პრემიერლიგა. XXXII ტური: ლონდონის "ტოტენჰემი" - ოცნების მკვლელი [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური - ეს, რა თქმა უნდა, სიტყვის მასალად, თორემ ყველამ ვიცით, რომ პეპ გვარდიოლას გუნდს პრემიერლიგის მთავარი ტიტულიც ჯიბეში უდევს, ოღონდ ამას ოფიციალური დადასტურება აკლია.

მომავალ ტურში მანჩესტერული დერბი გველოდება და გამარჯვების შემთხვევაში, "სიტი" ჩემპიონობასაც ოფიციალურად გაიფორმებს, თან ეს სიმბოლურიც იქნება - უშუალო "მდევარ" ჟოზე მოურინიოს თვალწინ...

ევერტონი-სიტი
...საერთოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ განსაკუთრებით გრანდებს უჭირთ სრული ძალით თამაში - ეროვნულ გუნდებში მიმოფანტული, გადაღლილი (ზოგიერთი - ტრავმირებულიც) ფეხბურთელები კლუბებში ბრუნდებიან და მერე იქაური მწვრთნელების თავსატეხია
მათი მომზადება მორიგი უქმეებისთვის...

მაგრამ "სიტის" "გუდისონ პარკზე" მსგავსი არაფერი ეტყობოდა - "ევერტონს" პირველივე ტაიმში 3 უპასუხო გოლი გაუტანა და თამაშის მეორე ნახევარი სრულ ფორმალობად აქცია. აღსანიშნავია დავიდ სილვას გარჯა, ვინც 2 საგოლე პასით გამოირჩა.


ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტის" ბურთის ფლობის პროცენტი იყო 82,13. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრემიერლიგის ცალკე აღებული მატჩისთვის მას მერე, რაც მსგავსი სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყო (2003/04).
  • პეპ გვარდიოლა მეორე მწვრთნელია პრემიერლიგაში, ვინც ყველაზე სწრაფად მოიპოვა 50 გამარჯვება (69 მატჩში). პირველი ჟოზე მოურინიოა - 50 მოგება 63 მატჩში.
  • 2009 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ევერტონმა" საკუთარ მოედანზე პირველივე ტაიმში 3 (და მეტი) გოლი გაუშვა. 9 წლის წინ ლივერპულელებს ანალოგიური რამ "არსენალთან" მატჩშიც შეემთხვათ.
  • "მანჩესტერ სიტი" მესამე კლუბია პრემიერლიგაში, რომლის სამმა ფეხბურთელმაც (კევინ დე ბრუინი, ლეროი სანე, დავიდ სილვა) ერთ სეზონში მინიმუმ 10-10 საგოლე პასი გააკეთა. "სიტის" უსწრებენ "ლივერპული" (1995/96) და "არსენალი" (2004/05).

მანჩესტერ იუნ-სუონსი
რომელუ ლუკაკუმ თავისი მე-100 პრემიერლიგური გოლი გაიტანა, ხოლო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ალექსის სანჩესის ზუსტი "გასროლა" იმის ფონზე, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი გადასვლის შემდეგ ლაპარაკობენ, თითქოსდა, ის უბედურია "ოლდ ტრაფორდზე", ნანობს გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ.

ისე კი, ფაქტია, რომ ჩილელი ჯერ ნამდვილად ვერ ბრწყინავს ჟოზე მოურინიოს ხელში - ეს მხოლოდ მისი მეორე გოლია "წითელი ეშმაკების" მაისურით.

"იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება იმდენად, რამდენადაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოთხეულში ადგილის დასაბევებლად, ხოლო "სუონსის" მორიგი მარცხი იმას ნიშნავს, რომ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება კიდევ უფრო გაუჭირდება.


ფაქტები
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, სამიდან 3 მატჩი მოუგო "სუონსის", გაიტანა 8 და გაუშვა 1 გოლი.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო ზედიზედ მე-5 საშინაო მატჩი და თითოეულში გაიტანა მინიმუმ 2 გოლი.
  • ჟოზე მოურინიოს გუნდებს ("ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი") არ წაუგიათ "სუონსისთან" წინა 10 დაპირისპირებაში (ყველა ტურნირის ჩათვლით). ამ მატჩებში მოურინიომ 5 სხვადასხვა მწვრთნელის დამარცხება შეძლო.
  • "სუონსიმ" ბოლო 14 საგარეო მატჩიდან მოიგო მხოლოდ 1, ფრედ ითამაშა 4 და წააგო 9.

კრ. პალასი-ლივერპული
მოსალოდნელი იყო, რომ თავის მე-100 პრემიერლიგურ მატჩში იურგენ კლოპი ცოტათი მაინც ამოასუნთქებდა ნაკრებმოვლილ ლიდერებს - ოთხშაბათს ხომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს...

მაგრამ არა - კლოპმა საბრძოლო შემადგენლობა დააყენა, თუმცა კი გაუჭირდა როი ჰოჯსონის გუნდთან, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. არადა, პირველ ტაიმში "ლივერპულს" ჰქონდა შანსები საიმისოდ, რომ სანერვიულოდ არ გაეხადა საქმე. სამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ "კრისტალ პალასის" ფორვარდს, ექსლივერპულელ კრისტიან ბენტეკესაც შეეძლო, ეხეირა ორი ნაღდი მომენტით...

საბოლოოდ, თავისი სიტყვა თქვა მოჰამედ სალაჰმა, ვინც მიმდინარე პრემიერლიგაში 29-ე გოლი გაიტანა, ხოლო მეორე მხრივ, გაიმეორა კრიშტიანო რონალდოსა (2007/08) და რობინ ვან პერსის (2012/13) რეკორდი - გაიტანა ჩემპიონატის 21 სხვადასხვა მატჩში. სულ კი მიმდინარე სეზონში სალაჰის ხელი "ლივერპულის" 38 გოლში (29 გაიტანა და 9 გაატანინა) ურევია.


ფაქტები
  • "ლივერპულმა" ინგლისის მთავარ ლიგაში 679-ე საგარეო მატჩი მოიგო და გაუთანაბრდა "არსენალის" რეკორდს.
  • "კრისტალ პალასი" პირველი გუნდია პრემიერლიგაში, რომელმაც ზედიზედ წააგო 3 საშინაო მატჩი ისე, რომ გადამწყვეტი გოლი ბოლო 10 წუთში გაუშვა.
  • დემბა ბას შემდეგ სადიო მანე ("ლივერპული") მეორე სენეგალელი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში 43 გოლი გაიტანა.
  • ეს იყო სადიო მანეს მე-5 გოლი უშუალოდ "კრისტალ პალასის" კარში. ამდენი გოლი მას არცერთი სხვა გუნდისთვის არ გაუტანია.

ჩელსი-ტოტენჰემი
ლონდონურ დერბიში გამარჯვებით "ტოტენჰემმა", ფაქტობრივად, მოკლა "ჩელსის" ოცნება, ტიტულის დათმობის ერთგვარ კომპენსაციად, ჩემპიონთა ლიგის საგზური მაინც მოეპოვებინა.

ახლა ანტონიო კონტეს გუნდი უკვე 8 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან "ტოტენჰემს", რაც უკვე განაჩენია. მით უფრო, გამოჩნდა, რომ "დეზები" ჰარი კეინის გარეშეც შესანიშნავად გამოიყურებიან.

"ტოტენჰემის" ფორვარდი, რომელიც ტრავმირებული იყო და თითქოს არ უნდა ეთამაშა, მაშინღა გამოჩნდა მოედანზე, როცა ვილი კაბალიეროს (ნამდვილად არ ჰქონდა იღბლიანი კვირა, თუ გავიხსენებთ ესპანეთ-არგენტინის ამხანაგურ მატჩს) უკვე 3 გოლი ჰქონდა გაშვებული.

ერთი სიტყვით, განაჩენი გამოტანილია თავად კონტესთვისაც. ფაქტობრივად, აღარ დარჩა ერთი მიზეზი მაინც, თუ რატომ უნდა იყოს ის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც.


ფაქტები
  • ეს იყო "ტოტენჰემის" პირველი გამარჯვება "სტემფორდ ბრიჯზე" 28-წლიანი პაუზის შემდეგ.
  • 2017 წლის იანვრის შემდეგ დელე ალიმ ("ტოტენჰემი") პრემიერლიგაში პირველი დუბლი შეასრულა. ეს მისი მე-100 მატჩი იყო ინგლისის მთავარ ლიგაში.
  • "ტოტენჰემმა" მიმდინარე სეზონის ლონდონურ დერბებში ყველაზე მეტი, 16 ქულა დააგროვა - 5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.
  • 2017 წლის აპრილის შემდეგ "ჩელსიმ" პირველად წააგო პრემიერლიგის საშინაო მატჩი, რომელშიც თავიდან თვითონ იყო დაწინაურებული.
  • მიმდინარე სეზონში "ჩელსიმ" ყველაზე მეტი - 14 თავური გოლი გაიტანა და აქედან ნახევარი (7) ალვარო მორატაზე მოდის.

არსენალი-სტოკი
"არსენალმა" თამაშის ბოლო მონაკვეთშიღა გატეხა "სტოკის" წინააღმდეგობა, თუმცა პირველ ტაიმში ცოტა მეტი რომ მოენდომებინა, ეგებ სანერვიულოდაც აღარ ჰქონოდა საქმე. ინერტულობის გამო "ემირეითსის" პუბლიკამ არსენ ვენგერის გუნდი შესვენებაზე ტრადიციული "ბუუ"-თი გააცილა...

ეტყობა, სინდისმა შეაწუხა და მეორე ტაიმი "მეთოფეებმა" გაცილებით უკეთ ჩაატარეს. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა არა მხოლოდ დუბლი შეასრულა, ისედაც საუკეთესო იყო ლონდონელთა შორის - ბევრს მოძრაობდა და ხშირად შეტევებს სწორ მიმართულებასაც აძლევდა.


ფაქტები
  • "არსენალმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, "სტოკს" ბოლო 16 საშინაო მატჩი მოუგო. სერია 1981 წლის აგვისტოდან იღებს სათავეს.
  • არსენ ვენგერმა, პრემიერლიგის წინა მატჩთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში 7 შეცვლა გააკეთა, რაც "არსენალისთვის" მეორე მაჩვენებელია 2011 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ, როცა "ბირმინგემთან" მატჩში, წინასთან შედარებით, 8 ახალი ფეხბურთელი იყო.
  • 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ "არსენალმა" პირველად მოახერხა პრემიერლიგის ზედიზედ 2 მატჩში 3 (და მეტი) გოლის გატანა და კარის "მშრალად" შენახვა.
  • 2012 წლის დეკემბრის შემდეგ "არსენალმა" პირველად დაარტყა ერთ მატჩში 2 პენალტი.
  • "სტოკს" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 11 საგარეო მატჩი (4 ფრე, 7 მარცხი).

ფაქტები სხვა მატჩებიდან
  • კასპერ შმეიხელმა ("ლესტერი") მის კარში დანიშნული 14 პენალტიდან 3 მოიგერია - იმდენი, რამდენიც მისმა მამამ, პეტერმა, ოღონდ 21 პენალტიდან.
  • "ლესტერს" პრემიერლიგის საგარეო მატჩში 23-ედ გაუძევეს ფეხბურთელი და ამ 23 მატჩიდან მხოლოდ 2-ჯერ შეძლეს გამარჯვება.
  • ჯეიმი ვარდიმ ("ლესტერი") ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5-ში შეძლო გოლის გატანა.
  • "ნიუკასლი" დაუმარცხებელია ბოლო 6 საშინაო მატჩში. ანალოგიური სერია "კაჭკაჭებს" ჰქონდათ 2014 წელსაც, ალან პარდიუს მწვრთნელობის პერიოდში.
  • პირველად 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, "ნიუკასლმა" ზედიზედ 3 საშინაო მატჩი მოიგო "მშრალი" ანგარიშით.
  • ჯერმეინ დეფომ 15 პრემიერლიგური გოლი გაიტანა 90-ე წუთზე და უფრო გვიან, რაც მინიმუმ ოთხით მეტია ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის მაჩვენებელზე მთლიანად ტურნირის ისტორიაში.
  • მიმდინარე სეზონში "ბორნმუთმა" ყველაზე მეტი, 17 ქულა დააგროვა იმ შეხვედრებში, რომელშიც თავიდან აგებდა.
  • "ბარნლიმ" მიმდინარე პრემიერლიგაში მოიგო მე-6 საგარეო მატჩი - უფრო მეტი, ვიდრე წინა სამ სეზონში ერთად (5).
  • "ვესტ ბრომვიჩმა" წააგო ზედიზედ მე-8 პრემიერლიგური მატჩი, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია, ხოლოდ თავად "ვესტ ბრომვიჩისთვის" მეორე უგრძესი მარცხიანი სერიაა 1985 წლის შემდეგ (9).
  • ალან პარდიუმ ("ვესტ ბრომვიჩი") 84 შესაძლებლიდან მხოლოდ 12 ქულა (2 მოგება, 6 ფრე, 20 წაგება) აიღო პრემიერლიგის ბოლო 28 მატჩში, "კრისტალ პალასისა" და "ვესტ ბრომვიჩის" მწვრთნელის რანგში.
  • 2012 წლის სექტემბრის ("ფულჰემთან") შემდეგ "ვესტ ჰემმა" პირველად შეძლო კონკრეტული მატჩის პირველ ტაიმში 3 გოლის გატანა.
  • მარკ ჰიუზს ("საუთჰემპტონი"), როგორც მწვრთნელს, არ მოუგია პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი 2004 წლის სექტემბრის ("ბლექბერნი") შემდეგ. 5 ასეთი მატჩიდან მან 4 წააგო.
  • მარკ ჰიუზის გუნდებმა პრემიერლიგის ბოლო 12 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს (3 ფრე, 8 წაგება).
  • ჯო ჰარტმა ("ვესტ ჰემი") 2017 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.

პრემიერლიგა. XXXII ტური
კრ. პალასი-ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 მილივოიევიჩი (13-პენ), 1:1 მანე (49), 1:2 სალაჰი (84)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი (65. ლალანა/70. ლოვრენი), ჰენდერსონი, მილნერი - მანე (64. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), სალაჰი, ფირმინო.

ბრაიტონი-ლესტერი 0:2
გოლები: 0:1 იბორა (83), 0:2 ვარდი (90+6)
გაძევება: ნდიდი (87. ლესტერი)
გამოუყენებელი პენალტი: მარეი (77. ბრაიტონი)

მანჩესტერ იუნ-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (5), 2:0 ალექსის სანჩესი (20)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ლინდელიოფი, სმოლინგი, იანგი - მატიჩი, პოგბა - მატა (90. მაკტომინი), ლინგარდი (76. ერერა), ალექსის სანჩესი (75. რაშფორდი) - ლუკაკუ.

ნიუკასლი-ჰადერსფილდი 1:0
გოლი: 1:0 პერესი (80)

უოტფორდი-ბორნმუთი 2:2
გოლები: 1:0 კიკო (13), 1:1 ჯ. კინგი (43-პენ), 2:1 პერეირა (49), 2:2 დეფო (90+3)

ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი 1:2
გოლები: 0:1 ბარნსი (22), 0:2 ვუდი (73), 1:2 რონდონი (84)

ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 ჟოაო მარიო (13), 2:0 არნაუტოვიჩი (17), 3:0 არნაუტოვიჩი (45+4)

ევერტონი-მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 სანე (4), 0:2 გაბრიელ ჟეზუში (12), 0:3 სტერლინგი (37), 1:3 ბოლასი (63)
სიტი (3-5-2): ედერსონი - ოტამენდი, კომპანი, ლაპორტი (87. დანილო) - უოლკერი, დე ბრუინი (77. გიუნდოგანი), ფერნანდინიო, დავიდ სილვა, სანე - სტერლინგი (65. ბერნარდო სილვა), გაბრიელ ჟეზუში.

არსენალი-სტოკი 3:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (75-პენ), 2:0 ობამეიანგი (86), 3:0 ლაკაზეტი (89-პენ)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, ჩემბერსი, მუსტაფი, მონრეალი - ელნენი (76. ჯაკა), რემზი - იოზილი, უილშირი (76. მხითარიანი), უელბეკი (61. ლაკაზეტი) - ობამეიანგი.

ჩელსი-ტოტენჰემი 1:3
გოლები: 1:0 მორატა (30), 1:1 ერიქსენი (45+1), 1:2 ალი (62), 1:3 ალი (66)
ჩელსი (3-4-2-1): კაბალიერო - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი - მოზესი (81. ჟირუ), ფაბრეგასი, კანტე, ალონსო (83. ემერსონი) - ვილიანი, აზარი - მორატა (88. ჰადსონ-ოდოი).
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი (81. ვანიამა), დემბელე - ლამელა (88. სისოკო), ალი, ერიქსენი - სონი (74. კეინი).

ბომბარდირები: 29 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 16 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 15 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

მომდევნო ტური
7 აპრილი: ევერტონი-ლივერპული, ბორნმუთი-კრისტალ პალასი, ბრაიტონი-ჰადერსფილდი, ლესტერი-ნიუკასლი, სტოკი-ტოტენჰემი, უოტფორდი-ბარნლი, ვესტ ბრომვიჩი-სუონსი, მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი
8 აპრილი: არსენალი-საუთჰემპტონი, ჩელსი-ვესტ ჰემი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული