პრემიერლიგა. XXX ტური: რას იტყვის ხალხი?! [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის მთავარ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2:1 დაამარცხა "ლივერპული", 5 ქულით ჩამოიტოვა და ნუგეშად ქცეულ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში წინ გვარიანი ნაბიჯი გადადგა...

ჯოკრის ეფექტი და ლუკაკუს გავლენა
"ჩვენ მოვიგეთ და ბიჭები ბედნიერები არიან. მეც ბედნიერი ვარ. ამიტომ საერთოდ არ მაღელვებს ხალხის აზრი. ვიცი, ახლა იტყვიან, თითქოს დაუმსახურებლად გავიმარჯვეთ. დიახ, ჩვენ არ გვქონდა ბურთი თამაშის უმეტეს ნაწილში, მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც შეიძლება სიტუაციის კონტროლი. მეორე მხრივ კი, შეიძლება ბურთი დიდხანს გქონდეს, მაგრამ პრობლემებს ვერ ასცდე და დამარცხდე", - თქვა ჟოზე მოურინიომ.

კი ბატონო,
"მანჩესტერმა" მოიგო თამაში, რომელშიც ბურთის ფლობის პროცენტი კატასტროფულად დაბალი (32%) ჰქონდა. დიახ, მოიგო თამაში, რომელშიც მხოლოდ ორჯერ დაარტყა კარში, თუმცა ჟოზეს ბიჭებმა წარმატებით გადაჭრეს ამოცანა მოედნის საკუთარ ნახევარზე - "ლივერპულის" დამრტყმელმა ტრიომ (სალაჰი-ფირმინო-მანე) მოედანი ხელმოცარულმა დატოვა.

პირველ ტაიმში "ჯოკრის ეფექტი" ჰქონდა მარკუს რაშფორდის ძირითად შემადგენლობაში (პირველად 26 დეკემბრის შემდეგ) გამოჩენას. ეს იყო და, 24-ე წუთისთვის 20 წლის შემტევს უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული. ორივე გოლში დიდი როლი ითამაშა რომელუ ლუკაკუმ და BBC-ის ექსპერტებმა სწორედ ის დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. "ლივერპულმა" მიიღო შოკი, რომლიდანაც დიდხანს ვერ გამოვიდა...

მეორე ტაიმში სტუმარი გაცილებით უკეთესი იყო პირველთან შედარებით. "მანჩესტერმა" ღრმა დაცვაში დაიხია, "ლივერპული" კი უტევდა და ერიკ ბაილის ავტოგოლის წყალობით თამაშის გადარჩენის შანსიც გაუჩნდა. თუმცა იურგენ კლოპის შეგირდებმა ისეთი მომენტები ვერ შექმნეს, საიდანაც გოლის "გამოდნობა" შეიძლებოდა.

"ასპროცენტიანი პენალტი იყო იმ ეპიზოდში, როცა ფელაინიმ მანე წააქცია. სამწუხაროდ, არბიტრმა ეს მომენტი არასწორად განსაჯა. საბოლოოდ, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ", - ასე შეაჯამა თამაში კლოპმა, თუმცა არა გვგონია, არბიტრის გადაწყვეტილება ყოფილიყო "ლივერპულის" მარცხის მთავარი მიზეზი.


ფაქტები
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპული" ჩემპიონატში 68-ჯერ დაამარცხა. ამდენი მატჩი "ლივერპულს" არც ერთ სხვა გუნდთან არ წაუგია.
  • "მანჩესტერმა" ამ სეზონში 8-დან 4 მატჩი მოუგო "დიდი ექვსეულის" გუნდებს - ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ სეზონში.
  • "ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო იმ შვიდიდან (4 ფრე, 2 წაგება), რომელიც მოსდევდა შუა კვირაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებას.
  • მარკუს რაშფორდმა პრემიერლიგაში გატანილი 16 გოლიდან 7 (44%) "დიდი ექვსეულის" გუნდებს აგემა.
  • რომელუ ლუკაკუს მიმდინარე სეზონში 7 საგოლე პასი დაუგროვდა - უფრო მეტი, ვიდრე ყველა წინა სეზონში.

800 გოლი
ზედიზედ 2 წაგების შემდეგ "ჩელსიმ", თითქოს, ადვილად მოუგო "კრისტალ პალასს", მაგრამ ბოლო წუთზე პატრიკ ვან აანჰოლტის მიერ გატანილმა გოლმა როი ჰოჯსონის გუნდს მიზერული შანსი მისცა, თუმცა ამის იქით საქმე აღარ წასულა.

ვან აანჰოლტის გოლი კი ერთგვარად საიუბილეო იყო - პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებამ შაბათის ბოლოს 800 გოლს მოუყარა თავი. სხვათა შორის, ამ 27 წლის ჰოლანდიელმა მცველმა წინა ტურში "მანჩესტერ იუნაიტედსაც" გაუტანა.


ფაქტები
  • "ჩელსიმ" 27-ჯერ დაარტყა კარში, რაც მეორე შედეგია 2017 წლის 21 მაისს "სანდერლენდთან" მატჩის შემდეგ (28 დარტყმა).
  • ვილიანმა ("ჩელსი"), ყველა ტურნირის ჩათვლით, მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა, რაც ამ ბრაზილიელი გარემარბის პირადი რეკორდია "ჩელსიში" ყოფნის პერიოდში.
  • ვილიანის ხელი ურევია 17 გოლში (ყველა ტურნირის ჩათვლით) იმ ბოლო 18 მატჩიდან, რომელშიც მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო (12 გაიტანა, 5 გაატანინა).
  • "კრისტალ პალასმა" პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 2 ქულა აიღო.

ქაოსი
არანაკლებ საინტერესო ამბები მოხდა შაბათის სხვა მატჩებშიც. ამათგან გამოსარჩევია ქაოსი ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც "ვესტ ჰემი" უშანსოდ დამარცხდა "ბარნლისთან". მატჩის მიწურულს, თავიანთი ფეხბურთელების უნიათობით გულმოსულმა ადგილობრივმა ფანებმა "გამოსავალი" მოედანზე "შეჭრაში" ნახეს.

ეს არ იყო მასობრივი არეულობა, მაგრამ გვარიანად კი დააფრთხო პოლიციაც და "ვესტ ჰემის" ბოსებიც, რომლებმაც VIP-ლოჟა მსაჯის საფინალო სასტვენამდე დატოვეს. სწორედ მათ გადადგომას ითხოვდა მთელი სტადიონი და არა დევიდ მოიესისა, რომელზეც, ალბათ, თავისი წილი ჯოხი მაინც გადატყდება...

კიდევ უფრო მძიმეა "ვესტ ბრომვიჩის" მდგომარეობა, რომელმაც "ლესტერთან" საშინაო მარცხით, ფაქტობრივად, ხელი მოაწერა ჩემპიონშიფში გავარდნას. ამ ამბავს, ალბათ, შეეწირება მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ, რომელიც ოქტომბერში დაინიშნა ტონი პულისის ნაცვლად და მას მერე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.

მოიგო, მოიგო!
"არსენალმა" ზედიზედ 3 წაგების შემდეგ პრემიერლიგაშიც გაიმარჯვა. არსენ ვენგერის (გუშინ "მეთოფეთა" მწვრთნელის რანგში 1222-ე მატჩი ჩაატარა და მე-700 თამაში მოიგო) გუნდი სრულიად არაპროგნოზირებადი და ორსახოვანია, როგორც იანუსი - შეუძლია მიჯრით ორი რადიკალურად განსხვავებული თამაში ჩაატაროს - ან მიაწყოს უნიათო სერია, ან აიწყვიტოს და ისეთი სპექტაკლები დადგას, როგორც "მანჩესტერთან" და "ლივერპულთან"...


ფაქტები
  • "არსენალი"-"უოტფორდის" მატჩში ანგარიში გახსნა შკოდრან მუსტაფიმ. ეს იყო ლონდონელთა მე-1000 საშინაო გოლი პრემიერლიგაში.
  • მესუთ იოზილი ("არსენალი" ) ყველაზე სწრაფად გახდა პრემიერლიგაში 50 საგოლე პასის ავტორი, რისთვისაც გერმანელს 141 მატჩი დასჭირდა. ამით მან დაამხო ერიკ კანტონას რეკორდი (50 საგოლე პასი 143 მატჩში).
  • 2011 წლის თებერვლის შემდეგ პეტრ ჩეხმა ("არსენალი") პირველად შეძლო 11-მეტრიანის მოგერიება.
  • პეტრ ჩეხმა მე-200 "მშრალი" მატჩი ჩაატარა. ის გახდა პირველი მეკარე პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც ამ ნიშნულს უწია.
  • ჰენრიხ მხითარიანმა "არსენალის" მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ანალოგიურ მიღწევას მან "მანჩესტერში" 22 მატჩი მოანდომა.

კეინი დაშავდა, ალიც...
"ტოტენჰემმა" გასვლაზე დაამარცხა "ბორნმუთი" და რაკი "ლივერპულმა" წააგო, მესამე ადგილზე აღზევდა. მაგრამ "მამლებს" გამარჯვება ჩაუმწარა ჰარი კეინის ტრავმამ (მეკარე ასმირ ბეგოვიჩთან შეჯახების შემდეგ), რის გამოც ის პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალეს. ჯერჯერობით, უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება. მატჩის ბოლოს ტრავმა მიიღო დელე ალიმაც.


ფაქტები სხვა მატჩებიდან
  • მიმდინარე სეზონში "ბრაიტონის" ფეხბურთელებმა უკვე მე-5 გოლი გაიტანეს საკუთარ კარში, მინიმუმ ორით მეტი, ვიდრე პრემიერლიგის ნებისმიერი სხვა გუნდის მოთამაშეებმა.
  • უეინ რუნი პირველი ფეხბურთელია დარენ ბენტის (2009/10 წლების სეზონი) შემდეგ, ვინც პრემიერლიგის ერთ სეზონში 3 პენალტი ვერ გამოიყენა.
  • "სუონსი" მესამე გუნდია, რომელმაც პრემიერლიგის ერთ ცალკე აღებულ შეხვედრაში ერთხელაც ვერ დაარტყა კარის მიმართულებით. ადრე ასეთი რამ დაემართათ "ვესტ ბრომვიჩს" (2004 წლის დეკემბერი, "მანჩესტერ სიტისთან") და "ბლექბერნს" (2012 წლის აპრილი, "ტოტენჰემთან").
  • ჯორდან აიუს ("სუონსი") წითელი ბარათი იყო ყველაზე ადრეული (მე-11 წუთი) - 2017 წლის თებერვლის შემდეგ, როცა "ბარნლის" ფეხბურთელ ჯეფ ჰენდრიკს მე-6 წუთზე უჩვენეს წითელი ბარათი.
  • 2003 წლის შემდეგ "ნიუკასლმა" პირველად შეძლო "საუთჰემპტონთან" პრემიერლიგის 13 მატჩში კარის "მშრალად" შენახვა.
  • კენედის ("ნიუკასლი") მიერ "საუთჰემპტონის" კარში გატანილი პირველი გოლი ასევე პირველი იყო მისთვის - "ნიუკასლის" მაისურით.
  • "ვესტ ბრომვიჩი"-"ლესტერის" წყვილის მასპინძელი ზედიზედ მერვედ ვერ ახერხებს პრემიერლიგის მატჩში გამარჯვებას.
  • "ვესტ ბრომვიჩმა" პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო. ერთით მეტი იყო 2003 წლის თებერვალ-აპრილში, როცა "ვესტ ბრომვიჩი" ელიტიდან გავარდა.
  • მიმდინარე სეზონში რიად მაჰრეზს წილი უდევს "ლესტერის" 18 გოლში (10 გაიტანა, 8 გაატანინა).
  • 2008 წლის მარტის შემდეგ "ვესტ ჰემმა" პირველად წააგო ზედიზედ 3 მატჩი სამი და მეტი ბურთის სხვაობით.
  • "ბარნლიმ" პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მისთვის სარეკორდო 43 ქულა დააგროვა.
  • "ბარნლიმ" 3:0 მოიგო საგარეო მატჩი, რომელშიც პირველად 66-ე წუთზე დაარტყა კარის მიმართულებით.
  • დევიდ მოიესისა ("ვესტ ჰემი") და შონ დიჩის ("ბარნლი") უშუალო სამწვრთნელო დაპირისპირებაში ეს იყო მე-5 მატჩი, რომელშიც მოიესს არც ერთი არ მოუგია (2 ფრე, 3 წაგება).

პრემიერლიგა. XXX ტური
მანჩესტერ იუნ-ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 რაშფორდი (14), 2:0 რაფშორდი (24), 2:1 ბაილი (66-საკ. კარში)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ბაილი, იანგი - მაკტომინი, მატიჩი - მატა (89. ლინგარდი), რაშფორდი (70. ფელაინი), ალექსის სანჩესი (90+6. დარმიანი) - ლუკაკუ.
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი (80. ვეინალდუმი), ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი (84. სოლანკე) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (62. ლალანა), ჯანი, მილნერი - სალაჰი, მანე, ფირმინო.

ევერტონი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 ბონგი (60-საკ. კარში), 2:0 თოსუნი (76)
გამოუყენებელი პენალტი: რუნი (88. ევერტონი)
გაძევება: ნოკერტი (80. ბრაიტონი)

ჰადერსფილდი-სუონსი 0:0
გაძევება: ჯ. აიუ (11. სუონსი)

ნიუკასლი-საუთჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 კენედი (2), 2:0 კენედი (29), 3:0 რიჩი (57)

ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 1:4
გოლები: 1:0 რონდონი (8), 1:1 ვარდი (14), 1:2 მაჰრეზი (62), 1:3 იჰეანაჩო (76), 1:4 იბორა (90+3)

ვესტ ჰემი-ბარნლი 0:3
გოლები: 0:1 ბარნსი (66), 0:2 ვუდი (70), 0:3 ვუდი (81)

ჩელსი-კრ. პალასი 2:1
გოლები: 1:0 ვილიანი (25), 2:0 კელი (32-საკ. კარში), 2:1 ვან აანჰოლტი (90)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა, ფაბრეგასი (88. პედრო), კანტე, ალონსო - ვილიანი, აზარი (88. ბაკაიოკო) - ჟირუ (72. მორატა).

არსენალი-უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 მუსტაფი (8), 2:0 ობამეიანგი (59), 3:0 მხითარიანი (77)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - მეიტლენდ-ნაილსი, მუსტაფი (73. ჩემბერსი), ჰოლდინგი, კოლაშინაცი - ელნენი, ჯაკა - მხითარიანი (78. უილშირი), იოზილი, ივობი (66. უელბეკი) - ობამეიანგი.
გამოუყენებელი პენალტი: დინი (62. უოტფორდი)

ბორნმუთი-ტოტენჰემი 1:4
გოლები: 1:0 სტანისლასი (7), 1:1 ალი (35), 1:2 სონი (62), 1:3 სონი (87), 1:4 ორიე (90+1)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, როუზი (81. ტრიპიერი) - დემბელე, ვანიამა - ერიქსენი, ალი (86. სისოკო), სონი - კეინი (34. ლამელა).

ორშაბათი, 12 მარტი
სტოკი-მანჩესტერ სიტი 23:59

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
17 მარტი: ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი, ჰადერსფილდი-კრისტალ პალასი, სტოკი-ევერტონი, ლივერპული-უოტფორდი (სხვა მატჩები გადადებულია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
2017-2018
#
გუნდი
38
32
4
2
79
100
38
21
7
10
24
70
38
19
6
13
23
63
38
14
12
12
-3
54
38
13
10
15
-14
49
38
12
11
15
-4
47
38
11
11
16
-6
44
38
12
8
18
-8
44
38
11
11
16
-10
44
38
10
12
16
-20
42
38
11
8
19
-20
41
38
9
13
16
-20
40
38
8
9
21
-28
33
38
7
12
19
-33
33
38
6
13
19
-25
31