პრემიერლიგა. XXIII ტური: ესეც ასე! - "მანჩესტერ სიტიმ" პირველი მარცხი იწვნია [VIDEO]

AutoSharing Option
ესეც ასე! - "მანჩესტერ სიტიმ" პირველი მარცხი იწვნია და დღეს "იუნაიტედს" შანსი აქვს, ლიდერთან სხვაობა 12 ქულამდე შეამციროს.

ცხადია, ეს ვერ იქნება ტოტალური შემობრუნების წერტილი მიმდინარე საჩემპიონო რბოლაში, მაგრამ მცირე ინტრიგისთვის, გარკვეული ხნით მაინც, სრულიად საკმარისია...

ლივერპული-სიტი
იურგენ კლოპისთვის ძალიან ბევრი რამ იდო სასწორზე. ჯერ მარტო ის, დარჩებოდა თუ არა მისი გუნდი თუნდაც ილუზორულ საჩემპიონო რბოლაში, მით უფრო, მთავარ ევროტურნირზე გამსვლელ ოთხეულში. მეორეც - მას უნდა დაემტკიცებინა, რომ "ლივერპული" ფილიპე კოუტინიოს გარეშეც გუნდია, ხოლო თავად ის კაცი იყო, ვინც პეპ
გვარდიოლას შეჩერებას მოახერხებდა...

კლოპმა ყველა ეს ამოცანა "ხუთიანზე" შეასრულა. მართალია, "სიტის" დაცვამ, რომელმაც გუშინ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, "ლივერპულს" ცოტათი ხელიც შეაშველა, მაგრამ მერსისაიდელთა გამარჯვებას ეს ოდნავადაც ვერ აკნინებს.

დაცვის შეცდომებზე ვთქვით და, ამ მხრივ განსაკუთრებით ახალგაზრდა ჯონ სტოუნზი და გამოცდილი ნიკოლას ოტამენდი სცოდავდნენ, ხოლო რაც ამათ დააკლეს, მეკარე ედერსონმა დაამატა, რომლის შეცდომა "სიტისთვის" ფატალური აღმოჩნდა - ისეთი პასი "ჩაახუტა" მოჰამედ სალაჰს, ეს უკანასკნელი უბრალოდ ვალდებული იყო, დაახლოებით მოედნის ცენტრიდან აეღო "ქალაქელთა" კარი.

პეპის ბიჭები არ დანებდნენ. სხვაობა, რომელიც კატასტროფულიც შეიძლებოდა ყოფილიყო, სულაც მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ... ეს იყო "სიტის" მაქსიმუმი - კვირა საღამოს "ლივერპულმა" შესანიშნავად ითამაშა და საცოდაობა იქნებოდა, 3 ქულის გარეშე დარჩენილიყო...


კომენტარი
პეპ გვარდიოლა (სიტი): "ვულოცავ "ლივერპულს". 1:1-ის დროს თამაშის სადავეები ჩვენს ხელთ იყო, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ხოლო დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. დღეს არ გვეყო სოლიდურობა და იძულებულნი ვართ, მივიღოთ ეს შედეგი, როგორც რეალობა. ახლა ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ყოველთვის რთულია იურგენ კლოპის გუნდის წინააღმდეგ თამაში. მესამე და მეოთხე გოლი ძალიან მოკლე ინტერვალში გავუშვით და ამან საბოლოოდ გაგვტეხა".

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ფანტასტიკური თამაში იყო და თან ისტორიულიც - ვინ იცის, კიდევ როდის ნახავთ დამარცხებულ "მანჩესტერ სიტის"... ამ მატჩზე 20 წლის შემდეგაც ილაპარაკებენ. ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ დიდი მადლობა "სიტის" ფანტასტიკური მეტოქეობისთვის. მხოლოდ ასეთ გუნდთან შეიძლება ითამაშო ისეთი ფეხბურთი, როგორიც დღეს ჩემმა ბიჭებმა აჩვენეს. როცა მობილიზება, საბრძოლო სულისკვეთება და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის, სწორედ მაშინ გამოგდის ასეთი თამაში".

ფაქტები
  • პეპ გვარდიოლამ იურგენ კლოპთან მე-5 თამაში წააგო - ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ოპონენტთან.
  • "მანჩესტერ სიტიმ" შეწყვიტა 22-მატჩიანი წაუგებელი სერია. პრემიერლიგის ისტორიაში უფრო გრძელი სერიები ჰქონდათ "არსენალს" (2003-04, 38 მატჩი) და "მანჩესტერ იუნაიტედს" (2010-11, 24).
  • "ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 85 გოლი გაიტანა - მხოლოდ შვიდით ნაკლები, ვიდრე სრულ შარშანდელ სეზონში.
  • რობერტო ფირმინომ ("ლივერპული") "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში 6 გოლში დაიდო წილი (3 გაიტანა, 3 გაატანინა).

ჩელსი-ლესტერი
"ლესტერმა" ღირსეული ქულა აიღო ლონდონში და რომ არა ტიბო კურტუას აკრობატული ნახტომი ვილფრიდ ნდიდის თავურზე, ხოლო მანამდე ჯეიმი ვარდის მიერ განიავებული რეალური შანსი, "მელიები" შინ 3 ქულით ხელდამშვენებულებიც წავიდოდნენ.

თან, მარტო ამ ორ მომენტშიც არ არის საქმე - რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, "ლესტერი" თამაშის დიდ ნაწილში დომინირებდა და მას მერეღა დათმო თამაშის სადავეები, როცა ბოლო 20 წუთი კაცნაკლულმა ჩაატარა.


კომენტარი
ანტონიო კონტე (ჩელსი): "ვფიქრობ, დღეს ჩემი ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ, რადგან რამდენიმე დღის წინ ბევრმა მათგანმა "არსენალთან" სათასო მატჩში ითამაშა. შეიძლება ეს ჩემი შეცდომაც იყო, რომ ზოგიერთ მათგანს დასვენებისთვის ცოტა დრო ჰქონდა...

"ლესტერი" ძალიან კარგი გუნდია და პირველ ტაიმში გაცილებით უკეთაც ითამაშა. მეორე ნახევარში ჩვენ გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის არ გვეყო. მორატა? ვფიქრობ, მორატაში არ არის პრობლემა, ეს საერთო პრობლემაა. ჩვენ ვერ შევქმენით ისეთი შანსები, რითიც მორატაც ისარგებლებდა და სხვაც".

ფაქტები
  • ეს იყო "ჩელსის" ზედიზედ მესამე 0:0 ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
  • "ლესტერმა" პირველ ტაიმში 12-ჯერ დაარტყა კარში, რაც 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველად შეძლო "სტემფორდ ბრიჯის" სტუმარმა პრემიერლიგის მატჩში.
  • 2017 წლის მაისის შემდეგ "ლესტერმა" პირველად შეძლო ზედიზედ ორ მატჩში კარის "მშრალად" შენახვა.
ტოტენჰემი-ევერტონი
ჰარი კეინს ბრწყინვალე სეზონი უდგას. ჰიუნგ-მინ სონისა და ერიკ დაიერის პასებით "ტოტენჰემის" ლიდერმა დუბლი შეასრულა და 98 გოლით (მხოლოდ პრემიერლიგის ჩათვლით) კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ტედი შერინგემის რეკორდი (97 გოლი) დაამხო. აქვე ისიც ვთქვათ, რომ სახელოვანი ვეტერანის ამ 97 გოლს 237 მატჩი (1992-97 და 2001-03 წლები) დასჭირდა, მაშინ, როცა კეინს რეკორდამდე 135 თამაში ეყო.

ამრიგად, მისი მიმდინარე პრემიერლიგური მონაგარი უკვე 20 გოლს გაუტოლდა, ხოლო ყველა ტურნირს თუ დავაჯამებთ, 28 მატჩში 28 გოლი გროვდება - როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.


ფაქტები
  • ეს იყო "ტოტენჰემის" ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება "ევერტონთან" 1958 წლის ოქტომბრის (10:4) შემდეგ.
  • ჯერმეინ დეფოს შემდეგ ჰიუნგ-მინ სონი "ტოტენჰემის" მეორე ფეხბურთელია, ვინც 2004 წლის შემდეგ ზედიზედ 5 საშინაო მატჩში გაიტანა გოლი.
  • დელე ალიმ ("ტოტენჰემი") პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში (22 მატჩი) მე-7 საგოლე პასი მიითვალა - ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა სეზონის 37 შეხვედრაში.
  • ამ სეზონში ეს იყო "ევერტონის" მეოთხე მატჩი, როცა ამ გუნდის ფეხბურთელებმა ერთხელაც ვერ დაარტყეს კარში.

ბორნმუთი-არსენალი
"არსენალმა" წააგო ბორნმუთში, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. არსენ ვენგერის გუნდი, რომელიც უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელების კრებულია, ხასიათზეა დამოკიდებული - ერთი მხრივ, შეუძლია, ლამაზი სპექტაკლები შემოგვთავაზოს "ჩელსისთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" ან "ლივერპულთან", ხოლო მეორე მხრივ, უსირცხვილოდ წააგოს "ბორნმუთის" (დიდი პატივისცემის მიუხედავად) დარ გუნდებთან.

სხვა რა ვთქვათ - "მეთოფეები" ოთხეულს ისე დაშორდნენ, ბრძოლაში ვეღარ დაბრუნდებიან, მანამ, ვიდრე უფროსობა ვერ მიხვდება, რომ ამ გუნდის მთავარი პრობლემა... სწორედ ვენგერია.


ფაქტები
  • 2016 წლის დეკემბრის (4:3 "ლივერპულთან") შემდეგ "ბორნმუთმა" პირველად დაამარცხა "დიდი ექვსეულის" წარმომადგენელი, თანაც, დაასრულა 14-მატჩიანი (3 ფრე, 11 მარცხი) მოუგებელი სერია, მათ შორის - ზედიზედ 9 მარცხით.
  • "ბორნმუთმა" პირველად შეძლო "არსენალის" დამარცხება, რომელთანაც მანამდე 6 მატჩში 5 წაგება (1 ფრე) ჰქონდა.
  • "არსენალმა" ბოლო 12 საგარეო მატჩში 13 ქულა მოაგროვა, რაც ამ ეტაპისთვის "მეთოფეთა" ყველაზე ნეგატიური მაჩვენებელია 2005/06 წლების სეზონის (12 ქულა 12 მატჩში) შემდეგ.
  • "არსენალმა" წააგო ბოლო ისეთი 3 მატჩი ("სტოკთან", "უოტფორდთან" და გუშინ "ბორნმუთთან"), რომელშიც არ უთამაშია ალექსის სანჩესს.
ფაქტები სხვა მატჩებიდან
  • "კრისტალ პალასმა" პრემიერლიგის ეგიდით 50-ე საშინაო გამარჯვება მოიპოვა.
  • "კრისტალ პალასმა" ზედიზედ მეორედ შეძლო საშინაო მატჩში კარის "მშრალად" შენახვა, მაშინ, როცა წინა 14 შეხვედრაში ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხა.
  • "ბარნლის" არ მოუგია ზედიზედ 6 მატჩში. უარესი შედეგი მხოლოდ "საუთჰემპტონს" (10) აქვს.
  • "ვესტ ჰემმა" ბოლო 4 საგარეო მატჩში 8 ქულას (2 მოგება, 2 ფრე) მოუყარა თავი - უფრო მეტი, ვიდრე წინა 15 შეხვედრაში.
  • მანუელ ლანსინიმ ("ვესტ ჰემი") პრემიერლიგაში პირველი დუბლი (78 მატჩში) შეასრულა.
  • "ნიუკასლს" არ მოუგია ბოლო 7 საშინაო მატჩი (2 ფრე, 5 მარცხი), რაც ამ გუნდის უგრძესი მოუგებელი სერიაა 2009 წლის აპრილის შემდეგ. ასევე, ეს არის უგრძესი მოუგებელი საშინაო სერია პერსონალურად "ნიუკასლის" მწვრთნელ რაფა ბენიტესისთვის.
  • აუტსაიდერმა "სუონსიმ" პრემიერლიგის ბოლო ორ საგარეო მატჩში 4 ქულა აიღო - უფრო მეტი, ვიდრე წინა 9 შემთხვევაში.
  • მიმდინარე პრემიერლიგაში "უოტფორდმა" მე-8 ქულა აიღო იმ შეხვედრებში, რომელშიც თავიდან მეტოქე იყო დაწინაურებული. ამ სეზონში უკეთესი შედეგი (9 ქულა) მხოლოდ "ევერტონს" აქვს.
  • "უოტფორდმა" ამ სეზონში შინ 25 გოლი გაუშვა - ყველაზე მეტი პრემიერლიგის დანარჩენ 19 გუნდს შორის.
  • "საუთჰემპტონმა" პრემიერლიგაში 1000 გოლი გაუშვა და ამ ტურნირის ისტორიაში მე-7 გუნდი გახდა.
  • "ვესტ ბრომვიჩმა" დაასრულა 20-მატჩიანი მოუგებელი სერია.
  • ეს იყო "ვესტ ბრომვიჩის" მწვრთნელ ალან პარდიუს პირველი გამარჯვება პოსტზე დანიშვნის შემდეგ; ამავე დროს, "ვესტ ბრომვიჩის" პირველი გამარჯვება ერთზე მეტი ბურთის სხვაობით 2017 წლის მარტის (3:1, "არსენალთან") შემდეგ.
  • "ბრაიტონმა" ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა (5 მოგება, 6 ფრე), ხოლო 8 შემთხვევაში ვერ შეძლო გოლის გატანა.
პრემიერლიგა. XXIII ტური
ჩელსი-ლესტერი 0:0
ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი (33. კრისტენსენი), რიუდიგერი - მოზესი, ფაბრეგასი (58. ვილიანი), კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - აზარი (58. პედრო) - მორატა.
გაძევება: ჩილუელი (68. ლესტერი)

კრ. პალასი-ბარნლი 1:0
გოლი: 1:0 საკო (21)

ჰადერსფილდი-ვესტ ჰემი 1:4
გოლები: 0:1 ნობლი (25), 1:1 ლოული (40), 1:2 არნაუტოვიჩი (46), 1:3 ლანსინი (56), 1:4 ლანსინი (61)

ნიუკასლი-სუონსი 1:1
გოლები: 0:1 ჯ. აიუ (60), 1:1 ხოსელუ (68)

უოტფორდი-საუთჰემპტონი 2:2
გოლები: 0:1 უარდ-პროუსი (20), 0:2 უარდ-პროუსი (44), 1:2 ე. გრეი (58), 2:2 დუკური (90)

ვესტ ბრომვიჩი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 ევანსი (4), 2:0 დოუსონი (55)

ტოტენჰემი-ევერტონი 4:0
გოლები: 1:0 სონი (26), 2:0 კეინი (47), 3:0 კეინი (59), 4:0 ერიქსენი (81)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი (74. ვანიამა), დემბელე (82. სისოკო) - ერიქსენი (87. ლამელა), ალი, სონი - კეინი.

ბორნმუთი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 ბელერინი (52), 1:1 უილსონი (70), 2:1 იბე (74)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - ჩემბერსი (74. რემზი), მუსტაფი, ჰოლდინგი - ბელერინი, ჯაკა, უილშირი, მეიტლენდ-ნაილსი - ივობი (76. უოლკოტი), უელბეკი - ლაკაზეტი.

ლივერპული-მანჩესტერ სიტი 4:3
გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (9), 1:1 სანე (40), 2:1 ფირმინო (59), 3:1 მანე (61), 4:1 სალაჰი (68), 4:2 ბერნარდო სილვა (84), 4:3 გიუნდოგანი (90+1)
ლივერპული (4-2-3-1): კარიუსი - გომესი, მატიპი, ლოვრენი, რობერტსონი - ჩანი (79. მილნერი), ვეინალდუმი - ოქსლეილ-ჩემბერლენი, სალაჰი (88. ლალანა), მანე (90+4. კლავანი) - ფირმინო.
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი (31. დანილო) - დე ბრუინი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი - სტერლინგი (71. ბერნარდო სილვა), სანე, აგუერო.

ორშაბათი, 15 იანვარი
მანჩესტერ იუნ-სტოკი 23:59

ბომბარდირები: 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 14 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 10 - რობერტო ფირმინო (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), უეინ რუნი (ევერტონი), ალვარო მორატა (ჩელსი).

მომდევნო ტური
20 იანვარი: ბრაიტონი-ჩელსი, არსენალი-კრისტალ პალასი, ბარნლი-მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი, ლესტერი-უოტფორდი, სტოკი-ჰადერსფილდი, ვესტ ჰემი-ბორნმუთი, მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი

21 იანვარი: საუთჰემპტონი-ტოტენჰემი
22 იანვარი: სუონსი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული