პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ: სამწვრთნელო დუელი და ორი ბომბარდირი

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მორიგი ტურის მთავარი თამაში უდავოდ "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" თამაშია, რომელსაც "ენფილდი" უმასპინძლებს. რა თქმა უნდა, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ამ შეხვედრაში შემტევი ფეხბურთის ზეიმს ველოდოთ. მით უმეტეს, ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და ორივემ მოიგო წინა, შუა კვირის ტურში. ეს იქნება საინტერესო სამწვრთნელო დუელიც - იურგენ კლოპსა და მაურისიო პოჩეტინოს შორის, ასევე, ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორეადგილოსნების, მოჰამედ სალაჰისა და ჰარი კეინის დაპირისპირებაც.

პრაქტიკულად ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" კი ჩადის "ბარნლისთან" სათამაშოდ. ადრე სისტემატურად ვწერდით "სიტის" ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ. ახლა
მათ ჩამონათვალს ინგლისის თასის შეხვედრაში ტრავმირებული ლეროი სანეც მიემატა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა გამოიკეთოს ხასიათი "ჰადერსფილდთან" საშინაო შეხვედრაში. ჯერ ერთი, პირველი წრის მატჩში აუტსაიდერმა მოუგო ფავორიტს, მეორეც, წინა ტურში "იუნაიტედმა" ძალიან იოლად მოუხარა ქედი "ტოტენჰემს". ჟოზე მოურინიოს გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი კი აკლია, მაგრამ ეს ნაკლებად უნდა იყოს ხელის შემშლელი გარემოება.

უდიდეს ინტერესს იწვევს "არსენალისა" და "ევერტონის" შეხვედრა. წესით, სწორედ ამ მატჩში უნდა შედგეს "მეთოფეთა" შემადგენლობაში "დორტმუნდიდან" გადაბირებული გაბონელი ფორვარდის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის დებიუტი. თუმცა მას მცირე ტრავმა აწუხებს და მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას, ამ მომენტისთვის უცნობია.

გარდა ამისა, "არსენალის" წინააღმდეგ უნდა ითმაშოს თეო უოლკოტმა, ვინც ბოლო წლებში "მეთოფეთა" ერთ-ერთი სიმბოლო იყო და აგერ, შუა კვირის ტურში დუბლიც შეასრულა. ის პირობას დებს, რომ თუ გაიტანს, ამას არავითარ შემთხვევაში არ აღნიშნავს. არც არის გასაკვირი. ევროპაში არის ასეთი კულტურა...

კიდევ ერთი საინტერესო დებიუტი მოსალოდნელია "უოტფორდი"-"ჩელსის" მატჩში. ლონდონელებმა "არსენალიდან" ოლივიე ჟირუ წაიყვანეს და ანტონიო კონტე, რომელიც ძალიან გაბრაზებულია "ბორნმუთთან" სამარცხვინო წაგების შემდეგ, ფრანგ ფორვარდს აუცილებლად გამოიყენებს, მით უმეტეს, ფორმაში არ არის ალვარო მორატა.

ფაქტები
  • "ბარნლისა" და "სიტის" შორის ბოლო 4 შეხვედრა პრემიერლიგის დღევანდელმა მოიგო.
  • "ბორნმუთსა" და "სტოკს" შორის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში ორივემ გაიტანა.
  • "არსენალსა" და "ევერტონს" შორის ბოლო სამი თამაშიდან თითოეულში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" შორის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში ორივემ გაიტანა.
  • "მანჩესტერი" და "ჰადერსფილდი" პრემიერლიგაში ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ის მატჩიც "ჰადერსფილდმა" მოიგო.

პრემიერლიგა. XXVI ტური
შაბათი, 3 თებერვალი
ბარნლი-მანჩესტერ სიტი 16:30
ბორნმუთი-სტოკი 19:00
ბრაიტონი-ვესტ ჰემი 19:00
ლესტერი-სუონსი 19:00
მანჩესტერ იუნ-ჰადერსფილდი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი 19:00
არსენალი-ევერტონი 21:30

კვირა, 4 თებერვალი
კრ. პალასი-ნიუკასლი 18:15
ლივერპული-ტოტენჰემი 20:30

ორშაბათი, 5 თებერვალი
უოტფორდი-ჩელსი 23:59

ბომბარდირები: 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 14 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 11 - რობერტო ფირმინო (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული