ინგლისის სუპერთასი: არსენ ვენგერი სეზონს ტიტულით იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისური "ქომუნითი შილდი", ჩვენებურად კი სუპერთასი, გადაჭედილ "უემბლიზე" ლონდონის "არსენალმა" მოიგო პენალტების სერიაში, რომელიც ახლებურ სტილში (ABBA) დაარტყეს.

"ჩელსი" პედრომ დაღუპა: მე-80 წუთზე ესპანელი ფეხბურთელი უკნიდან ეუხეშა ელ-ნენის, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. იმ დროისთვის "ჩელსი" ვიქტორ მოზესის გოლით იგებდა, მაგრამ სწორედ პედროს უხეშობისთვის დანიშნული ჯარიმიდან "არსენალის" ახალწვეულმა ზეად კოლაშინაცმა გაათანაბრა.

პენალტების სერია ახალ სტილში დაინიშნა, როცა პირველი დარტყმის შემდეგ მეორე გუნდი ორ პენალტს ურტყამს და ასე შემდეგ. ახალ სისტემას ალღო ვერ აუღეს "ჩელსის" ფეხბურთელებმა, პენალტები ტიბო კურტუამ (!) და
ალვარო მორატამ გააცუდეს.

გამარჯვებულებმა ვეტერანი გერმანელი პერ მერტეზაკერი ტრავმის გამო დაკარგეს. კაპიტანმა კეჰილმა ორთაბრძოლისას დააშავა "არსენალელი" მცველი, რომელსაც სახეზე სისხლი წასკდა.

არსენ ვენგერი (არსენალი): "არ ვიცი, ეკუთვნოდა თუ არა პედროს წითელი ბარათი, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ჩვენ ვდომინირებდით მოედანზე. ინგლისში თითოეული მატჩი ომია, ასე იყო სუპერთასზეც. ჩვენი ოცნება ფანების გაბედნიერებაა. მისი განხორციელება ძნელია, მაგრამ ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. მსურს, რომ ფანები ყოველთვის გვერდში გვედგნენ. "არსენალი" ერთიანი უნდა იყოს მთელი სეზონი".

ანტონიო კონტე (ჩელსი): "პედროს გაძევების ეპიზოდი ვერ დავინახე. ამიტომ მსაჯის შეფასება გამიჭირდება, მაგრამ ეს უკვე მეორე მატჩია ინგლისის თასის მერე, როცა მატჩს 10 კაცით ვასრულებთ. მუშაობას ვაგრძელებთ, ჩემპიონატი 6 დღეში იწყება და მზად უნდა ვიყოთ".

ფაქტები
  • ლონდონის "არსენალმა" მე-14-ედ მოიგო "ქომუნითი შილდი". მეტი ტიტული მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს - 18
  • "არსენალმა" სუპერთასზე მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო პენალტების სერიის მოგება
  • ზეად კოლაშინაცი "არსენალის" პირველი ახალწვეულია 2002 წლის მერე (ჟილბერტო სილვა), ვინც კლუბში სადებიუტო გოლი სუპერთასის მატჩში გაიტანა
  • ბოლოს სუპერთასზე "ჩელსის" ფეხბურთელი გააძევეს - 2012 წელს ივანოვიჩი
  • არსენ ვენგერმა "არსენალის" საშინაო არენის შემდეგ (ჰაიბერი/ემირეიტსი) ყველაზე მეტი გამარჯვება "უემბლიზე" იზეიმა - 12
  • ბოლო სამი წელიწადია, სუპერთასს თასის მფლობელი გუნდი იგებს

არსენალი-ჩელსი 1:1 (4:1 პენ.)

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - ჰოლდინგი, მერტეზაკერი (33. კოლაშინაცი), მონრეალი - ბელერინი, ელნენი, ჯაკა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - ივობი (66. უოლკოტი), უელბეკი (88. ნელსონი) - ლაკაზეტი (66. ჟირუ)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, კეჰილი - მოზესი, ფაბრეგასი, კანტე, ალონსო (79. რიუდიგერი) - ვილიანი (82. მუსონდა), პედრო - ბატშუაი (74. მორატა)
გაძევება: პედრო (80)
გოლები: 0:1 მოზესი (46), 1:1 კოლაშინაცი (82)
პენალტების სერია: 0:1 კეჰილი; 1:1 უოლკოტი; 2:1 მონრეალი; 2:1 კურტუა; 2:1 მორატა; 3:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი, 4:1 ჟირუ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული