როგორ ცვლის მსოფლიოს უკეთესობისკენ ხუან მატა

AutoSharing Option
90-იანი წლების დასაწყისში, მშობლები ეხვეწებოდნენ იურგენ გრისბეკს, უარი ეთქვა ასპირანტურაზე შორეულ და სახიფათო კოლუმბიაში.

კიოლნელმა სტუდენტმა თავად არ იცოდა, რამ წაიყვანა შორეულ მედელინში, სადაც წელიწადში, საშუალოდ, 5 ათასი ადამიანი იღუპებოდა. სწავლების მეორე კურსზე ბიჭი მიხვდა: ეს ბედისწერა იყო. იურგენს შეუყვარდა გოგონა პარალელური ჯგუფიდან და მათ ნახევარი წლის შემდეგ იქორწინეს.

რაკელი, პარალელურად, ფოტოგრაფად მუშაობდა საფეხბურთო კლუბ "ატლეტიკო ნასიონალში" და ერთხელ, შინ თვალცრემლიანი დაბრუნდა. გოგონამ ქმარს კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელ ანდრეს ესკობარის მკვლელობის საშინელი ისტორია მოუყვა. მცველი მედელინში, ღამის კლუბის ავტოსადგომზე მოკლეს.

ინციდენტი
მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე აშშ-კოლუმბიის (2:1) მატჩიდან რამდენიმე დღეში მოხდა. იმ შეხვედრაში ესკობარმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი. ანდრესმა ექვსი ტყვია მიიღო ნარკობარონის მძღოლისგან, რომელსაც დიდი ფული ედო თანამემამულეების მოგებაზე.

ამ ტრაგედიის შემდეგ, ფაუსტინო ასპრილიამ და კარლოს ვალდერამამ პირადი მცველები აიყვანეს, კიდევ რამდენიმე კოლუმბიელმა მოთამაშემ უარი თქვა ნაკრებში თამაშზე.

ესკობარის მკვლელობამ, ერთგვარად გააერთიანა ქვეყანა და გარდაქმნების კატალიზატორად იმუშავა.

"იმ დროს სულ მარტივად შეიძლებოდა ტყვია მიგეღო ქუჩაში მხოლოდ იმის გამო, რომ ორი ბანდიტი ერთმანეთში სანაძლეოს დადებდა - რომელ მხარეს გადავარდებოდა მსხვერპლი გასროლის შემდეგ", - გაოგნებული ლაპარაკობდა გერმანელი.

იმ წლების რეზონანსულმა მოვლენამ ძალიან იმოქმედა გრისბეკზე. მან უნივერსიტეტიდან დოკუმენტები გამოიტანა და დააარსა ორგანიზაცია - "ფეხბურთი მშვიდობისთვის". მას მედელინში ძალადობის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა.

იურგენის სოციალურმა მოღვაწეობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 23-წლიანი მუშაობის პერიოდში, მისმა ორგანიზაციამ გააფართოვა გავლენა კოლუმბიის ფარგლებს გარეთ და გახსნა ფილიალი 80 ქვეყანაში, ცენტრალური ოფისით ბერლინში.

დღეს, გრისბეკის ფონდი მხარს უჭერს მთელ მსოფლიოში 120-ზე მეტ საქველმოქმედო პროექტს.

"ყოველდღიურად, ჩვენ ვმუშაობთ 2.5 მილიონ ახალგაზრდა ადამიანთან ერთად. ვაწყდებით უამრავ დაუჯერებელ ისტორიას. ჩვენ ვეხმარებით შიდსით დაავადებულებს აფრიკაში, ობლებს ინდოეთში, უსახლკაროებს დიდ ბრიტანეთში... ფეხბურთის დახმარებით, ხდება ამ ადამიანების ინტეგრირება საზოგადოებაში", - ამაყობს გერმანელი.

* * *

დიდი მიღწევების მიუხედავად, იურგენს ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ მას მეტის გაკეთება შეუძლია.

ერთხელ ტელევიზორში არხებს ათვალიერებდა და სწორედ ამ დროს წააწყდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ხუან მატას ინტერვიუს.

ქველმოქმედმა მეტად საინტერესო რამ მოისმინა და გონებაში რაღაც გაუნათდა.

"ფეხბურთელები უსირცხვილოდ ბევრ ფულს იღებენ. მე საპნის ბუშტში ვცხოვრობ, იმ დროს, როცა ჩემი მეგობარი მართლაც რეალურ სამყაროში არსებობს და იბრძვის, - ამბობდა მატა, რომელიც "მანჩესტერში" კვირაში 180 ათას ევროს გამოიმუშავებს. - ჩემმა მეგობარმა უნდა იმუშაოს, მიიღოს უმუშევრის დახმარება, გადაბარგდეს ერთი ადგილიდან მეორეში, სანამ სამუშაოს იპოვის... ეს არის ნორმალური ცხოვრება. ჩემი, როგორც ფეხბურთელის ცხოვრება - არანორმალურია. სიამოვნებით დავთანხმდებოდი ნაკლებ ხელფასს, თუ ეს სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა".

ხუან მატას სულიერი დისკომფორტი გაძლიერდა მისი მთავარი გულშემატკივრის - ბაბუა მანუელის სიკვდილის შემდეგ, 2017 წლის გაზაფხულზე. ხუანი კიდევ უფრო მეტ სიცარიელეში აღმოჩნდა და საფეხბურთო სამყაროს შეცვლის კიდევ უფრო მეტი აუცილებლობა იგრძნო.

გრისბეკის სატელეფონო ზარი დროული აღმოჩნდა. გერმანელმა ნახევარმცველს შესთავაზა - დაეარსებინათ ორგანიზაცია Common Goal ("საერთო მიზანი"), რომლის არსი იქნებოდა - ფეხბურთელების მიერ ხელფასის ერთი პროცენტის ქველმოქმედებაზე გადარიცხვა.

ხუანი დათანხმდა და პირველი საშუალედო მიზანი დაისახა - შეეგროვებინა გუნდი ამგვარი არაგულგრილი ფეხბურთელებისგან.

"ვეძებ ჩემი გუნდისთვის მწვრთნელებს, მოთამაშეებს, ქალ ფეხბურთელებს... არ აქვს მნიშვნელობა, საიდან: აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან. არ არის აუცილებელი ისინი ჩემი თანაგუნდელები იყვნენ, შეიძლება ისეთებიც გამოჩნდნენ, რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია ან ისინი, რომლებიც მაღალ დონეზე არ გამოდიან. და არა მხოლოდ ფეხბურთელები: მენეჯერები, პრეზიდენტები, კლუბები და ფედერაციებიც კი. პროცენტი თითოეული ხელფასიდან, თითოეული კონტრაქტიდან, კლუბის თითოეული ანგარიშიდან, აგენტისგან, ფედერაციისგან პირდაპირ წავა სპეცპროექტებზე", - აენთო ესპანელი.

Common Goal-ის ორთვიანი მუშაობის პერიოდში, ხუან მატას შეუერთდა ექვსი ადამიანი: "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, "ბაიერნის" მცველი მატს ჰუმელსი, "იუვენტუსის" მცველი ჯორჯო კიელინი, აშშ-ის ქალთა ნაკრების ფეხბურთელები - ალექს მორგანი და მეგან რაპინო. ჯერჯერობით, ყველაზე ბოლოს ამ გუნდში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი სერჟ გნაბრი გაწევრიანდა.

ზაფხულის შვებულების დროს, მატამ მუმბაიში იმოგზაურა ორგანიზაცია "ფეხბურთი მშვიდობისთვის" ელჩის რანგში და კიდევ ერთხელ დარწმუნდა - რამდენად დიდია უფსკრული მასსა და სხვა ადამიანებს შორის.

"მადლიერი ვარ ოჯახისა და ფეხბურთის იმის გამო, რაც მომცეს. ბევრ ბავშვს ინდოეთში საჭმელი საერთოდ არ აქვს, ამიტომაც, ფეხბურთზე ლაპარაკი ზედმეტია. მინდა, რომ ყველას ჰქონდეს ისეთივე შანსი, როგორც მე", - მატა სერიოზულად არის განწყობილი.

უეფა, ფიფა და სხვა ორგანიზაციები დიდ თანხებს დებენ ფეხბურთის განვითარებაში, მაგრამ კორუფციის მაღალი დონისა და ადმინისტრაციული ხარჯების გამო, დახმარება ყოველთვის არ მიდის ადრესატამდე.

ამიტომაც, პროექტის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ფეხბურთმა თავად უნდა გაიუმჯობესოს საკუთარი თავი და არ დაელოდოს დახმარებას ინვესტორებისგან ან ფონდებისგან.

"ჩვენ ვცდილობთ, დავნერგოთ ფეხბურთში ფილანთროპია. აი, რატომ ვლაპარაკობთ ერთ პროცენტზე და არა ათზე, - ხსნის გრისბეკი. - მოთამაშეებს არ სჭირდებათ მილიონების შეწირვა, საკმარისია გაიღონ ერთი პროცენტი, მაგრამ ეს ერთობლივად გააკეთონ. მნიშვნელოვანია დავნერგოთ სოციალური პასუხისმგებლობა ფეხბურთის დნმ-ში".

მატა და გრისბეკი ამ თანხებს განიხილავენ როგორც ინვესტიციას და არა შემოწირულობას. ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ გამოყოფილი თანხები ფეხბურთში ჩართავს მოსახლეობის დაუცველ ფენებს.

"მე ტკივილამდე მივყავარ იმ აზრს, რომ ორ მილიარდზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, მთლიანი მოსახლეობის 12 პროცენტი კი რეგულარულად შიმშილობს", - აღშფოთებულია მატა.

თუ "საერთო მიზნის" წევრებს გამოუვათ ამ პროცენტის ოდნავ მაინც შემცირება და ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლება, მაშინ ფეხბურთი არა მხოლოდ, მათი ცხოვრების ნაწილი გახდება, არამედ ეს სახეობა პერსპექტივაში შეიძენს ხარისხიანი პროდუქტის ახალ პოტენციურ მომხმარებლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაცი ეს ყოფილა! ბრავო!
ქუთაისელი
20:03 04-11-2017
0
მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ და მიხარია რო მატა მარტო კიარ მატაობს და გოლები გააქვს მოედნის გარეთაც მებრძოლი და გუნდური ადამიანია
ManЧестერი
19:58 04-11-2017
0

სიახლეები პოპულარული