პრემიერლიგა. XIV ტური: შეგვეძლო სიგარაც გაგვებოლებინა... [VIDEO]

AutoSharing Option
კლოდ პიუელმა "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი 3 ქულა იზეიმა, თან გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც - "მელიებმა" ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ტოტენჰემი" გააკრეს ბეჭებზე.

"ჩემპიონობა" ვახსენეთ და შეიძლება ადრე იყოს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ "კინგ ფაურზე" განცდილმა ფიასკომ სწორედაც დიდი დარტყმა მიაყენა "მამლების" საჩემპიონო შანსებსა თუ ოცნებებს...

"მშვიდი რევოლუცია" - ასე აფასებენ პიუელის ერთთვიან მუშაობას ინგლისელი ექსპერტები. მისი ხელმძღვანელობით "ლესტერმა" 5 მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და ერთიც წააგო, ისიც - "მანჩესტერ სიტისთან".

დავუბრუნდეთ "ტოტენჰემს". როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ გარჯას
შინაური საქმეები ეწირება. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მიმდინარე პრემიერლიგაში უკვე 4 მატჩი წააგო, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელ წინა ჩემპიონატში.

კონკრეტულად ბოლო მატჩში დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი "ტოტენჰემის" დაცვა იყო, რომელიც ზედმეტად "მაღლა", ცენტრისკენ იყო აწეული, რაც ჯეიმი ვარდის მეტ სივრცეს უტოვებდა სტუმრების უკანახაზელთა ზურგს უკან მოქმედებისთვის. ამის შედეგი იყო სწორედ მისი გოლიც, როცა კარიდან წინ გამოსულ უგო ლორისს ეფექტურად გადაუგდო ბურთი თავზე.

საინტერესოა, როგორ შეაფასეს დაპირისპირება თავად მწვრთნელებმა. პიუელმა თქვა: "ეს იყო საუკეთესო მატჩი, რაც კი გუნდმა ჩემს ხელში ითამაშა. ამას გარდა, ძალიან საინტერესო რაღაცები მენიშნა სამომავლოდ. შესაძლოა, ამაზე ავაგოთ კამპანიის დარჩენილი ნაწილი და ცხრილშიც გაცილებით სოლიდურ პოზიციაზე აღმოვჩნდეთ... ფანტასტიკური გოლები გავიტანეთ, მაგრამ მარტო გოლები არ არის საქმე, თამაშის ხარისხიც, ბურთის კონტროლიც მაღალ დონეზე გვქონდა".

მაურისიო პოჩეტინო: "ძალიან ცუდად დავიწყეთ მატჩი, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც საბოლოო შედეგი. ეს კარგი გაკვეთილია ჩვენთვის. ყველა თამაშში თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ გოლზე... "ლესტერმა" გაცილებით მეტი ჟინით ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შანსები თამაშის გადასარჩენად, მეტოქის გამარჯვება მაინც დამსახურებულია".


"3:0-ს ვიგებდით და ისეთი სიტუაცია იყო, შეგვეძლო სიგარაც გაგებოლებინა, მაგრამ... მათ არაფრისგან გაიტანეს ორი გოლი და იოლი გზა გაგვირთულეს. საბოლოოდ, ლინგარდმა "მოკლა" თამაში. არ უნდა მიგვეყვანა საქმე აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში 3 გოლი გავიტანეთ, მეორე ნახევარში ისეთი თამაში წავიდა, გაცილებით ადვილი იყო მეტოქის კარის აღება, მაგრამ რეალური შანსები ვერ გამოვიყენეთ", - ასე შეაჯამა თამაში ჟოზე მოურინიომ.

"იუნაიტედმა" ზედიზედ 2 საგარეო მარცხის შემდეგ გაიმარჯვა და თანაქალაქელი "სიტის" მთავარ ოპონენტად რჩება. აღსანიშნავია ეშლი იანგის დუბლი ყოფილი გუნდის კარში. ბოლოს ერთ მატჩში 2 გოლი მას სწორედ "უოტფორდის" მაისურით, ამავე სტადიონზე ჰქონდა გატანილი 2006 წლის ოქტომბერში.


ფაქტები

  • 2001/02 წლების სეზონის შემდეგ "ლესტერმა" პრემიერლიგაში შინ პირველად დაამარცხა "ტოტენჰემი".
  • პრემიერლიგის წინა სეზონიდან მოყოლებული, ჯეიმი ვარდიმ 11 გოლი გაიტანა "დიდი ექვსეულის" გუნდების კარში - ხუთით მეტი, ვიდრე ყველა სხვა ფეხბურთელმა.
  • ჰარი კეინმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, 11 გოლი გაუტანა "ლესტერს" - ოთხით მეტი, ვიდრე სხვა გუნდების კარში.
  • პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში რიად მაჰრეზმა ("ლესტერი") 5 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გაიტანა, ორიც საგოლე პასი გააკეთა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდს" ბოლო 9 პრემიერლიგური მატჩიდან 8 მოუგო (ერთი მარცხი წინა სეზონში), ხოლო 7 მატჩიდან თითოეულში სულ მცირე, 2 გოლი გაუტანა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერლიგის 14 მატჩში 32 გოლი გაიტანა და მხოლოდ 8 გაუშვა. "იუნაიტედის" ბურთების სხვაობა (+24) საუკეთესო მაჩვენებელია მისთვის 2000/01 წლების სეზონის შემდეგ, როცა ამავე ეტაპზე +26 ჰქონდა.
  • რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა და ამ მატჩებში გატანილი 93 გოლით მხოლოდ 10 ფეხბურთელს ჩამორჩება.
  • ტროი დინიმ პრემიერლიგაში 12 პენალტი დაარტყა და 11 გაიტანა, აქედან 3 - "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში, ყველა - საკუთარ მოედანზე და ზედიზედ - ბოლო სამ სეზონში.
  • 1998 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის სემ ფილდი ("ვესტ ბრომვიჩი") მეორე ფეხბურთელია ტომ დევისის ("ევერტონი") შემდეგ, ვინც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.
  • "კრისტალ პალასმა" არ გაუშვა გოლი "ბრაიტონთან" მატჩში, რაც ამ გუნდისთვის პირველი შემთხვევაა მიმდინარე პრემიერლიგაში.
  • "კრისტალ პალასს" არ გაუტანია გოლი პრემიერლიგის ზედიზედ 9 გასვლით მატჩში (2 მატჩი წინა სეზონიდან), მიმდინარე კამპანიის სტარტიდან კი სულ 7 "მშრალი" საგარეო მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ერთით ჩამორჩება "დერბი ქაუნთის" ანალოგიურ "მიღწევას" 2007/08 წლების სეზონში.
პრემიერლიგა. XIV ტური:
არსენალი-ჰადერსფილდი 5:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (3), 2:0 ჟირუ (68), 3:0 ალექსის სანჩესი (69), 4:0 იოზილი (72), 5:0 ჟირუ (87)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი (73. უილშირი), ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი, ალექსის სანჩესი (73. უელბეკი) - ლაკაზეტი (46. ჟირუ).


ბორნმუთი-ბარნლი 1:2

გოლები: 0:1 ვუდი (37), 0:2 ბრეიდი (65), 1:2 ჯ. კინგი (79)

ჩელსი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 რიუდიგერი (55)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - რიუდიგერი, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა (75. მოზესი), ფაბრეგასი, კანტე, ალონსო - ვილიანი (81. დრინკუოტერი), პედრო (81. აზარი) - მორატა.


ევერტონი-ვესტ ჰემი 4:0
გოლები: 1:0 რუნი (18), 2:0 რუნი (28), 3:0 რუნი (66), 4:0 ე. უილიამსი (78)
გამოუყენებელი პენალტი: რუნი (18. ევერტონი), ლანსინი (59. ვესტ ჰემი)


მან. სიტი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (47), 1:1 რომეუ (75), 2:1 სტერლინგი (90+6)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, კომპანი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (80. ბერნარდო სილვა) - გაბრიელ ჟეზუში (74. დავიდ სილვა), სტერლინგი, აგუერო.


სტოკი-ლივერპული 0:3
გოლები: 0:1 მანე (17), 0:2 სალაჰი (77), 0:3 სალაჰი (83)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (67. მილნერი), ჩანი - მანე (89. ჰენდერსონი), ფირმინო, სოლანკე (67. სალაჰი).


ბომბარდირები: 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

2 დეკემბერი: ჩელსი-ნიუკასლი, ბრაიტონი-ლივერპული, ევერტონი-ჰადერსფილდი, ლესტერი-ბარნლი, სტოკი-სუონსი, უოტფორდი-ტოტენჰემი, ვესტ ბრომვიჩი-კრისტალ პალასი, არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი

3 დეკემბერი: ბორნმუთი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ სიტი-ვესტ ჰემი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული