ბუნდესლიგა. XXVI ტური: მიშიმ მიზანი გაისწორა [VIDEO]

AutoSharing Option
აუტსაიდერ "ჰამბურგთან" მატჩის წინ ყურადღების ცენტრში მოექცნენ "ბაიერნის" მცველები - ჯოშუა კიმიხი, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა და ჯერომ ბოატენგი, რომელიც 250-ე მატჩს ატარებდა "ბაიერნის" შემადგენლობაში.

უშუალოდ მოედანზე მათ დიდი სამუშაო არ ჰქონიათ, თუმცა ერთხელ კიმიხმა ფლანგიდან ლევანდოვსკის საგოლე პასი მიაწოდა, მატჩის მიწურულს კი პენალტი გამოიმუშავა. პოლონელს ჩემპიონატში უკვე 23 გოლი დაუგროვდა - ხუთით მეტი, ვიდრე "ჰამბურგის" ყველა ფეხბურთელს ერთად აქვს გატანილი.

ბოლო წლებში "ბაიერნს" განსაკუთრებით "ჰამბურგი" ჰყავს დაბრიყვებული - სამი წინა შეხვედრა "ალიანც არენაზე" ასეთი ანგარიშებით მთავრდებოდა - 8:0, 5:0,
8:0. ასევე, 2013 წელს იყო ანგარიში - 9:2. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ "ჰამბურგი" გახდა არიენ რობენის კარიერაში პირველი გუნდი, რომელსაც ჰოლანდიელმა ათი გოლი გაუტანა. ფრანკ რიბერიმ 2013 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა, ხოლო დავიდ ალაბა, 25 წლისა და 8 თვის ასაკში, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ბუნდესლიგის ისტორიაში 150 მოგებით.

"ჰამბურგთან" მატჩს მე-20 წუთისთვის დაეკარგა აზრი - რიბერიმ გახსნა ანგარიში, ლევანდოვსკიმ ორი გოლი დაუმატა. ტაიმის განმავლობაში მიუნხენელებს შეეძლოთ ოთხი, ხუთი ან ექვსიც გაეტანათ, მაგრამ ძალები მეორე ტაიმისთვის შემოინახეს.

"ჰამბურგი" იმდენად სუსტი იყო, რომ სვენ ულრაიხი აუტის მოწოდებით ირთობდა თავს - სტუმრებს 45 წუთში მხოლოდ ერთი დარტყმა ჰქონდათ მეტოქის 11 დარტყმის წინააღმდეგ. ლევანდოვსკიმ ჯერ კიდევ შესვენებამდე დაამხო ბუნდესლიგაში ლეგიონერების მიერ გატანილი გოლების რეკორდი, რომელიც ჯოვანი ელბერს ეკუთვნოდა - ახლა პოლონელს 141 გოლი აქვს 182 მატჩში.

"ბაიერნი" სამ გოლზე არ გაჩერდა და გართობა გააგრძელა - მიულერი ქუსლით დარტყმებს ასრულებდა, რობენი საჯარიმოს ხაზიდან ურტყამდა, რიბერი ფლანგიდან მთელ დაცვას ატყუებდა, ლევანდოვსკიმ პენალტი გააფუჭა.

საბოლოოდ, მორიგი განადგურება შედგა - 6:0. "ბაიერნმა" ბოლო 9 მატჩში "ჰამბურგს" 51 გოლი გაუტანა! ლევანდოვსკიმ მეორე 11-მეტრიანი გამოიყენა და ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით გატანილი გოლების რიცხვი 100-მდე აიყვანა. გარდა ამისა, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - არცერთ ლეგიონერს ბუნდესლიგის ისტორიაში შვიდი ჰეთ-თრიკი არ შეუსრულებია.


* * *

ტური პარასკევს გაიხსნა და "შალკემ" გაინაღდა მინიმუმ მომავალ უქმეებამდე მეორე ადგილზე ყოფნა. ტედესკოს გუნდი სტუმრად ხვდებოდა აუტსაიდერ "მაინცს", რომელიც სამმატჩიანი წაუგებელი სერიისა და ორი "მშრალი" მატჩის წყალობით, უკვე შვიდი ქულით დაშორდა მე-17 ადგილს და თავდაჯერებულობაც მოიპოვა.

წინა ტურის ერთ-ერთმა გმირმა, "მაინცის" მეკარე ფლორიან მაიერმა ამჯერადაც კარგად ითამაშა, მაგრამ ერთხელ მაინც გაუშვა და "შალკემ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. ეს ამ გუნდის ზედიზედ მეოთხე მოგება იყო.

* * *

შაბათის მატჩებში ცენტრალური იყო "ლევერკუზენისა" და "გლადბახის" დაპირისპირება. მოგება ლევერკუზენელებს პრაქტიკულად უნაღდებდა ადგილს პირველ ოთხეულში. მოტივაციის მხრივ, "გლადბახსაც" ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, რადგან ეს გუნდი ჯერ ისევ იბრძვის ევროზონაში მოსახვედრად. თუმცა, ამ მომენტისთვის, "ლევერკუზენი" აშკარად უფრო ძლიერი გუნდია.

განსაკუთრებით ბეილი უნდა გამოვყოთ, რომელსაც დიდი მონდომებით ეძახიან ინგლისის ნაკრებში. იამაიკელმა საფირმო ტექნიკით წამოიწყო საგოლე შეტევა, ფოლანდმა კი საგოლე პასი მიაწოდა ალარიოს, რომელსაც მარტის მატჩებში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ეს ერთი გოლი შეიძლებოდა საკმარისი არ ყოფილიყო მასპინძლებისთვის, მაგრამ ბოლოსკენ ექსლევერკუზენელმა დრმიჩმა კარგი პოზიციიდან ააცილა, ლენომ კი ურთულესი ბურთი მოიგერია თანაგუნდელის რიკოშეტის შემდეგ. მხოლოდ კომპენსირებულ დროში დააწყნარა ბრანდტმა გულშემატკივრები და გუნდი მესამე ადგილზე გადაიყვანა. "ლევერკუზენს" უკვე იმაზე მეტი მოგება აქვს, ვიდრე მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში.

* * *

ტური დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ორი უშუალო კონკურენტის მატჩით. "დორტმუნდი", მართალია, დიდი ხანია არ აგებს ბუნდესლიგაში, მაგრამ გუნდმა ბოლო დროს ისევ აურია - ჩემპიონატში ზედიზედ ორი ფრე ითამაშა, ევროპის ლიგაზე კი შინ წააგო "ზალცბურგთან". დორტმუნდელები საკუთარ მოედანზე ხვდებოდნენ "აინტრახტს", რომლისთვისაც ბოლო 10 საშინაო მატჩიდან რვა ჰქონდათ მოგებული.

მაგრამ დღევანდელი "აინტრახტი" წინა წლებისას არ ჰგავს. ნიკო კოვაჩმა შესანიშნავი გუნდი შეკრა, რომელიც ბევრს ვერ იტანს, მაგრამ ძალიან ცოტას უშვებს - 27 გოლი მეორე მაჩვენებელია "ბაიერნის" შემდეგ.

თუმცა, ამჯერად, მატჩი "აინტრახტის" მონაწილეობით უხვგოლიანი აღმოჩნდა. "დორტმუნდი" მე-12 წუთიდან მინიმალური ანგარიშით იგებდა, მთავარი მოვლენები კი ბოლო 15 წუთში განვითარდა, როცა მაყურებელმა ოთხი გოლი იხილა. "აინტრახტმა" ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა 94-ე წუთზე მაინც გამოგლიჯეს მოგება მეტოქეს და დაიბრუნეს ცხრილში მესამე ადგილი.

მატჩის გმირი მიში ბატშუაი გამოდგა, რომელიც "ჩელსიდან" "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ბელგიელმა, რომელიც ზედიზედ ხუთი მატჩია ვერ იტანდა, დუბლი შეასრულა.


ფაქტები
  • "შალკემ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
  • "შალკე" სამი მატჩია გოლს არ უშვებს.
  • მეკარე რალფ ფერმანმა "შალკეს" რიგებში მე-200 მატჩი ჩაატარა.
  • "ბაიერნს" 13-მატჩიანი წაუგებელი სერია (+12=1) აქვს ბუნდესლიგაში.
  • "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატში 35 მატჩია შინ არ მარცხდება. საკუთარ მოედანზე ბოლო წაგება 2016 წლის 2 მარტით თარიღდება.
  • "ჰამბურგს" 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბოლოს გუნდმა ბუნდესლიგაში 26 ნოემბერს გაიმარჯვა.
  • "ჰამბურგს" სტუმრად 12 მატჩია არ მოუგია.
  • არიენ რობენმა პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში 4 ნოემბრის შემდეგ.
  • ამ სეზონში "ბაიერნმა" პირველად გაიტანა შესვენებამდე სამი გოლი.
  • ფრანკ რიბერის პირველი გოლი 51 000-ე იყო ბუნდესლიგის ისტორიაში.
  • "ჰამბურგს" ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში (18), "ბაიერნს" - ყველაზე მეტი (65).
  • "ვოლფსბურგს" ექვსი მატჩია არ მოუგია და ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ დამარცხდა.
  • "ჰოფენჰაიმს" ბოლო 15 წუთში 14 გოლი დაუგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში.
  • გილავოგიმ მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში "ვოლფსბურგის" მაისურით.
  • "ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა ნაგელსმანმა 33-ე მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში, რაც კლუბის ისტორიაში არცერთ სხვა მწვრთნელს არ გაუკეთებია.
  • "ჰერტა" ოთხი ტურია ვერ იმარჯვებს.
  • "ჰერტას" ბოლო ოთხი მატჩია გოლი არ გაუტანია.
  • "ჰერტას" შინ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • "ფრაიბურგმა" ბოლო ექვს გასვლით შეხვედრაში ხუთი ფრე ითამაშა.
  • "ჰანოვერმა" ზედიზედ მესამედ წააგო.
  • "აუგსბურგმა" შეწყვიტა სტუმრად ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია.
  • "გლადბახს" ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
  • "გლადბახის" კაპიტან ლარს შტინდლს ბუნდესლიგაში 14 ტურია გოლი არ გაუტანია.
  • "შტუტგარტმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
  • "შტუტგარტი" ექვსი მატჩია არ მარცხდება.
  • "ლაიპციგს" ოთხი ტურია არ მოუგია.
  • "ლაიპციგმა" პირველი უგოლო ფრე ითამაშა ამ სეზონში.
  • "შტუტგარტს" ჯერ გოლი არ გაუშვია მწვრთნელად თაიფუნ ქორქუთის მისვლის შემდეგ.
  • "დორტმუნდი" 11 მატჩია არ მარცხდება.
  • "აინტრახტმა" სტუმრად ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.
  • მარკო რუსმა კარიერაში მეხუთე ავტოგოლი გაიტანა.

ბუნდესლიგა. XXVI ტური
მაინცი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 კალიჯური (55)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, მაკენი, ბენტალები, შიოპფი (46. გორეტცკა) - დი სანტო (76. ემბოლო), ბურგშტალერი, პიაცა (51. კონოპლიანკა).

ბაიერნი-ჰამბურგი 6:0
გოლები: 1:0 რიბერი (8), 2:0 ლევანდოვსკი (12), 3:0 ლევანდოვსკი (19), 4:0 რობენი (55), 5:0 რიბერი (81), 6:0 ლევანდოვსკი (90-პენ)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი, ვიდალი (46. ტოლისო/65. რუდი) - რობენი (63. ტიაგო ალკანტარა), მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.
86-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა პენალტი

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 3:0
გოლები: 1:0 შულცი (18), 2:0 გნაბრი (77), 3:0 გილავოგი (80-საკ. კარში)

ჰერტა-ფრაიბურგი 0:0

ჰანოვერი-აუგსბურგი 1:3
გოლები: 0:1 გრეგორიტში (26), 1:1 სანე (37), 1:2 კაჩარი (45), 1:3 გრეგორიტში (83)

ლევერკუზენი-გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 ალარიო (39), 2:0 ბრანდტი (90+4)
ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი (90+2. რეტსოსი) - არანგისი, ჰაფერცი (85. კორი), ბაუმგარტლინგერი - ბეილი (69. ბრანდტი), ალარიო, ფოლანდი.

შტუტგარტი-ლაიპციგი 0:0
ლაიპციგი: გულაში - ლემერი, ორბანი, უპამეკანო, კლოსტერმანი - ზაბიტცერი, კამპლი (66. ილსანკერი), კეიტა, ფორსბერგი (61. ბრუმა) - ოგუსტენი (75. პოულსენი), ვერნერი.

დორტმუნდი-აინტრახტი 3:2
გოლები: 1:0 რუსი (12-საკ. კარში), 1:1 იოვიჩი (75), 2:1 ბატშუაი (77), 2:2 ბლუმი (90+1), 3:2 ბატშუაი (90+4)
დორტმუნდი: ბიურკი, პიშჩეკი, აკანჯი, თოფრაქი, შმელცერი - გონსალო კასტრო, დაუდი (46. ვაიგლი) - პულიშიჩი, როისი (87. პაპასტატოპულოსი), შიურლე - ფილიპი (63. ბატშუაი).

ვერდერი-კიოლნი დღეს

ბომბარდირები: 23 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მიახელ გრეგორიტში (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
16 მარტი: ფრაიბურგი-შტუტგარტი.
17 მარტი: გლადბახი-ჰოფენჰაიმი, აინტრახტი-მაინცი, აუგსბურგი-ვერდერი, ჰამბურგი-ჰერტა, ვოლფსბურგი-შალკე.
18 მარტი: დორტმუნდი-ჰანოვერი, კიოლნი-ლევერკუზენი, ლაიპციგი-ბაიერნი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული