ბუნდესლიგა. XV ტური: "ბაიერნი" ნახევარჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
მე-15 ტური აუცილებლად შეუწყობს ხელს იუპ ჰაინკესის გუნდის მორიგ ჩემპიონობას: ჯერ ერთი, მიუნხენის "ბაიერნმა" გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევრებთან და რაც მთავარია, პირველი წრის ჩემპიონი გახდა. როცა სეზონის პირველ ნახევარში ასეთი რამ ხდება, "რეკორდმაისტერი" 86 პროცენტის შემთხვევაში გერმანიის ჩემპიონის ტიტულს იღებს...

* * *

"აინტრახტთან" მატჩს "ბაიერნი" უცნაურად იწყებდა: ლევანდოვსკი რატომღაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა, კარში ვეტერანი შტარკე იდგა (ულრაიხი მოთელვისას დაშავდა), რომელმაც კარიერა ნოიერის ტრავმის გამო განაახლა. გარდა ამისა, "ბაიერნის" რიგებში 365-ე მატჩს ატარებდა რიბერი - ის ამ მაჩვენებლით კლუბის ამჟამინდელ
სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს გაუთანაბრდა.

მიუნხენელთა რიგებში ორი იუბილარიც იყო - მე-300 მატჩს თამაშობდა ბუნდესლიგაში რაფინია, მეასეს - კიმიხი. სწორედ ამ უკანასკნელმა სეზონში მეათე საგოლე პასი შეასრულა და ვიდალმა ზედიზედ მეოთხე ტურში გაიტანა. ამის შემდეგ "ბაიერნი" ეკონომრეჟიმში თამაშზე გადავიდა, რადგან "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩმა გუნდს ბევრი ძალა წაართვა.

"აინტრახტმა" ბევრი ვერაფერი შეძლო და 0:1 წააგო. "ბაიერნმა" კი 23-ედ მოიგო პირველი წრე და ასეთ დროს, წინა 22 შემთხვევაში მხოლოდ სამჯერ ვერ შეძლო ჩემპიონატის მოგება.

გაგრძელდა "დორტმუნდის" ვარდნა. წინა ტურში "ლევერკუზენთან" წაგების შემდეგ პეტერ ბოშის შეგირდებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ, მაგრამ შეკვეთით მოგება არ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ "ბორუსია" შინ ეთამაშებოდა აუტსაიდერ "ვერდერს", რომელიც ეგერშტაინის ძალიან ლამაზი დარტყმით დაწინაურდა.

"დორტმუნდს" ობამეიანგის გოლმაც ვერ უშველა. გაბონელისთვის ნაკლები შვება იქნებოდა ის, რომ ამ გოლის შემდეგ ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი აფრიკელი გახდა. მასპინძლებმა არათუ ვერ განავრცეს ეს წარმატება, არამედ ძალიან მალე კუთხურის გათამაშების შემდეგ გაუშვეს. "დორტმუნდი" 30 სექტემბრიდან ვერ იგებს ბუნდესლიგაში და ამ სერიამ რვა მატჩს მიაღწია. ბუნებრივია, ამის შემდეგ პეტერ ბოშის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენება ლოგიკური ნაბიჯი იყო.

"დორტმუნდი" 13 ქულით ჩამორჩა "ბაიერნს" და, რა თქმა უნდა, აღარ მიიჩნევა ლიდერის კონკურენტად. ამგვარი სტატუსის მინიჭება "ლაიპციგისთვის" შეიძლება, თუმცა ისიც უკვე ძალიან ბევრს აგებს რეკორდმაისტერთან. ვიცე-ჩემპიონისთვის ძალიან დასანანი იყო ქულების დაკარგვა შინ "მაინცთან", რადგან ორჯერ იგებდა და უპირატესობასაც ფლობდა. არადა, ვერ ვიტყვით, რომ "ლაიპციგს" ცუდი სამსახური გაუწია ორ ფრონტზე თამაშმა - ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ მან ოთხჯერ მოიგო და ორჯერ ფრედ ითამაშა.

"ბაიერნისთვის" ასევე სასურველი შედეგით დასრულდა შაბათის სათამაშო დღის ბოლო მატჩი. მოგების შემთხვევაში, "შალკეს" შეეძლო ერთპიროვნული მეორეადგილოსანი გამხდარიყო, მაგრამ ვერ მოახერხა სტუმრად "გლადბახის" დამარცხება.

ეს აღმოჩნდა ყველაზე სანახაობრივი მატჩი ტურში. ჯერ "შალკეს" შეეძლო დაწინაურება, მაგრამ გინტერმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, შემდეგ კი მასპინძლები დააწინაურა კრამერმა, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მატჩის ყველაზე უიღბლო მოთამაშე კი შტინდლი აღმოჩნდა, რომელსაც ჯერ ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაუთვალეს, შემდეგ კი მის მიერ მოპოვებული პენალტი გააუქმა ვიდეოგამეორების სისტემამ - შტინდლი მართლაც წააქციეს საჯარიმოში, მაგრამ მანამდე მის თანაგუნდელს თამაშის წესი დაურღვევია.

ამდენი უიღბლობის შემდეგ მასპინძლებისთვის მართლაც დასანანი იყო ვესტერგაარდის ავტოგოლი 62-ე წუთზე. დარჩენილ დროში კი გამარჯვებასთან უფრო ახლოს "შალკე" იყო - მის საუკეთესო ბომბარდირ ბურგშტალერს "მკვდარი" ბურთი აუღო ზომერმა. ეს ფრე "ლაიპციგსაც" აწყობდა, თუმცა "შალკე" მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება, "გლადბახმა" კი ისევ მეხუთე ადგილამდე ჩამოაქვეითა "ლევერკუზენი".

ფაქტები
  • შეწყდა საკუთარ მოედანზე "შტუტგარტის" ექვსმატჩიანი (+5 =1) წაუგებელი სერია.
  • "ლევერკუზენი" 10 მატჩია (+5 =5) არ მარცხდება ბუნდესლიგაში. ასეთი სერია გუნდს ორწელიწად-ნახევარია არ ჰქონია.
  • "შტუტგარტი" 13 მატჩია (=3 -10) ვერ ამარცხებს "ლევერკუზენს".
  • "ლევერკუზენი" ბუნდესლიგაში 20 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ეს არის ამ გუნდის საუკეთესო სერია ბოლო 12 წელიწადში.
  • "ლევერკუზენი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში ყველა მატჩში გოლი აქვს გატანილი.
  • ობამეიანგმა 97-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში, გაუსწრო ენტონი იებოას და გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი აფრიკელი გახდა.
  • "ვერდერმა" შეწყვიტა დორტმუნდში 10-მატჩიანი წაგებათა სერია.
  • მაქს კრუზემ ბუნდესლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე "გოლი+პასის" სისტემით 122 ქულაა.
  • "ლაიპციგი" ამ სეზონში დაუმარცხებელია შინ - "რედ ბულ არენაზე" 21 შესაძლებლიდან 17 ქულა აიღო.
  • "მაინცი" 13 მატჩია სტუმრად ვერ იგებს.
  • "ბაიერნის" ფეხბურთელებმა - კიმიხმა და შტარკემ მე-100 მატჩი ჩაატარეს ბუნდესლიგაში, რაფინიამ - მე-300 მატჩი.
  • "აინტრახტი" 13 მატჩია (=3 -10) ვერ ამარცხებს "ბაიერნს".
  • "ჰამბურგი" და "ვოლფსბურგი" 41-ედ შეხვდნენ ერთმანეთს და პირველად ითამაშეს 0:0.
  • "ჰამბურგი"-"ვოლფსბურგის" მატჩში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის სამმა ჩემპიონმა ითამაშა - დუგლას სანტოსმა, უოლასმა და ვილიამმა.
  • "ჰამბურგი" ზედიზედ სამი მატჩია გოლს არ უშვებს, რაც პირველად მოხდა 2015 წლის სექტემბრის შემდეგ.
  • "ჰამბურგი"-"ვოლფსბურგის" მატჩში პირველი ზუსტი დარტყმა 69-ე წუთზე განხორციელდა. "ვოლფსბურგს" არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია 90 წუთის განმავლობაში.
  • "გლადბახის" ნახევარმცველმა კრამერმა პირველი გოლი გაიტანა 2014 წლის დეკემბრის შემდეგ.
  • "შალკე" ცხრა მატჩია დაუმარცხებელია - ასეთი სერია გუნდს რვა წელია არ ჰქონია.
  1. "კიოლნს" 15 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ეს არის ბუნდესლიგის ახალი ანტირეკორდი.

ბუნდესლიგა. XV ტური
შტუტგარტი-ლევერკუზენი 0:2
გოლები: 0:1 ჰაფერცი (20), 0:2 ლ. ბენდერი (80)
ლევერკუზენი: ლენო - ტა, ს. ბენდერი, რეტსოსი (46. ბაუმგარტლინგერი) - მეჰმედი (61. ჰენრიხსი), კორი, ლ. ბენდერი, ბეილი - ჰაფერცი, ბრანდტი (72. ბელარაბი) - ფოლანდი.

დორტმუნდი-ვერდერი 1:2
გოლები: 0:1 მ. ეგეშტაინი (26), 1:1 ობამეიანგი (57), 1:2 გებრესელასიე (65)
დორტმუნდი: ბიურკი - პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, ბარტრა - პულიშიჩი, დაუდი (82. ისაკი), რაფაელ გერეირო (46. შაჰინი), შმელცერი - იარმოლენკო (46. შიურლე), კაგავა - ობამეიანგი.
ლაიპციგი-მაინცი 2:2
გოლები: 1:0 კამპლი (29), 1:1 კესონი (39), 2:1 ვერნერი (45+3-პენ), 2:2 ბერგრეენი (87)
ლაიპციგი: გულაში - კროსტერმანი, ილსანკერი (46. კომპერი), ორბანი, ბერნარდო - კაიზერი (83. ჰალშტენბერგი), დემე, ლემერი (46. ბრუმა), კამპლი - პოულსენი, ვერნერი.


აინტრახტი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 ვიდალი (20)
ბაიერნი: შტარკე - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ზიულე, რაფინია - ხავი მარტინესი, ვიდალი (55. ტოლისო) - კომანი (83. ლევანდოვსკი), ხამეს როდრიგესი, რიბერი (68. ალაბა) - მიულერი.

გლადბახი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 კრამერი (23), 1:1 ვესტერგაარდი (62-საკ. კარში)
გლადბახი: ზომერი - ელვედი, გინტერი, ვესტერგაარდი, ვენდტი - ტ. აზარი, კრამერი (79. კუიზანსი), ზაკარია, გრიფო (76. ბობადილია) - შტინდლი, რაფაელი.
შალკე: ფერმანი - კერერი (67. სტამბული), ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, მაკკენი, მ. მაიერი, ოშჩიპკა - ჰარიტი (83. კონოპლიანკა), დი სანტო, ემბოლო (60. ბურგშტალერი).



კიოლნი-ფრაიბურგი 3:4
გოლები: 1:0 კლიუნტერი (8), 2:0 გირასი (16), 3:0 სტანკო (29-საკ. კარში), 3:1 პეტერსენი (39), 3:2 ჰაბერერი (65"), 3:3 პეტერსენი (89-პენ), 3:4 პეტერსენი (90+4-პენ)

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 2:0
გოლები: 1:0 ფიულკრუგი (59), 2:0 ჰარნიკი (86)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადერჟაბეკი, ფოგტი, ჰიუბნერი, ცუბერი (73. შულცი) - გაიგერი (46. აკპოგუმა) - რუპი (65. შალაი), ამირი - გნაბრი - უტი, კრამარიჩი.

აუგსბურგი-ჰერტა 1:1
გოლები: 1:0 კაიუბი (74), 1:1 კალუ (90+2)
ჰამბურგი-ვოლფსბურგი 0:0

ბომბარდირები: 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 8 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 7 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), მიხაელ გრეგორიტში (აუგსბურგი).

მომდევნო ტური
12 დეკემბერი: ვოლფსბურგი-ლაიპციგი, ფრაიბურგი-გლადბახი, ჰამბურგი-აინტრახტი, მაინცი-დორტმუნდი.
13 დეკემბერი: ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი, ბაიერნი-კიოლნი, ჰერტა-ჰანოვერი, შალკე-აუგსბურგი, ლევერკუზენი-ვერდერი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული