პრემიერლიგა. XXXVIII ტური: ბოლო დღე, რეკორდების დღე [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგა დასრულებულია! არდადეგებზე მოგვიანებით გავლენ "ლივერპული", რომელსაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის, ასევე, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი", რომელთაც 19 მაისს ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი უნდა გაარკვიონ...

პრინციპში, ბოლო ტური ბევრს არაფერს წყვეტდა და ამან ფინიში აშკარად გააფერმკრთალა. ყველაფერში "დამნაშავე" პეპ გვარდიოლას გუნდია, რომელმაც ჩემპიონობა ადრევე დაიბევა და ერთადერთ მოტივაციად რეკორდების დამყარება დარჩა.

"სიტიმ" პატიოსნად შეასრულა მისია და 5 რეკორდს შესწვდა, რომელთაგან პირველი 3 "ქალაქელებმა" შუა კვირაში დაამყარეს - მოგებების, გატანილი გოლებისა და ქულების რაოდენობით. რაც შეეხება კიდევ ორს, ბოლო
ტურში ესეც "მოყომარდა" - "მანჩესტერ სიტიმ" 19 ქულით გაუსწრო მეორეადგილოსან "იუნაიტედს" და ამ უკანასკნელისვე რეკორდი (+18) დაამხო. არადა, გაბრიელ ჟეზუშმა "საუთჰემპტონს" გამარჯვების გოლი დამატებულ მე-4 წუთზე გაუტანა...

ამას გარდა, "სიტიმ" მიაღწია 100-ქულიან ზღვარს, რაც 20-გუნდიანი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. "იუნაიტედი" ვახსენეთ და ერთ პატარა მიღწევას ნურც ჟოზე მოურინიოს გუნდს დავუკარგავთ - სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის (2013) შემდეგ "წითელი ეშმაკებისთვის" 81 ქულა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


"ლივერპულმა" "ბრაიტონთან" დაგეგმილი მოგებით სამომავლო ჩემპიონთა ლიგაში ადგილი დაიბევა. მეშვიდედ(!) ინგლისის მთავარი ლიგის ისტორიაში, "წითლებმა" ისე დაასრულეს სეზონი, საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულან. ანალოგიური მაჩვენებელი არცერთ ინგლისურ გუნდს არ აქვს.

"ბრაიტონის" კარში გატანილი გოლით "ლივერპულის" ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, 32 გოლით, რეკორდსმენი გახდა 20-გუნდიანი პრემიერლიგის ისტორიაში. დიდმა ეგვიპტელმა გაუსწრო ალან შირერს (1995/96, "ბლექბერნი"), კრიშტიანო რონალდოსა (2007/08, "მანჩესტერ იუნაიტედი") და ლუის სუარესს (2013/14, "ლივერპული"), რომელთა თამასაც 31 გოლზე დარჩა.


ჩემპიონთა ლიგის საგზურს მაინც ვერ შესწვდა "ჩელსი", რომელმაც "ნიუკასლთან" 0:3 წააგო. მიზეზი ადვილი ასახსნელია - "არისტოკრატებს" არ სჯეროდათ, რომ "ლივერპულს" შინ "ბრაიტონთან" ფეხი დაუცდებოდა და უმოტივაციო "ნიუკასლთან" უჯიგროდ ითამაშეს.

აქედან გამომდინარე, ინგლისის საფეხბურთო საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრემიერლიგის ბოლო მატჩი ჩაატარა ანტონიო კონტემ, რომელსაც კიდევ რჩება ერთგვარი რეაბილიტაციის შანსი - წინ ხომ ასოციაციის თასის ფინალია...


თუ კონტეს შემთხვევაში ეს მოსალოდნელია, არსენ ვენგერისთვის უკვე დაანონსებული ბოლო მატჩი იყო "ჰადერსფილდთან", რომელიც "მეთოფეთა" გამარჯვებით დასრულდა. "არსენალი" ევროპალიგის საგზურით დაკმაყოფილდა, რაც ფიასკოდ უნდა ჩაითვალოს, განსხვავებით "ბარნლისგან", რომლისთვისაც ეს ისტორიული მიღწევაა.

1974 წლის (მე-6 ადგილი) შემდეგ ამ კლუბისთვის მე-7 ადგილი საუკეთესო მაჩვენებელია.


პრემიერლიგას ტოვებენ "სუონსი", "სტოკი" და "ვესტ ბრომვიჩი". საინტერესოა, რომ გასულ წელს ელიტაში აღზევებულმა სამივე გუნდმა ("ჰადერსფილდი", "ბრაიტონი", "ნიუკასლი") შეინარჩუნა ადგილი "მზის ქვეშ". ჩემპიონშიფიდან აღზევდნენ "ვულვზი" და "კარდიფი". კიდევ ერთი საგზურის მფლობელი "მიდლსბროს", "ასტონ ვილას", "ფულჰემსა" და "დერბის" შორის გაირკვევა.

ბომბარდირები: 32 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 30 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 20 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა საჭიროა ასეთი სიტყვები? "მოყომარდა", ძალიან ვულგარულია!
გია-11
16:20 15-05-2018
0
არა ჩელსი ვერანარიად ვერ მოხვდება ლიგაზე. ერთადერთი შანსი ის იყო მეოთხეზე გასულიყო ჩელსი და ლივერპულს ლიგა მოეგო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული