ბუნდესლიგა. XXXIV ტურის წინ: გზა ჩემპიონთა ლიგისკენ

AutoSharing Option
გერმანიაში მთავარი ინტრიგა ისაა, "ბაიერნისა" და "შალკეს" გარდა კიდევ რომელი 2 გუნდი იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე და, ასევე, რომელი 2 გუნდი გაჰყვება "კიოლნს" მეორე ბუნდესლიგაში. ასე რომ, ინტრიგა სანთლით საძებარი ნამდვილად არ არის.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ჰოფენჰაიმი" საკუთარ მოედანზე ეთამაშება "დორტმუნდს". წესით, კარგი ფეხბურთი უნდა ვნახოთ. არც ერთმა და არც მეორე გუნდმა პრაქტიკულად არ იცის დაცვაში თამაში და აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს.

ამ შეხვედრის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ, დიდი ალბათობით, იულიან ნაგელსმანი ბოლო მატჩს ატარებს "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ხოლო
პეტერ შტიოგერი ნამდვილად ემშვიდობება "დორტმუნდს". რაც შეეხება "ჰოფეს"ახალგაზრდა თავკაცს, მას მსურველების რიგი უდგას და ასეთ დროს ძალიან რთულია, უარი თქვა საუკეთესო შეთავაზებაზე.

ორივე გუნდს ჰყავს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი, მაგრამ ამან გავლენა ვერ უნდა მოახდინოს თამაშის საერთო სურათზე. ნამდვილი ომია მოსალოდნელი, რომლის გამოტოვებაც არაფრით არ შეიძლება.

კონკურენტების ჯახით უნდა ისარგებლოს "ლევერკუზენმა". "ფარმაცევტები" საკუთარ მინდორზე "ჰანოვერს" ხვდებიან და თუ ჩემპიონთა ლიგაში გასვლა უნდათ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგონ. თანაც, გუნდმა ბოლო შეხვედრები ერთობ არასტაბილურად ჩაატარა და კითხვის ნიშანი დაუსვა ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე მოხვედრის ამოცანას.

სატურნირო ცხრილის ფსკერშიც ძალიან დიდი დაძაბულობაა. მაგალითად, ფინანსურად ძლიერი "ვოლფსბურგი" არის იქ, სადაც არანაირად არ უნდა იყოს. "მგლებს" მაინც აქვთ შანსი, რომ თავისტკივილი აიცილონ. საამისოდ, მათ მხოლოდ მოგება სჭირდებათ უკვე გავარდნილ "კიოლნთან".

მაგრამ გამარჯვების შემთხვევაშიც კი "ვოლფსბურგი" შეიძლება ვერ ასცდეს მე-16 ადგილს, თუ "ფრაიბურგმა" ქულა აიღო უმოტივაციო "აუგსბურგთან" საშინაო მატჩში. თუმცა მე-16 ადგილი ჯერ კიდევ არ არის კატასტროფა, რადგან მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსთან პლეი ოფში გამარჯვების შემთხვევაში იძლევა ელიტაში ადგილის შენარჩუნების გარანტიას.

"ჰამბურგს" რაც შეეხება, ის თავის თავზე არ არის დამოკიდებული. მცირე შანსის რეალობად ქცევას ეს ტრადიციული გუნდი "გლადბახთან" საშინაო შეხვედრაში შეეცდება. თუ სასწაული არ მოხდა, "ჰამბურგი" განწირულად მოჩანს.

ფაქტები
  • "ლევერკუზენსა" და "ჰანოვერს" შორის ბოლო ორ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "შტუტგარტმა" ზედიზედ სამ შეხვედრაში ითამაშა "მშრალი"ანგარიშით.
  • "ფრაიბურგსა"და აუგსბურგს"შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ჰამბურგსა" და "გლადბახს" შორის უკანასკნელ 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჰერტასა" და "ლაიპციგს" შორის ბოლო ორ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "დორტმუნდმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ჰოფენჰაიმს".
  • "შალკეს" 5 ბუნდესლიგურ მატჩში არ დაუმარცხებია "აინტრახტი".
  • "კიოლნმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ვოლფსბურგს".
  • "კიოლნსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო 5 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
ბუნდესლიგა. ბოლო ტური
შაბათი, 12 მაისი
ბაიერნი-შტუტგარტი 17:30
ფრაიბურგი-აუგსბურგი 17:30
ჰამბურგი-გლადბახი 17:30
ჰერტა-ლაიპციგი 17:30
ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 17:30
ლევერკუზენი-ჰანოვერი 17:30
მაინცი-ვერდერი 17:30
შალკე-აინტრახტი 17:30
ვოლფსბურგი-კიოლნი 17:30

ბომბარდირები: 29 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული