2018 წლის პირველი შეხვედრა მოიგო "მანჩესტერ იუნაიტედმა". ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა "ევერტონის" წინააღმდეგობა მეორე ტაიმში დაძლიეს და მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს.
"გუდისონ პარკზე" ანგარიში 57-ე წუთზე ანტონი მარსიალმა გახსნა. ფრანგ ფორვარდს მხარი კიდევ ერთმა ახალგაზრდა შემტევმა, ჯესი ლინგარდმაც აუბა და 81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით "წითელმა ეშმაკებმა" 47 ქულა დააგროვეს და ისევ მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, თუმცა, ლონდონის "ჩელსის", "იუნაიტედთან" შედარებით ერთით ნაკლები შეხვედრა
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიმარჯვა "ლივერპულმა". იურგენ კლოპის გუნდი 61-ე წუთზე აფრიკის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, სადიო მანემ დააწინაურა.
87-ე წუთზე "ბარნლის" ნახევარმცველმა იოჰან გუდმუნდსონმა წონასწორობა აღადგინა და თითქოს შეხვედრაც ფრეც უნდა დასრულებულიყო.
თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე რაგნარ კლავანმა "მერსისაიდელების" მაისურით პირველი გოლი გაიტანა, რომელიც "ლივერპულისთვის" 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა.
საბოლოოდ, 2:1 და "ენფილდის" ბინადრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს. "ბარნლის" კი აშკარად ცუდი პერიოდი უდგას.
შონ დაიჩის გუნდს ბრწყინვალე პერიოდის შემდეგ უკვე 5 ტურია არ მოუგია.
"კინგ ფაუვერზე" დაგეგმილი სამი ქულა აიღო "ლესტერმა". "მელიებმა" "ჰადერსფილდს" უშანსოდ 3:0 მოუგეს.
პირველი და მეორე გოლი ალჟირული აღმოჩნდა. 53-ე წუთზე მასპინძლები რიად მაჰრეზმა დააწინაურა.
26 წლის ნახევარმცველმა 7 წუთში თანამემამულე ისლამ სლიმანისაც გაატანინა და "ლესტერიც" წინ 2 ბურთით გავიდა.
მატჩს წერტილი მსაჯის კომპენსირებულ მე-2 წუთზე მარკ ოლბრაიტონმა დაუსვა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით "ლესტერმა" 30 ქულა მოაგროვა, მე-8 ადგილზე დამკვიდრდა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
დევიდ ვაგნერის "ჰადერსფილდი" კი 24 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.
რაც შეეხება სხვა მატჩებს: "სტოკმა" 0:1 წააგო საშინაო შეხვედრა "ნიუკასლთან", რაც შესაძლოა მათი მთავარი მწვრთნელის მარკ ჰიუზისთვის ბოლო აღმოჩნდეს.
"ბრაიტონმა" და "ბორნმუთმა" კი უხვგოლიანი ფრე 2:2 ითამაშეს.