ბუნდესლიგა. XIX ტურის წინ: ლიდერის გასეირნება?

AutoSharing Option
ლიდერმა "დორტმუნდმა", წესით, ამ ტურში უნდა გაისეირნოს. ლუსიენ ფავრის მიერ გაწვრთნილი გუნდი აშკარა ფავორიტია. რა თქმა უნდა, ლიდერის რიგებში ისევ არიან დაშავებულები, მაგრამ "დორტმუნდს" აშკარად შეუძლია, მორიგი 3 ქულა ჩაიწეროს აქტივში.

მით უმეტეს, მეტოქე "ჰანოვერია", რომელიც უძლეველთა კატეგორიას სულაც არ განეკუთვნება. "დორტმუნდი" საშინაო ასპარეზზე ძალიან მრისხანე ძალაა. თან, მიზანი ჩემპიონობაა და ყველა ხვდება, რომ მიმდინარე სეზონი, რომელიც "ბაიერნისთვის" მთლიანობაში კარგი ვერაა, მიზნის მისაღწევად საუკეთესო დროა.

თუ "დორტმუნდმა" შეძლო და "კრისტალ პალასისგან" ვილფრიდ ზაჰა გადაიბირა, მაშინ ამ გუნდის შემტევი პოტენციალი მნიშვნელოვნად
გაიზრდება. იქამდე კი მოსაგები თამაშები უნდა მოიგოს.

ბოლო დროს "ბაიერნი" მადაზე მოვიდა და ყველაფერს იგებს. მიუხედავად ამისა, არ გვტოვებს შეგრძნება, რომ გერმანულ გრანდში ყველაფერი რიგზე ვერ არის. ვფიქრობთ, არ ვცდებით, თუმცა აუტსაიდერი "შტუტგარტი" ის გუნდი არ არის, რომ თუ სასწაული არ მოხდა, "ალიანც არენაზე" წინააღმდეგობა გაუწიოს "რეკორდმაისტერს".

ძალიან საინტერესო უნდა იყოს ტურის სასტარტო ჯახი. "ჰერტა" და "შალკე" ბოლო დროს შედეგიანად ვერ თამაშობენ, მაგრამ იმედი გვაქვს, ტრადიცია დაირღვევა და პარასკევ საღამოს არაერთ გოლს ვნახავთ.

"ლაიპციგს" უსათუოდ მოგება მართებს დიუსელდორფის "ფორტუნასთან" გასვლით შეხვედრაში, მაგრამ ამის გაკეთება იოლი როდია. გასაგებია, რომ ამ გუნდებს შორის სათამაშო კლასის თვალსაზრისით სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ "ფორტუნა" ყველა შეხვედრაში შმაგად იბრძვის და ხანდახან არც სენსაციებს ერიდება.

ბოლომდე მოუწევთ შესაძლებლობების გამოვლენა ჩემპიონთა ლიგის საგზურების სხვა პრეტენდენტებსაც. ერთი სიტყვით, ნამდვილად არ უნდა მოვიწყინოთ.

ფაქტები
  • "ჰერტასა" და "შალკეს" შორის ბოლო 6 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "გლადბახისა" და "აუგსბურგის" ბოლო 2 მატჩში ორივემ გაიტანა.
  • "დორტმუნდისა" და "ჰანოვერის" უკანასკნელ 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ფრაიბურგისა" და "ჰანოვერის" ბოლო 11 მატჩში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ვოლფსბურგისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 5 მატჩში ორივემ გაიტანა.
  • "ბაიერნმა ბოლო 2 მატჩში აჯობა "შტუტგარტს".
  • "ფორტუნასა" და "ლაიპციგის" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.

ბუნდესლიგა. XIX ტური
პარასკევი, 25 იანვარი
ჰერტა-შალკე 23:30

შაბათი, 26 იანვარი
დორტმუნდი-ჰანოვერი 18:30
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
მაინცი-ნიურნბერგი 18:30
გლადბახი-აუგსბურგი 18:30
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 18:30
ვერდერი-აინტრახტი 21:30

კვირა, 27 იანვარი
ბაიერნი-შტუტგარტი 18:30
ფორტუნა-ლაიპციგი 21:00

ბომბარდირები: 13 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 11 - მარკო როისი (დორტმუნდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ალასან პლეა (გლადბახი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული