ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის წინ ლიდერი "ბაიერნი" უახლოეს მდევარ "დორტმუნდს" 2 ქულით უსწრებს და 18 მაისს "აინტრახტს" მასპინძლობს, ხოლო "დორტმუნდი" სტუმრად "გლადბახს" შეხვდება. თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ გააკეთა კომენტარი.
"შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ. გასულ სეზონთან შედარებით, უკვე 18 ქულით მეტი დავაგროვეთ. ეს მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შეგვიძლია მივულოცოთ.
ბუნდესლიგის ფინიში ასეთი დაძაბული კარგა ხანია არ ყოფილა. ეს გვახარებს. ვფიქრობ, გერმანული ფეხბურთი ჩინებულ მდგომარეობაშია და ამით ვამაყობთ. უკანასკნელ ტურში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.
"ბაიერნმა" შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, ჩვენ კი ყველაფერი
მოვიპოვოთ. ამას მეტს ვერაფერს დავამატებ.
ამ სეზონში რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. მხოლოდ ბოლო მატჩის მოგება გვჭირდება. გუნდი ზეწოლას არ განიცდის", - განუცხადა ვატცკემ "ბილდს".