ბუნდესლიგა. XXVIII ტური: დიდი უფსკრული [VIDEO]

AutoSharing Option
ამ სეზონში გერმანული "კლასიკო" მეოთხედ გაიმართა და ისევ "ბაიერნის" მოგებით დასრულდა.

უკვე ცნობილი იყო, რომ მიუნხენელების ჩემპიონობამ კიდევ ერთი კვირით გადაიწია, არადა, ლამაზად გამოვიდოდა - გაჩემპიონება "ალიანც არენაზე", ბუნდესლიგაში რიგით 1800-ე მატჩში, თანაც, "დორტმუნდის" წინააღმდეგ თამაშში...

"შალკეს" გადამკიდე, ეს მოტივაცია "ბაიერნს" არ ჰქონდა, მაგრამ იუპ ჰაინკესის გუნდი მაინც განსაკუთრებული კონცენტრაციით გავიდა მოედანზე და შეუდგა "დორტმუნდის" მეთოდურ განადგურებას.

რა თქმა უნდა, ჩემპიონის ძალა აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ უფრო მეტად, ხაზი უნდა გაესვას "დორტმუნდის" უსუსურობას.

გერმანულ "კლასიკოში" ანგარიში 5:0 შესვენებამდე - ეს გერმანიის
ჩემპიონატზე უარყოფითად ლაპარაკობს. კარგად შეფუთულ და ფანტასტიკური დასწრების მქონე ტურნირს ინტრიგა საერთოდ აღარ გააჩნია. "ბაიერნსა" და დანარჩენ კლუბებს შორის დიდი უფსკრულია.

ბუნდესლიგის დონეზე ისიც კარგად ლაპარაკობს, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელიც ორი თვის წინ წავიდა ლონდონის "არსენალში", ჯერაც მეორე ადგილზეა ბომბარდირთა სიაში.

ასეთი კოშმარული პირველი ტაიმი "დორტმუნდს" 1978 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონია, როცა მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" 12:0 მოუგო. "ბაიერნი" ასეთი "სისხლისმსმელი" არ აღმოჩნდა და საჩოგბურთო ანგარიშით დაკმაყოფილდა.

ერთი ფაქტია საინტერესო: ამ ტურში მეორე 6:0-იც იყო - "ჰოფენჰაიმმა" მოუგო "კიოლნს" და ისე გამოვიდა, რომ ორივე გუნდი, რომლებშიც წელს პეტერ შტიოგერი მუშაობდა, 0:6 დამარცხდა.


* * *
როგორც ვთქვით, "შალკემ" ზედიზედ მეორედ გადადო "ბაიერნის" ჩემპიონობა. ამასთან, ისევ ანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი, როცა 0:0-ზე ერთხელ ძელმა გადაარჩინა, მეორედ - ფერმანის რეაქციამ. ამის შემდეგ ემბოლოს ფეხი გამოსდეს საჯარიმოში და მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ, "ფრაიბურგი" კი, საბოლოოდ, პეტერსენის გაძევებამ დაასამარა.

ფეხბურთელს მწვრთნელი შტრაიხიც მიჰყვა, რომელიც მზად იყო - შუაზე გაეგლიჯა არბიტრი. "შალკემ" მშვიდად მიიყვანა საქმე ზედიზედ მეექვსე გამარჯვებამდე.

* * *

ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი პრეტენდენტის მატჩმა ვიდეორეფერის სისტემის (VAR) თანხლებით ჩაიარა. "ლევერკუზენმა" VAR-ის გამო ორი ქულა დაკარგა, რადგან არ ჩაუთვალეს ბრანდტის მიერ გატანილი ულამაზესი გოლი.

"ლაიპციგი" კი, პირიქით, VAR-ის მადლიერი უნდა იყოს, რადგან "ჰანოვერს" ბოლო წუთებზე გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. ამით "ხარები" მეოთხე ადგილზე გადავიდნენ და შეინარჩუნეს ეს პოზიცია, რადგან კვირას "აინტრახტმა" ბრემენში წააგო.

