პრემიერლიგა. XXVIII ტურის წინ: ნუ იქნება მხოლოდ დაცვა...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღებს "ჩელსის" და ეს იქნება ინგლისური პრემიერლიგის მორიგი ტურის კლასიკა. ამ შეხვედრას დამატებითი დატვირთვა რაღად უნდა, მაგრამ ესეც არის - ჟოზე მოურინიო საკუთარი "წარსულის" წინააღმდეგ ითამაშებს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა სახელი ხომ სწორედ "არისტოკრატთა" შორის მოღვაწეობით დაიგდო.

ორივე გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და, წესით, ისინი დაღლილები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს ისეთი მატჩია, როცა ყველაფერი მეორე პლანზე გადადის. ფაქტია, ორივე გრანდი ბოლომდე დაიხარჯება და მაქსიმუმს გვიჩვენებს მინდორზე. ეს კი, თითქოს უნდა წაადგეს თამაშის სანახაობრივ მხარეს, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი
საფრთხე - მოურინიოცა და ანტონიო კონტეც შედეგზე ორიენტირებული (უფრო "დაცვითს" რომ ვეძახით) ფეხბურთის აპოლოგეტები არიან. იმედი დავიტოვოთ, რომ ინგლისური სული გაიმარჯვებს და ასე თუ ისე შემტევ ფეხბურთს ვიხილავთ.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორიიდან: "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" წინააღმდეგ ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო, დანარჩენი მატჩებიდან 5 ფრედ, ხოლო 8 თამაში ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება უშუალოდ კონტესა და მოურინიოს შორის დაპირისპირებებს, აქ იტალიელის უპირატესობა აშკარაა - 4 მატჩიდან 3 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით. პორტუგალიელს განსაკუთრებით მწარედ უნდა ახსოვდეს 2016 წლის 23 ოქტომბერი, როცა "სტემფორდ ბრიჯზე" მისი "იუნაიტედი" 0:4 დამარცხდა. სწორედ აქედან დაიწყო ქიშპი მასსა და კონტეს შორის, რაც სიტყვიერ შეხლა-შემოხლაში გამოიხატა. ასე რომ, თამაშს ინტრიგა არც ამ მხრივ აკლია...
და კიდევ ერთი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს მიმდინარე სეზონში "დიდი ექვსეულის" გუნდების კარში არც ერთი გოლი არ გაუტანია.

ამ ტურში ისვენებენ "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი", მაგრამ რაღა დასვენებაა - კვირას ისინი ლიგის თასის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო ამ ტურის მატჩს ფინალიდან რამდენიმე დღეში, 1 მარტს გამართავენ.

საინტერესო უნდა გამოდგეს ლონდონური დერბი. "ტოტენჰემი" აუცილებლად ეცდება "კრისტალ პალასის" დამარცხებას. წესით, ეს "დეზებისთვის" შეუსრულებელი მისია სულაც არ უნდა იყოს.

"ლივერპული" ფავორიტის რანგში დაუხვდება შინ "ვესტ ჰემს". იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილი გუნდი კი გამოეთხოვა ფელიპე კოუტინიოს, მაგრამ ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის წასვლა გუნდს მაინცდამაინც არ დასტყობია.

ცხადია, ამ თამაშში "ლივერპული" იქნება დომინანტი. პრემიერლიგაში დიდი ბრძოლაა გაჩაღებული ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და გრანდებს შეცდომის დაშვების უფლება ნამდვილად არ აქვთ.

ფაქტები
  • "ლესტერისა და "სტოკის" ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ბორნმუთისა" და "ნიუკასლის" ბოლო 3 მატჩიდან 2 ფრედ დასრულდა.
  • "ბარნლისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 2 შეხვედრა "ბარნლიმ" მოიგო.
  • "ლივერპულისა" და "ვესტ ჰემის" ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ვესტ ბრომვიჩისა" და "ჰადერსფილდის" ბოლო 6 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "უოტფორდისა" და "ევერტონის" ბოლო 2 შეხვედრა "ევერტონმა" მოიგო.
  • "კრისტალ პალასსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართული ბოლო 3 შეხვედრა "ტოტენჰემის" გამარჯვებით დასრულდა.

პრემიერლიგა. XXVIII ტური
შაბათი, 24 თებერვალი
ლესტერი-სტოკი 16:30
ბორნმუთი-ნიუკასლი 19:00
ბრაიტონი-სუონსი 19:00
ბარნლი-საუთჰემპტონი 19:00
ლივერპული-ვესტ ჰემი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-ჰადერსფილდი 19:00
უოტფორდი-ევერტონი 21:30

25 თებერვალი
კრ. პალასი-ტოტენჰემი 16:00
მანჩესტერ იუნ-ჩელსი 18:05

1 მარტი
არსენალი-მანჩესტერ სიტი 23:45

ბომბარდირები: 23 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 22 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 12 - რობერტო ფირმინო (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"პორტუგალიელმა მწვრთნელმა სახელი ხომ სწორედ "არისტოკრატთა" შორის მოღვაწეობით დაიგდო." - "პორტუს" ჩემპიონთა ლიგა ნეტა ვინ მოაგებინა...
გოგა
15:51 24-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული