ბუნდესლიგა. XXXI ტური: სანჩოს ტური [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის მთავარი მატჩი ჩემპიონატის მესამე და მეოთხე გუნდებს შორის "დორტმუნდის" დიდი უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა უკვე შესვენებამდე ყოფილიყო ანგარიში 4:0.

მაგალითად, სანჩომ მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა გააფუჭა და მხოლოდ მეორე ცდაზე, პულიშიჩის შესანიშნავი პასით შეძლო გოლის გატანა. ეს იყო პირველი ინგლისური გოლი "დორტმუნდის" ისტორიაში და 18 წლის ფეხბურთელის პირველი გოლი პროფესიულ კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდმა" თითქმის 9 მილიონი გადაუხადა "მანჩესტერ სიტის" სანჩოში.

მარკო როისს რამდენიმე წუთის ინტერვალით ორჯერ არ გაუმართლა.

პირველ შემთხვევაში საქმეში VAR ჩაერია, მეორედ კი ნახევარმცველმა პენალტი ვერ გაიტანა
- წააგო დუელი იოზჩანთან, რომელსაც 500 დღე არ ჰქონდა ნათამაშები.

საერთო ჯამში, "დორტმუნდმა" ღირსეულად უპასუხა ფანების კრიტიკას, რომლებმაც გამოფინეს ბანერი ასეთი წარწერით: "არ არის მონდომება, არ არის სიმამაცე, არ არის გუნდი. თქვენ ყველაზე ნაკლებად ხართ "დორტმუნდის" განსახიერება".

განსაკუთრებით ცდილობდა როისი, რომელმაც შესვენების შემდეგ დუბლი შეასრულა და შეცვლის მომენტში მას ოვაცია მოუწყვეს. ტაში დაიმსახურა სანჩომაც, რომელმაც შეტევაში ღირსეულად შეცვალა ტრავმირებული ბატშუაი - ინგლისელმა გოლს ორი შედეგიანი პასი დაუმატა.

"დორტმუნდი" ხუთი ქულით დაშორდა მეხუთე ადგილს და ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის საგზურთან.


* * *
რაც შეეხებათ ჩემპიონთა ლიგის საგზურის სხვა მაძიებლებს, "ლაიპციგმა", როგორც ჩანს, ვერ გაუძლო თავისი პირველი ევროსეზონის მკაცრ გრაფიკს და უკვე სამი ტურია ვერ იგებს, თან შინ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო დიდი ანგარიშით.

"ჰოფენჰაიმმა" კი პირიქით, ჩააგდო შემოდგომა და მკვეთრად მოუმატა ფინიშისკენ. იულიან ნაგელსმანის გუნდს გაზაფხულზე მატჩი არ აქვს წაგებული - 5 მოგება და 2 ფრე. ეს იმდენად კარგად გამოიყურება, რომ მის რიგებში გოლი კადერჟაბეკმაც კი გაიტანა, რომელსაც 77-მატჩიანი "მშრალი" სერია ჰქონდა. "ჰოფენჰაიმმა" მეხუთე ადგილი წაართვა "ლაიპციგს" და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან მხოლოდ ორი ქულა აცილებს.

"ლაიპციგთან" ერთად, ტურის იმედგაცრუება გახდა "აინტრახტი". "ბაიერნის" მომავალი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის გუნდმა გერმანიის თასის ფინალში გასვლის შემდეგ, საკუთარ მოედანზე შეირცხვინა თავი და დადგა საშიშროების წინაშე - საერთოდ ვერ მოხვდეს ევროთასებზე: თასის ფინალში "ბაიერნის" დამარცხება არარეალური ჩანს, მეშვიდე ადგილიდან კი ეს გუნდი, შესაძლოა, მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ჩამოაგდოს.

ტურის ბოლო მატჩში "შალკეს" შეეძლო თითქმის გაენაღდებინა ჩემპიონთა ლიგის საგზური და ახლოსაც იყო ამასთან - 2:0-ს უგებდა "კიოლნს", მაგრამ "თხებმა" შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და დაიტოვეს მხოლოდ თეორიული შანსი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

* * *

უკვე ოფიციალური ჩემპიონის, "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა რამდენიმე ლიდერი დაასვენა, რისი წყალობითაც, მოედანზე გამოჩნდა დებიუტანტი ლარს მაი. ის არის ამ საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "ბაიერნის" რიგებში ითამაშა.

18 წლისა და 22 დღის მაის გამოცდილება მიუნხენელთა მეორე გუნდში ნათამაშებ ერთ მატჩს მოიცავდა და "ბაიერნის" მხოლოდ ექვს ფეხბურთელს ჰქონდა უფრო ადრეულ ასაკში დებიუტი გერმანიის ჩემპიონატში.

თამაშის ბედი შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა ვეტერანებმა გადაწყვიტეს - ლევანდოვსკიმ, რომელსაც ორი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ ზედიზედ მესამე ჩემპიონატში მიაღწიოს 30 გოლის ნიშნულს და მიულერმა. ამ უკანასკნელმა რუდის საგოლე პასიც მისცა.


ფაქტები
  • რაფაელმა ბოლო 7 მატჩში პირველად გაიტანა.
  • "ვოლფსბურგს" ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
  • "აინტრახტმა" ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგო.
  • შეწყდა "აინტრახტის" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.
  • "ჰერტას" მხოლოდ 16 გოლი აქვს გაშვებული სტუმრად. უფრო ნაკლები მხოლოდ "ბაიერნმა" (12) გაუშვა.
  • "ფრაიბურგმა" ზედიზედ მეხუთედ წააგო და ოთხი ტურია გოლი არ გაუტანია.
  • "ფრაიბურგს" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის დროსაც, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეთერთმეტედ მოუგო "ჰანოვერს".
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
  • მიულერმა მეთერთმეტედ გაუტანა "ჰანოვერს".
  • ლევანდოვსკი 179 გოლით მეშვიდე ადგილზეა ბუნდესლიგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის.
  • ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა ლეგიონერებისთვის ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით. პოლონელის ანგარიშზე "ბაიერნში" 105 გოლი მოდის. წინა რეკორდი პერუელ კლაუდიო პისაროს ეკუთვნოდა - 104 გოლი "ვერდერის" შემადგენლობაში.
  • "ჰოფენჰაიმი" ზედიზედ 16 მატჩია, მინიმუმ ერთი გოლის გატანას ახერხებს.
  • გნაბრიმ ბოლო შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. 2018 წელს, ფორვარდს 10 მატჩში რვა გოლი აქვს და მხოლოდ ლევანდოვსკის ჩამორჩება.
  • "ჰოფენჰაიმი" რვა მატჩია, არ მარცხდება.
  • 2018 წელს, "ჰოფენჰაიმმა" 33 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "ბაიერნს" ჩამოუვარდება.
  • "ლაიპციგს" სამი მატჩია არ მოუგია.
  • "შტუტგარტი" ექვსი ტურია, საკუთარ მოედანზე არ აგებს.
  • მარკო როისმა მე-60 და 61-ე გოლები გაიტანა "დორტმუნდის" მაისურით. ეს მისი მე-16 დუბლი იყო ბუნდესლიგაში.
  • "დორტმუნდი" ცხრა ტურია, საკუთარ მოედანზე არ აგებს და სამი ტურია გოლი არ გაუშვია.
  • "შალკე" 25 მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

ბუნდესლიგა. XXXI ტური

გლადბახი-ვოლფსბურგი 3:0
გოლები: 1:0 შტინდლი (8), 2:0 რაფაელი (35), 3:0 კრამერი (44)

აინტრახტი-ჰერტა 0:3
გოლები: 0:1 ზელკე (58-პენ), 0:2 ლეკი (77), 0:3 ესვაინი (90+1)
გაძევება: ჰასებე (79. აინტრახტი)

ჰამბურგი-ფრაიბურგი 1:0
გოლი: 1:0 ჰოლტბი (54)
გაძევება: სოიუნჩუ (71. ფრაიბურგი)

ჰანოვერი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 მიულერი (57), 0:2 ლევანდოვსკი (73), 0:3 რუდი (89)
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, მაი, ბოატენგი, ბერნატი - ზიულე - რობენი (46. მიულერი), ხამეს როდრიგესი (71. ხავი მარტინესი), რუდი, ტიაგო ალკანტანა, ვაგნერი (67. ლევანდოვსკი).

ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი 2:5
გოლები: 0:1 უტი (14), 0:2 გნაბრი (35), 0:3 კადერჟაბეკი (45), 1:3 ბაუმანი (58-საკ. კარში), 1:4 უტი (49), 1:5 რუპი (64), 2:5 უპამეკანო (88)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, ორბანი (62. უპამეკანო), კონატე, ბერნარდო - ფორსბერგი, ილსანკერი (46. კეიტა), დემე, ბრუმა (46. ოგუსტენი) - ლუკმანი, ვერნერი.
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - აკპოგუმა, ფოგტი, ჰიუბნერი (46. ნორდტვეიტი) - კადერჟაბეკი, ამირი, გრილიტში (56. დემირბაი), შულცი - კრამარიჩი, გნაბრი (54. რუპი) - უტი.
გაძევება: ფორსბერგი (47. ლაპიციგი)

შტუტგარტი-ვერდერი 2:0
გოლები: 1:0 გენტნერი (13), 2:0 იოზჩანი (90)

დორტმუნდი-ლევერკუზენი 4:0
გოლები: 1:0 სანჩო (13), 2:0 როისი (55), 3:0 ფილიპი (63), 4:0 როისი (79)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, თოფრაქი, პაპასტატოპულოსი, აკანჯი - ვაიგლი - პულიშიჩი (71. დაუდი), გიოტცე, სანჩო - როისი (86. გომესი) - ფილიპი (81. ტოლიანი).
ლევერკუზენი: იოზჩანი - ჰენრიხსი, ტა (43. იედვაი), ს. ბენდერი, რეტსოსი - კორი, არანგისი - ბრანდტი, ფოლანდი, ბეილი (46. ჰაფერცი) - ალარიო (69. ბელარაბი).

აუგსბურგი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 გრეგორიტში (29), 2:0 ფინბოგასონი (90+2)

კიოლნი-შალკე 2:2
გოლები: 0:1 ემბოლო (4), 0:2 კონოპლიანკა (23), 1:2 ბიტენკურტი (26), 2:2 რისე (84)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - კალიჯური, მაკენი, გორეტცკა, ოშჩიპკა - კონოპლიანკა (64. ბენტალები), დი სანტო (85. ჰარიტი) - ემბოლო (46. ბურგშტალერი).

ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მიახელ გრეგორიტში (აუგსბურგი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი); 11 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), სალომონ კალუ (ჰერტა), სანდრო ვაგნერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
27 აპრილი: ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი.
28 აპრილი: ბაიერნი-აინტრახტი, ჰერტა-აუგსბურგი, ფრაიბურგი-კიოლნი, შალკე-გლადბახი, ვოლფსბურგი-ჰამბურგი, ლევერკუზენი-შტუტგარტი.
29 აპრილი: მაინცი-ლაიპციგი, ვერდერი-დორტმუნდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული