ჩემპიონთა ლიგაში "რომასთან" მომქანცველი საფეხბურთო თრილერი რომ გადაიტანა, ლონდონელები ახლა შინ წინა ტურის ერთ-ერთ გმირს, "უოტფორდს" მიიღებენ კანტეს, მოზესისა და დრინკუოტერის გარეშე.
სტუმარს შემადგენლობა შეთხელებული ჰყავს, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზეა, რადგან წინა ტურში საკუთარ მოედანზე თვით "არსენალი" გააკრა ბეჭებზე ("უოტფორდი" თავიდან აგებდა) და... მეოთხე ადგილზე აღზევდა.
ბაილის, ქერიკის, ფელაინის, იბრაჰიმოვიჩისა და პოგბას გარეშე "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლაზე მაინც იოლად უნდა გაუმკლავდეს "ჰადერსფილს". ჟოზე მოურინიო წინა ტურში "ენფილდზე" დაუზავდა "ლივერპულს" და, წესით, ქულების დაკარგვა აღარ უნდა დაუშვას,
რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი ლიდერი უდავო ფავორიტია "ბარნლისთან" საშინაო მატჩში. "ქალაქელებს" არ ეყოლებათ მენდი, კომპანის მინდორზე გასვლას კი დიდი კითხვის ნიშანი უზის, სამაგიეროდ, მოსალოდნელია სერხიო აგუეროს დაბრუნება.
დაბოლოს, ჯადოსნური ინგლისური კვირა ორი შესანიშნავი მატჩით. "ევერტონმა", ბევრი პრემიერლიგის მთავარსიურპრიზობას რომ უწინასწარმეტყველებდა, ოდესმე უნდა გაიღვიძოს. და რატომ არ შეიძლება, ეს არასტაბილურ "არსენალთან" მატჩში მოხდეს? "ბოროტი ენები" ამბობენ, თუ "მეთოფეებთანაც" დამარცხდა, "ევერტონის" თავკაც რონალდ კუმანს კარისკენ მიუთითებენო...
მასპინძლებს დააკლდებიან ბარკლი, ფუნეს მორი და ბოლასი. შეიძლება, უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნდეს ირლანდიის ნაკრების კაპიტანი სიმუს კოულმენი. რაც შეეხება "არსენალს", არსენ ვენგერს ფონს გასვლა კასორლას, ჩემბერსის, მუსტაფისა და უელბეკის გარეშე მოუწევს.
ტური კი დაიხურება მთავარი მატჩით, რომელშიც "ტოტენჰემი" მიიღებს "ლივერპულს". მასპინძლები, ფაქტობრივად, საბრძოლო შემადგენლობით არიან. "ლივერპული" კი უკვე მიეჩვია ადამ ლალანას გარეშე თამაშს. ეგაა, იურგენ კლოპის გუნდს თავდასხმაში ძალიან დაეტყობა ტრავმირებული ლიდერის, სენეგალელი სადიო მანეს არყოფნა.
ფაქტები
- "უოტფორდს" "ჩელსისთვის" 1999 წლის შემდეგ არ მოუგია.
- "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგაში პირველად ითამაშებს "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ.
- "მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე პრემიერლიგაში ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგო.
- "ლესტერს" ამ ტურში დროებითი მწვრთნელი მაიკლ ეფლტონი გაუძღვება.
- "ევერტონსა" და "არსენალს" შორის გამართული ბოლო 5 მატჩიდან 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ტოტენჰემმა" "ლივერპულს" პრემიერლიგაში ბოლოს 2012 წელს მოუგო.
პარასკევი, 20 ოქტომბერი
ვესტ ჰემი-ბრაიტონი 23:00
შაბათი, 21 ოქტომბერი
ჩელსი-უოტფორდი 15:30
ჰადერსფილდი-მანჩესტერ იუნ 18:00
მან. სიტი-ბარნლი 18:00
ნიუკასლი-კრ. პალასი 18:00
სტოკი-ბორნმუთი 18:00
სუონსი-ლესტერი 18:00
საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 20:30
კვირა, 22 ოქტომბერი
ევერტონი-არსენალი 16:30
ტოტენჰემი-ლივერპული 19:00
ბომბარდირები: 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), გაბრიელ ჟეზუში (სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ალვარო მორატა (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"