ფაქტები
  • "ჰოფენჰაიმმა" თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.
  • გნაბრიმ ბოლო ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
  • "შალკემ" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. გუნდს ბოლო ხუთ მატჩში გოლი არ გაუშვია.
  • "ფრაიბურგის" ფორვარდმა პეტერსენმა ბუნდესლიგაში 150-ე მატჩი ჩაატარა.
  • "ფრაიბურგს" ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
  • "აუგსბურგს" არასოდეს მოუგია "ლევერკუზენისთვის". ეს გუნდები 14-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს.
  • "ჰანოვერმა" ზედიზედ მეხუთედ წააგო.
  • "ლაიპციგს" ექვსი ოფიციალური მატჩია არ წაუგია.
  • "შტუტგარტს" რვა მატჩია არ წაუგია მას შემდეგ, რაც მთავარ მწვრთნელად თაიფუნ ქორქუთი მივიდა.
  • "ჰამბურგი" 15 მატჩია მოუგებელია - ეს კლუბის ახალი ანტირეკორდია.
  • ლევანდოვსკიმ თავის ყოფილ კლუბს - "დორტმუნდს" რვა მატჩში 10 გოლი გაუტანა.
  • "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი თითქმის 30 წელი იყო.
  • თომას მიულერმა 103-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში - ის "ბაიერნის" ისტორიაში მეოთხე ბომბარდირია.
  • პეტერ შტიოგერმა პირველი მატჩი წააგო ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის რანგში (7 მოგება, 5 ფრე).
  • "ვერდერი" ბოლო ხუთი მატჩია დაუმარცხებელია ბუნდესლიგაში.
  • "ვერდერი" 10 მატჩია შინ არ მარცხდება.
  • იოვიჩმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.

ბუნდესლიგა. XXVIII ტური
ჰოფენჰაიმი-კიოლნი 6:0
გოლები: 1:0 გნაბრი (22), 2:0 გნაბრი (47), 3:0 უტი (56), 4:0 რუპი (61), 5:0 უტი (65), 6:0 ცუბერი (72)

შალკე-ფრაიბურგი 2:0
გოლები: 1:0 კალიჯური (63-პენ), 2:0 ბურგშტალერი (73)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, ბენტალები, გორეტცკა, ოშჩიპკა (54. შიოპფი) - ემბოლო, ბურგშტალერი, დი სანტო (54. ჰარიტი).
გაძევება: პეტერსენი (66. ფრაიბურგი).

ლევერკუზენი-აუგსბურგი 0:0
ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი (77. ჰენრიხსი), ს. ბენდერი, ტა, ვენდელი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი (77. კისლინგი), კორი (69. ჰაფერცი) - ბრანდტი, ფოლანდი, ბეილი.

ჰანოვერი-ლაიპციგი 2:3
გოლები: 0:1 ფორსბერგი (16), 0:2 ორბანი (54), 1:2 სანე (71), 1:3 პოულსენი (76), 2:3 ფიულკრუგი (78)
ლაიპციგი: გულაში - ლემერი, ორბანი, კონატე, ბერნარდო - დემე, კეიტა - ფორსბერგი (80. უპამეკანო), ბრუმა (60. ზაბიტცერი) - ოგუსტენი (68. პოულსენი), ვერნერი.

შტუტგარტი-ჰამბურგი 1:1
გოლები: 0:1 ჰოლტბი (18), 1:1 გინჩეკი (44)

ბაიერნი-დორტმუნდი 6:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (5), 2:0 ხამეს როდრიგესი (14), 3:0 მიულერი (23), 4:0 ლევანდოვსკი (44), 5:0 რიბერი (45), 6:0 ლევანდოვსკი (87)
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა (46. კიმიხი) - ხავი მარტინენი - მიულერი, ხამეს როდრიგესი (66. ტიაგო ალკანტანა), რობენი, რიბერი (68. რუდი) - ლევანდოვსკი.
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი - გონსალო კასტრო (29. ვაიგლი), გიოტცე (78. შაჰინი), დაუდი - პულიშიჩი (75. ფილიპი), ბატშუაი, შიურლე.

ჰერტა-ვოლფსბურგი 0:0
გაძევება: გილავოგი (90+1. ვოლფსბურგი).

ვერდერი-აინტრახტი 2:1
გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (28), 1:1 იოვიჩი (53), 2:1 აბრაჰამი (80-საკ. კარში)

მაინცი-გლადბახი 0:0

ბომბარდირები: 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მიახელ გრეგორიტში (აუგსბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი).

მომდევნო ტური
6 აპრილი: ჰანოვერი-ვერდერი.
7 აპრილი: კიოლნი-მაინცი, ფრაიბურგი-ვოლფსბურგი, გლადბახი-ჰერტა, აუგსბურგი-ბაიერნი, ჰამბურგი-შალკე.
8 აპრილი: დორტმუნდი-შტუტგარტი, აინტრახტი-ჰოფენჰაიმი.
9 აპრილი: ლაიპციგი-ლევერკუზენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული