ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: ტრადიციას უჭირს...

AutoSharing Option
დაჭრილმა "რეკორდმაისტერმა", რომელიც უკვე ჩემპიონია, უნდა გვაპატიოს. სეზონის მიწურულს ბუნდესლიგაში აღარ არის პირველი ადგილის ინტრიგა, თუმცა არანაკლები ინტრიგები რჩება სხვა პოზიციებზე და ახლა სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი გუნდებით. აქ მართლაც რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე "დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ "მაინცს" ეთამაშება და თუ არ მოიგო, თავს აშკარა საფრთხეში ჩაიგდებს.

ძალიან რთული გასვლითი შეხვედრა ელის "ჰოფენჰაიმს". იულიან ნაგელსმანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანოს. ახალგაზრდა სპეციალისტი მომავალ სეზონში, შეიძლება, რომელიმე ინგლისური გრანდის
(ლაპარაკია "არსენალსა" და "ჩელსიზე") მწვრთნელად ვიხილოთ და ახალი მიღწევები ძალიან სჭირდება რენომეს კიდევ უფრო ასამაღლებლად.

"ჰოფეს" ქულები ჰაერივით კი სჭირდება, მაგრამ ამისთვის "შტუტგარტი" ნამდვილად არ არის "საჩუქარი". "შვაბებმა" წინა ტურში სწორედ იმ გუნდის საქმე გააკეთეს, რომელსაც ახლა ეთამაშებიან - გასვლით შეხვედრაში, ყველასთვის მოულოდნელად, "ლევერკუზენის" ძლევა მოახერხეს. "შტუტგარტის" მოტივაცია ძალიან დიდია, რადგან გუნდს მოულოდნელად გაუჩნდა ევროპალიგაზე გასვლის შანსი.

თავის მხრივ, გამარჯვების გარდა სხვა გზა არ დარჩენია "ლევერკუზენსაც", რომელსაც სეზონის მიწურულს აშკარა ჩავარდნა აქვს და ეს, შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს ევრომიზნებისთვის ბრძოლაში. "ფარმაცევტები" გასვლაზე ეთამაშებიან "ვერდერს". "მუსიკოსთა" "ოქროს ხანა" კარგა ხანია წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ "ვერდერი" მაინც არ არის იოლად წასაქცევი მოწინააღმდეგე.

ახლა აუტსაიდერებზეც. ტრადიციული "კიოლნი" ბუნდესლიგიდან უკვე გავარდნილია. ცოტა ხნის წინ განწირული ჩანდა მეორე ტრადიციული კლუბი "ჰამბურგიც", მაგრამ ბოლო ოთხ მატჩში 3 მოიგო და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა. ისე, მართლაც საინტერესოა, როგორ "ახერხებს" გუნდი, ყოველ სეზონში ელიტაში დასარჩენად იბრძოდეს, როცა შემადგენლობა მინიმუმ სხვებზე უარესი არ ჰყავს?!

გვარიან საფრთხეშია "ვოლფსბურგიც". "მგლები" გასვლაზე თამაშობენ "ლაიპციგთან", რომელსაც თავისი სატურნირო ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. ბოლო ოთხ მატჩში 3 მარცხით "წითელმა ხარებმა", ფაქტობრივად, "მოკლეს" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი და ახლა კბილებით უნდა ეჭიროთ მე-6 პოზიცია, რომელიც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს იძლევა.

ფაქტები
  • "შალკემ" ბოლო 2 მატჩი მოუგო "აუგსბურგს".
  • "გლადბახსა" და "ფრაიბურგს" შორის ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "ჰამბურგმა" ბოლო 4 ბუნდესლიგური მატჩიდან 3 მოიგო.
  • "ბაიერნმა" "კიოლნს" ბოლო 9 ბუნდესლიგური მატჩიდან 8 მოუგო.
  • "ჰანოვერსა" და "ჰერტას" შორის ბოლო 2 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ლაიპციგსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. XXXIII ტური
შაბათი, 5 მაისი
დორტმუნდი-მაინცი 17:30
ლაიპციგი-ვოლფსბურგი 17:30
კიოლნი-ბაიერნი 17:30
ვერდერი-ლევერკუზენი 17:30
გლადბახი-ფრაიბურგი 17:30
აინტრახტი-ჰამბურგი 17:30
აუგსბურგი-შალკე 17:30
ჰანოვერი-ჰერტა 17:30
შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 17:30

ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული