ბუნდესლიგა. XXV ტურის წინ: "ხუმარებს" არ ეხუმრებათ...

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგ ტურში "ფრაიბურგი" ლიდერ "ბაიერნს" დაუხვდება. იყო დრო, ამ გუნდების შეხვედრას დიდი ინტერესით ველოდით ხოლმე. ქართველი ფეხბურთელები პრობლემებს უქმნიდნენ "რეკორდმაისტერს"...

რა თქმა უნდა, "ბაიერნი" ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რამდენიმე წამყვანი ფიგურა ტრავმირებულია. მაგრამ იუპ ჰაინკესის კრებულს განსაკუთრებული სირთულეები არ უნდა შეექმნას გაცილებით დაბალი კლასის მოწინააღმდეგესთან. "ბაიერნს" მოგება მართებს "ჰერტასთან" საშინაო წაფორხილების (0:0) შემდეგ.

ორი ზეშემტევი გუნდის, "ლაიპციგისა" და "დორტმუნდის" შეხვედრა კარგი სანახავი უნდა გამოვიდეს. "დორტმუნდი" მეორე ადგილზე კია, მაგრამ აშკარად მეტი სტაბილურობა მართებს.

სტუმრებს ანდრეი იარმოლენკო დააკლდებათ. რამდენიმე
მნიშვნელოვანი ფეხბურთელის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. რაც შეეხება "ლაიპციგს", ეს გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

"შალკე" ავსტრიელი შემტევის, გვიდო ბურგშტალერის გარეშე მიიღებს "ჰერტას". "ხუმარებს", წესით, სახუმაროდ არ უნდა ჰქონდეთ საქმე, რადგან "ჰერტა" მუდამ "კერკეტი კაკალია" და, აგერ, წინა უქმეებზე თვით "ბაიერნსაც" კი დააწყვიტა ნერვები.

"ვოლფსბურგთან" მნიშვნელოვან შეხვედრას "ლევერკუზენი" ლარს ბენდერის, დომინიკ კორისა და პანაიოტის რეცოსის გარეშე ჩაატარებს. რამდენიმე ფეხბურთელის თამაში საეჭვოა. თავის მხრივ, ტრავმირებულები არც მიმდინარე სეზონში არასტაბილურად მოთამაშე "მგლებს" აკლიათ, თუნდაც პოლონელი ნახევარმცველი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი.

ყველასთვის მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ნადირობს "აინტრახტი". ფრანკფურტელები "ჰანოვერთან" შეხვედრაში ფავორიტებად უნდა ჩავთვალოთ. ჯერ ერთი, მასპინძელთა სატურნირო მოტივაცია უდიდესია, და მეორეც, "ჰანოვერის" ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი ტრავმირებულია.

ზოგადად, ყველა სეზონში ბუნდესლიგას ერთი აღმოჩენა მაინც ჰყავს და ამ სეზონში ეს სწორედ ფრანკფურტული კლუბია. არადა, შემადგენლობის თვალსაზრისით ის ბევრ ბუნდესლიგურ კლუბს ჩამორჩება. წარმატების მთავარი მიზეზი, ალბათ, მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის ნაყოფიერ მუშაობაში უნდა ვეძიოთ.

თუ ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა დასრულებულია, უდიდესი ინტრიგა ახლავს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. საფიქრებელია, რომ ეს ბრძოლა ბოლო ტურამდე გასტანს.

ფაქტები
"გლადბახმა" და "ვერდერმა" ბოლო სამ ურთიერთშეხვედრაში "მშრალი" ანგარიშით ითამაშეს.
"აუგსბურგისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
"აინტრახტისა" და "ჰანოვერის" უკანასკნელი 4 შეხვედრა "აინტრახტმა" მოიგო.
"შალკესა" და "ჰერტას" შორის ბოლო 4 მატჩიდან თითოეულში ორივეს არ გაუტანია.
"ვოლფსბურგისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"დორტმუნდმა" და "ლაიპციგმა" სულ სამჯერ ითამაშეს ბუნდესლიგაში და ორჯერ "ლაიპციგმა" იმარჯვა.
"კიოლნმა" ბოლო 5 შეხვედრაში გაიტანა და გაუშვა კიდეც.
"ფრაიბურგისა" და "ბაიერნის" ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. XXV ტური
პარასკევი, 2 მარტი
გლადბახი-ვერდერი 2:2
გოლები: 1:0 დენის ზაკარია (5), 2:0 მოისანდერი (33 ავტ.), 2:1 ტომას დელანი (59), 2:2 არონ იოჰანსოსნ (78)

შაბათი, 3 მარტი
შალკე-ჰერტა 18:30
აინტრახტი-ჰანოვერი 18:30
აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
ჰამბურგი-მაინცი 18:30
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 18:30
ლაიპციგი-დორტმუნდი 21:30

კვირა, 4 მარტი
კიოლნი-შტუტგარტი 18:30
ფრაიბურგი-ბაიერნი 21:00

ბომბარდირები: 20 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული