პრემიერლიგა. III ტური: ვენგერს იდეები შემოელია [VIDEO]

AutoSharing Option
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთია მიმდინარე პრემიერლიგაში, რომელმაც სამივე სასტარტო მატჩი მოიგო
  • "არსენალი" ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა ისე, რომ გოლი არ გაუტანია. შესაძლოა, არსენ ვენგერისთვის ეს გადამწყვეტი დღეები იყოს
  • კიდევ ორი მწვრთნელი, რომელსაც უკვე ემუქრება მოხსნის საფრთხე, სლავენ ბილიჩი ("ვესტ ჰემი") და რონალდ დე ბურია ("კრისტალ პალასი")
  • ფორმაში შედის მოქმედი ჩემპიონი "ჩელსი", რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო


ლივერპული - არსენალი

მნიშვნელოვანი მომენტები
ეს იყო მატჩი, სადაც თავისი რეალური ძალა ორივე გუნდს უნდა ეჩვენებინა. მაღალი კლასის ოსტატებისგან დაკომპლექტებული "არსენალი" ძალიან უსუსური იყო "ლივერპულის" წინააღმდეგ, რომელმაც შეტევაში
ბრწყინვალე თამაში აჩვენა და ისიც დიდი საქმეა, რომ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო "მშრალად". თავად იურგენ კლოპიც ხომ აღიარებს, რომ მისი გუნდის სუსტი წერტილი უკანა ხაზია.

არსენ ვენგერი კი შეიძლება ნანობს კიდეც, რომ კონტრაქტი გააგრძელა და პენსიაზე არ გავიდა. ღირდა კი? აშკარაა, რომ ამ მართლაც მაღალი რანგის სპეციალისტმა ამოწურა შესაძლებლობები, აღარ არის იდეები... ასეც ხდება ყველა მწვრთნელის ცხოვრებაში და ეს გასაკვირი არაა.

საინტერესო სტატისტიკაა - კლოპის "ლივერპულმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო "მეთოფეებს" და ამ სამ მატჩში 11(!) გოლი გაუტანა.

საუკეთესო მოთამაშეები
მასზე ამბობენ, რომ "ლივერპულისთვის" ახალი ლუის სუარესია. მართლაცდა, სადიო მანე შესანიშნავ ფორმაშია. გარდა ერთი გოლისა, "არსენალთან" მატჩში 25 წლის სენეგალელის პასების 90.6 პროცენტი ზუსტი იყო.

ფაქტები
  • "არსენალმა" ბოლოს ასეთი ანგარიშით 2015 წელს, "საუთჰემპტონთან" წააგო
  • "არსენალის" მიერ 4 და მეტბურთიანი სხვაობით წაგებული 8 მატჩიდან ნახევარი ლივერპულის "ენფილდ როუდზე" მოდის
  • "არსენალს" ერთხელაც არ მოურტყამს მიზანში
  • რობერტო ფირმინომ "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა
  • რობერტო ფირმინომ ერთ მატჩში "გოლი+პასი" 8-ჯერ შეასრულა პრემიერლიგაში დებიუტის (2015 წლის აგვისტო) შემდეგ. ამაზე მეტი სხვა ფეხბურთელებს არ გაუკეთებიათ. ანალოგიური მაჩვენებელი აქვთ დიეგო კოშტასა და რომელუ ლუკაკუს

ბორნმუთი - მანჩესტერ სიტი
მნიშვნელოვანი მომენტები
"მანჩესტერ სიტის" "ბორნმუთთან" საგარეო წარმატება დიდი ნერვიულობის, 6 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათის ფასად დაუჯდა. რაჰიმ სტერლინგი, ვინც "ევერტონთან" მატჩში ქულა გადაურჩინა "ქალაქელებს", ხოლო შაბათს, უკვე დამატებულ მე-7 წუთზე, სულაც გამარჯვება დაუბევა გუნდს, უნებლიეთ იქცა ანტიგმირად, როცა თანაგუნდელებთან ერთად ზეიმის შემდეგ არბიტრმა მაიკ დინმა თავისთან უხმო და... მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.

პეპ გვარდიოლასთვის (ოთხი ფეხბურთელი შეცვალა ძირითადში "ევერტონთან" მატჩის შემდეგ), ისევე, როგორც ბევრი ექსპერტისთვის, გაუგებარი დარჩა რეფერის ეს გადაწყვეტილება. ზოგან გაჩნდა ვერსიაც, თითქოს, მოზეიმე ფორვარდმა ადგილობრივ პუბლიკას შუა თითი უჩვენა, რაც იმ ალიაქოთში ძნელი გასარჩევი იყო. შეიძლება მართალიცაა. ყოველ შემთხვევაში, ამას უტყუარი მტკიცებულება სჭირდება.

საერთოდ, დინის მოქმედება BBC-ს ექსპერტთა ჯგუფმა უარყოფითად შეაფასა სხვა საკამათო გადაწყვეტილებების გამოც. მაგალითად, პირველი ტაიმის შუაწელში გაძევებას იმსახურებდა "ბორნმუთის" ცენტრალური მცველი ნათან აკე, მაგრამ დინი მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა. თუნდაც 11 ყვითელი ბარათი, რაც პრემიერლიგისთვის ძალიან ბევრია, მიუთითებს, რომ არბიტრი თამაშის სადავეებს ბოლომდე ვერ იმორჩილებდა.

მაგრამ ერთია - სტერლინგის გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე "ბორნმუთელ" ჯოშუა კინგს რეალური მომენტი რომ გამოეყენებინა (ხელსაყრელ სიტუაციაში პირდაპირ მეკარე ედერსონს დაუმიზნა), დინის შეცდომები აღარავის ეხსომებოდა...

ფაქტები
  • რაჰიმ სტერლინგისთვის ეს არის პირველი წითელი ბარათი მის პრემიერლიგურ კარიერაში (162 მატჩი)
  • რაჰიმ სტერლინგმა "ბორნმუთს" უკვე 6 გოლი გაუტანა - ყველაზე მეტი, ვიდრე სხვა გუნდების კარში
  • რაჰიმ სტერლინგმა 11 მატჩში, როცა ძირითად შემადგენლობაში იყო, "მანჩესტერ სიტის" 12 გოლში მიიღო მონაწილეობა
  • "მანჩესტერ სიტის", პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში, თითოეულ მატჩში ბურთის ფლობის მინიმუმ 55-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. "ბორნმუთთან" მატჩში ეს მაჩვენებელი 71 პროცენტს გაუტოლდა
  • "ბორნმუთმა" "სიტისთან" ოთხივე პრემიერლიგური მატჩი წააგო, საერთო ანგარიშით - 1:15

მანჩესტერ იუნაიტედი - ლესტერი
მნიშვნელოვანი მომენტები
"ოლდ ტრაფორდის" მატჩის საკვანძო მონაკვეთი 70-ე წუთიდან დადგა, როცა მარკუს რაშფორდმა და მარუან ფელაინიმ პირველ ორ ტურში ანტონი მარსიალის მიერ დამკვიდრებული "ტრადიცია" გააგრძელეს და შეცვლაზე შესულებმა "იუნაიტედის" 100-პროცენტიანი სტარტი თითო გოლით უზრუნველყვეს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ქების სიტყვები მწვრთნელსაც ეკუთვნის. ცნობისთვის - ჟოზე მოურინიომ "ოლდ ტრაფორდზე" 31-ე წაუგებელი მატჩი ჩაატარა.

თუმცა ამდენი ძალისხმევაც არ იქნებოდა საჭირო, მეორე ტაიმის დასაწყისში რომელუ ლუკაკუს პენალტი რომ გაეტანა.

სიმბოლური მომენტი
"ლესტერის" მეკარე კასპერ შმაიხელმა, "იუნაიტედის" ლეგენდარული მეკარის, პეტერ შმაიხელის ვაჟმა, "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" საწინააღმდეგოდ პენალტი მოიგერია.

ფაქტები
  • მეექვსე შემთხვევაა (მეოთხე - პრემიერლიგის დაარსებიდან), რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში გოლი არ გაუშვა. საყურადღებოა, რომ წინა ხუთ შემთხვევაში ტიტულის მოგება ვერ შეძლო
  • პირველ სამ ტურში 5 საგოლე პასით ჰენრიხ მხითარიანი გაუთანაბრდა რეკორდსმენ რუელ ფოქსს (1994/95, "ნიუკასლი")
  • რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგაში ბოლო 3 პენალტიდან 2 ვერ გაიტანა

ჩელსი-ევერტონი
ფაქტები
  • "ევერტონს" მხოლოდ 3 შეხება ჰქონდა ბურთთან "ჩელსის" საჯარიმოში 85-ე წუთამდე, მაშინ, როცა ბოლო 5 წუთში იყო - 4
  • როლანდ კუმანის მწვრთნელობის პერიოდში "ევერტონმა" "ჩელსისთან" 10 გოლი გაუშვა - ორჯერ მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მეტოქესთან
  • 2016/17 წლების სეზონიდან მოყოლებული, ალვარო მორატამ 17 თავური გაიტანა, რაც მთელი მისი გოლების 47 პროცენტია
  • ალვარო მორატა პირველი ფეხბურთელი გახდა პრემიერლიგაში, ვინც სტარტიდან პირველ ორ საშინაო მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა
  • "ევერტონს" 23 წელიწადია, "სტემფორდ ბრიჯზე" არ მოუგია

ტოტენჰემი-ბარნლი
ფაქტები
  • 1974 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ტოტენჰემმა" "ბარნლის" შინ დამარცხება ვერ შეძლო
  • 2016 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ტოტენჰემმა" ვერ მოიგო მატჩი, რომელშიც თავიდან დაწინაურდა. მანამდე "მამლებს" ასეთი ზედიზედ 21 თამაში ჰქონდათ მოგებული.

ბორნმუთი-მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 დენიელსი (13), 1:1 ჟეზუში (21), 1:2 სტერლინგი (90+7)
სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, კომპანი, ოტამენდი, მენდი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (90+10. სტოუნზი) - ბერნარდო სილვა (67. აგუერო), სტერლინგი, ჟეზუში (82. სანე).
გაძევება: სტერლინგი (90+9. მანჩესტერ სიტი)


კრ. პალასი-სუონსი 0:2
გოლები: 0:1 აბრაჰამი (44), 0:2 ჯ. აიუ (48)


ნიუკასლი-ვესტ ჰემი 3:0
გოლები: 1:0 ხოსელუ (36), 2:0 კლარკი (72), 3:0 მიტროვიჩი (86)


უოტფორდი-ბრაიტონი 0:0
გაძევება: ბრიტოსი (24. უოტფორდი)


მანჩესტერ იუნ-ლესტერი 2:0
გოლები: 1:0 რაშფორდი (70), 2:0 ფელაინი (82)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ბაილი, ჯოუნსი, ბლინდი - პოგბა, მატიჩი - მატა (67. რაშფორდი), მხითარიანი (74. ფელაინი), მარსიალი (76. ლინგარდი) - ლუკაკუ.
გამოუყენებელი პენალტი: ლუკაკუ (52. მანჩესტერ იუნაიტედი)


ჩელსი-ევერტონი 2:0
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (27), 2:0 მორატა (40)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, რიუდიგერი - მოზესი (89. კრისტენსენი), ფაბრეგასი, კანტე, ალონსო - ვილიანი, პედრო (75. ბაკაიოკო) - მორატა (76. ბატშუაი).


ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 როდრიგესი (61), 1:1 კრაუჩი (77)


ლივერპული-არსენალი 4:0
გოლები: 1:0 ფირმინო (17), 2:0 მანე (40), 3:0 სალაჰი (57), 4:0 სტარიჯი (77)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ჩანი (84. გრუჯიჩი), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, მანე (74. სტარიჯი), ფირმინო (80. მილნერი).
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - ჰოლდინგი, კოსიელნი, მონრეალი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (62. ლაკაზეტი), რემზი (46. კოკელენი), ჯაკა, ბელერინი - იოზილი, სანჩესი (62. ჟირუ) - უელბეკი.


ტოტენჰემი-ბარნლი 1:1
გოლები: 1:0 ალი (49), 1:1 ვუდი (90+2)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დემბელე (90+3. დავინსონ სანჩესი), დაიერი - სონი (70. სისოკო), ერიქსენი (88. უინქსი), ალი - კეინი.


ჰადერსფილდი-საუთჰემპტონი 0:0


ბომბარდირები
: 3 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სადიო მანე (ლივერპული).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
arsenalic qartul klubebs daemsgavsa,shedegi nuli mwvrtneli adgilzea tan wlebia
euhh
11:58 28-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული