკუზენი" 65-ედ შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის მატჩი არასოდეს დასრულებულა 0:0. ამ მატჩებში ჯამში 199 გოლი გავიდა.
  • "ლევერკუზენს" მინიმუმ ერთი გოლი გააქვს ბუნდესლიგის ბოლო 18 მატჩში. ეს ყველაზე გრძელი მიმდინარე სერიაა გერმანიაში.
  • კევინ ფოლანდს რვა გოლი დაუგროვდა მიმდინარე სეზონში - იმაზე მეტი, ვიდრე მთლიანად 2016-17 წლების სეზონში ჰქონდა.
  • "ბაიერნს" მიონხენგლადბახში ჩატარებულ ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ექვსი მოგება (5 ფრე, 5 წაგება) აქვს.
  • რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ "გლადბახისთვის" არასოდეს გაუტანია.
  • ტორგან აზარს ამ სეზონში ოთხიდან ოთხი პენალტი აქვს გატანილი.
  • "აუგსბურგმა" სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო საკუთარ მოედანზე და შეწყვიტა "ვოლფსბურგის" რვამატჩიანი წაუგებელი სერია.
  • "ჰოფენჰაიმმა" მხოლოდ მეორე მატჩი წააგო გასვლაზე.
  • კევინ აკპოგუმამ ბუნდესლიგის ისტორიაში მე-1000 ავტოგოლი გაიტანა.
  • "კიოლნში" ითამაშა 16 წლის იან ბისეკმა, რომელიც ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ბუნდესლიგა. XIII ტური:
ჰანოვერი-შტუტგარტი 1:1
გოლები: 0:1 ასანო (24), 1:1 ფიულკრუგი (76-პენ)

დორტმუნდი-შალკე 4:4
გოლები: 1:0 ობამეიანგი (12), 2:0 სტამბული (18-საკ. კარში), 3:0 გიოტცე (20), 4:0 რაფაელ გერეირო (25), 4:1 ბურგშტალერი (61), 4:2 ჰარიტი (65), 4:3 კალიჯური (85), 4:4 ნალდო (90+3)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი - პაპასტატოპულოსი, თოფრაქი, შმელცერი - ვაიგლი, შაჰინი, რაფაელ გერეირო (46. ზაგადუ) - იარმოლენკო (69. ბარტრა), გიოტცე (77. გონსალო კასტრო), პულიშიჩი - ობამეიანგი.
შალკე: ფერმანი - კერერი (46. ნასტასიჩი), სტამბული, ნალდო, ოშჩიპკა - კალიჯური, მაკკენი (34. გორეტცკა), მ. მაიერი, კონოპლიანკა - დი სანტო (34. ჰარიტი), ბურგშტალერი.
გაძევება: ობამეიანგი (72. დორტმუნდი)

ლაიპციგი-ვერდერი 2:0

გოლები: 1:0 კეიტა (34), 2:0 ბერნარდო (87)
ლაიპციგი: გულაში - კროსტერმანი, ორბანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი (46. ბერნარდო) - კამპლი, დემე, კეიტა, ფორსბერგი (80. ლემერი) - პოულსენი, ვერნერი (75. ოგუსტენი).

ფრაიბურგი-მაინცი 2:1

გოლები: 1:0 პეტერსენი (51), 2:0 კატი (90), 2:1 ბერგრეენი (90+3)

აინტრახტი-ლევერკუზენი 0:1
გოლი:
0:1 ფოლანდი (76)
ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი, ლ. ბენდერი, ტა - ჰაფერცი, არანგისი, კორი, ბრანდტი (85. რამალიო), მეჰმედი - ფოლანდი (90. კისლინგი), ალარიო (67. ბელარაბი).

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 2:1

გოლები: 0:1 დიდავი (40), 1:1 გრეგორიტში (51), 2:1 ფინბოგასონი (78)
გაძევება: არნოლდი (11. ვოლფსბურგი)

გლადბახი-ბაიერნი 2:1

გოლები: 1:0 ტ. აზარი (39-პენ), 2:0 გინტერი (44), 2:1 ვიდალი (74)
გლადბახი: ზომერი - ელვედი, გინტერი, ვესტერგაარდი, ვენდტი - ტ. აზარი, კრამერი (11. იანტჩკე/46. ჯონსონი), ზაკარია, ჰერმანი - შტინდლი, რაფაელი (90+1. დრმიჩი).
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ხუან ბერნატი (46. კომანი) - ხავი მარტინესი, რუდი (68. ვრიდტი) - ტოლისო, ვიდალი, ხამეს როდრიგესი (46. ფრიდლი) - ლევანდოვსკი.

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 3:0
გოლები: 1:0 აკპოგუმა (6-საკ. კარში), 2:0 კოსტიჩი (75), 3:0 იუნგი (88)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - აკპოგუმა, პოში, ფოგტი - ცუბერი (64. კრამარიჩი), ნ. შულცი - გრილიტში - დემირბაი (63. შალაი), გნაბრი (57. ამირი) - უტი, ვაგნერი.

კიოლნი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (17), 0:2 იბიშევიჩი (64-პენ)

ბომბარდირები: 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 8 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 7 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 6 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), მიხაელ გრეგორიტში (აუგსბურგი).

მომდევნო ტური
1-ლი დეკემბერი: ფრაიბურგი-ჰამბურგი.
2 დეკემბერი: ბაიერნი-ჰანოვერი, ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი, ვერდერი-შტუტგარტი, ლევერკუზენი-დორტმუნდი, მაინცი-აუგსბურგი, გალკე-კიოლნი.
3 დეკემბერი: ჰერტა-აინტრახტი, ვოლფსბურგი-გლადბახი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული