ბუნდესლიგა. XXVI ტურის წინ: სასწაული უნდა მოხდეს, რომ...

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში უკვე ტრადიციაა "ბაიერნის" მუდმივი ფავორიტობა. მოდი, ეს თემა დროებით გვერდით გადავდოთ და ვისაუბროთ მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მონადირეები - "დორტმუნდი" და "აინტრახტი" დაუპირისპირდებიან.

რა თქმა უნდა, "დორტმუნდის" ხილვა ამ მარაქაში მოულოდნელი არ არის. სამაგიეროდ, ბუნდესლიგის მთავარ აღმოჩენა "აინტრახტისგან" ამდენს მართლა არავინ ელოდა.

გამოჩნდა ხორვატი სპეციალისტის ნიკო კოვაჩის ნიჭი. სრულიად რიგით ფეხბურთელებისგან მან მებრძოლი, ამბიციური და ტაქტიკურად კარგად განსწავლული გუნდი ჩამოაყალიბა.

დორტმუნდელებს რაც შეეხება, ამ გუნდის ლაზარეთში არიან ფეხბურთელები, რომლებიც დააკლდებიან ამ მატჩს, თუმცა მაინც არ გვტოვებს იმის
შეგრძნება, რომ ეს თამაში სანახაობრივად კარგი უნდა გამოვიდეს.

"ბაიერნი" ამ ბოლო დროს სულ უგებს "ჰამბურგს". წლების წინ ამ დაპირისპირებას სულ სხვა აფიშა ექნებოდა, მაგრამ ახლა ძალთა თანაფარდობა რადიკალურად განსხვავებულია. "რეკორდმაისტერი" მოწინააღმდეგეს, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ასპექტით სჯობს და სასწაული უნდა მოხდეს, მასპინძლებმა 3 ქულა იოლად რომ ვერ ჩაიწერონ აქტივში. თუმცა, მეორე მხრივ, ყოველთვის საშიშია გუნდი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს...

"ბაიერნს" მოგება არც ტრავმირებულების - კინგსლი კომანისა და ხამეს როდრიგესის გარეშე უნდა გაუჭირდეს. იუპ ჰაინკესი ადვილად შეძლებს ტრავმირებული ფეხბურთელების შეცვლას.

"ბაიერნისთვის" ბუნდესლიგას ერთადერთი დატვირთვა შერჩა. ჩემპიონთა ლიგის საპასუხისმგებლო შეხვედრების წინ როგორმე შეინარჩუნოს ოპტიმალური სათამაშო ფორმა და ტონუსიდან არ ამოვარდეს. აი, აქამდე მივიდა საქმე.

ასევე მნიშვნელოვანი თამაში იქნება "ლევერკუზენისა" და "გლადბახის" დაპირისპირება. "ფარმაცევტებმა", არცთუ დამაჯერებელი სტარტის შემდეგ, გვარიანად მოუმატეს და მათ თავისუფლად შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაში გასვლა.

ამ მატჩში მასპინძლებს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნებათ - თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. და ეს მაშინ, როცა "გლადბახი" არაერთ მოთამაშეს მოისაკლისებს ტრავმების გამო.

ასევე დიდი ბრძოლა ელით "შალკესა" და "ლაიპციგს". ამ გუნდების მოტივაცია გასაგებია - რა თქმა უნდა, ისინიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე ფიქრობენ და უკან დასახევი გზა
მათთვისაც მოჭრილია.

ფაქტები
  • "შალკემ" ბუნდესლიგის ბოლო 3 შეხვედრაში დაამარცხა "მაინცი".
  • "ბაიერნმა" ბოლო 7 ურთიერთდაპირისპირებიდან შვიდივე მოუგო "ჰამბურგს", ამასთან, ბოლო 6 მატჩში მიუნხენელებმა ორჯერ მოიგეს არასაფეხბურთო ანგარიშით - 8:0.
  • "ჰერტასა" და "ფრაიბურგის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა თითო გოლი მაინც.
  • "ჰოფენჰაიმისა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "ლევერკუზენმა" და "გლადბახმა" ბოლო 4 ბუნდესლიგურ მატჩში ერთმანეთს გაუტანეს თითო გოლი მაინც.
  • "დორტმუნდისა" და "აინტრახტის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

ბუნდესლიგა. XXVI ტური
პარასკევი, 9 მარტი
მაინცი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 დანიელ კალიგური (55)

შაბათი, 10 მარტი
ბაიერნი-ჰამბურგი 18:30
ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 18:30
ჰერტა-ფრაიბურგი 18:30
ჰანოვერი-აუგსბურგი 18:30
ლევერკუზენი-გლადბახი 21:30

კვირა, 11 მარტი
შტუტგარტი-ლაიპციგი 18:30
დორტმუნდი-აინტრახტი 21:00

ორშაბათი, 12 მარტი
ვერდერი-კიოლნი 23:30

ბომბარდირები: 20 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული