პრემიერლიგა. IV ტურის წინ: ბეწვის ხიდი

AutoSharing Option
ტურის მთავარი ინტრიგა: თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხი დაუცდა "ბარნლისთან" საგარეო შეხვედრაში, ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწევს. ამაში გასაკვირი მართლაც არაფერია: პორტუგალიელის ხელში გუნდმა დაკარგა ყველა ის თვისება, რისთვისაც ასე უყვარდათ ერთგულ ქომაგებს.

სამიდან 2 მატჩი გუნდმა საშინლად ჩაატარა - წააგო "ბრაიტონთან" და საშინაო ასპარეზზე განადგურდა "ტოტენჰემთან". რაც მთავარია, მოურინიო თითქოს სეზონის დაწყებიდანვე აჩვევდა ქომაგებს იმას, რომ გუნდს არაფრის შანსი არ ექნებოდა და ამის მიზეზად ღარიბ სატრანსფერო პოლიტიკას ასახელებდა.

100-პროცენტიანი "ლივერპული" გასვლაზე რთულ გამოცდას ჩააბარებს "ლესტერთან". რა თქმა უნდა,
იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილი გუნდი ფავორიტია, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ "მელიებს" შინ ნებისმიერის გამწარება შეუძლიათ. ამ შეხვედრაში მასპინძლებს დიდი დანაკლისი აქვთ - დისკვალიფიკაციის (წინა ტურში გააძევეს) გამო ვერ ითამაშებს გუნდის მთავარი ბომბარდირი ჯეიმი ვარდი, ვინც ორიოდ დღის წინ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე განაცხადა.

სტარტზე 100-პროცენტიანი შედეგი აქვს "ჩელსისაც". თვალსასეირო მატჩს ველით მაურიციო სარის გუნდსა და "ბორნმუთს" შორის. მას შემდეგ, რაც "ჩელსი" სარიმ ჩაიბარა, გუნდი ძალიან შემტევი გახდა. მის მეტოქესაც, უბრალოდ, არ შეუძლია დაცვაში ჯდომა. "არისტოკრატთა" შორის საეჭვოა სესკ ფაბრეგასის ჯანმრთელობა.

კლაუდიო ბრავოს, დანილოს, კევინ დე ბრუინისა და ელიაკიმ მანგალას გარეშეც "მანჩესტერ სიტიმ" უთუოდ უნდა დაამარცხოს "ნიუკასლი". პეპ გვარდიოლას გუნდმა წინა ტურში გასვლაზე ვერ აჯობა "ვულვზს" და ახლა 3 ქულის გარდა, არც ერთი სხვა შედეგი არ დააკმაყოფილებს.
ფაქტია, რომ შემადგენლობის თვალსაზრისით "კარდიფი" ერთ-ერთი უსუსტესია პრემიერლიგაში. "არსენალი" კი არსენ ვენგერის დიდი ეპოქის დასრულების შემდეგ ჯერაც ახალი სახის ძიებაშია. და მაინც, უნაი ემერის გაწვრთნილები უდავო ფავორიტები არიან და 3 ქულა არ უნდა გაუშვან ხელიდან.

ორი უდანაკარგო გუნდის შეხვედრას ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი ახლავს. ასეთი უნდა იყოს "უოტფორდისა" და "ტოტენჰემის" მატჩი. სტუმრების აქციები ამ თამაშში უფრო ძვირად ფასობს, მაგრამ მასპინძლებს სიურპრიზის შეთავაზება რომ შეუძლიათ, ესეც ფაქტია.

ფაქტები
  • "ლესტერისა" და "ლივერპულის" ბოლო 4 პრემიერლიგურ ჯახში ორივემ გაიტანა.
  • "ბრაიტონმა" ბოლო 5 თამაში მოუგო "ფულჰემს".
  • "ბორნმუთმა" ბოლო შეხვედრაში 3:0 აჯობა "ჩელსის".
  • "ევერტონმა" უკანასკნელ 2 მატჩში სძლია "ჰადერსფილდს".
  • "ვესტ ჰემმა" ბოლო 2 დაპირისპირებაში აჯობა "ვულვზს".
  • "ბარნლისა" და "მანჩესტერს" შორის ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო 2 თამაშში მოუგო "ნიუკასლს".
  • "უოტფორდისა" და "ტოტენჰემს" შორის ბოლო ორ დაპირისპირებაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. IV ტური
შაბათი, 1 სექტემბერი
ლესტერი-ლივერპული 15:30
ბრაიტონი-ფულჰემი 18:00
ჩელსი-ბორნმუთი 18:00
კრ. პალასი-საუთჰემპტონი 18:00
ევერტონი-ჰადერსფილდი 18:00
ვესტ ჰემი-ვულვზი 18:00
მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 20:30

კვირა, 2 სექტემბერი
კარდიფი-არსენალი 16:30
ბარნლი-მანჩესტერ იუნ 19:00
უოტფორდი-ტოტენჰემი 19:00

ბომბარდირები: 3 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული), რიჩარლისონი (ევერტონი), ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულჰემი), რობერტო პერეირა (უოტფორდი), ლუკას მოურა (ტოტენჰემი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ადრე ტრენერობით შოულობდა ფულს, ახლა, რაც ფინაჩი გახდა, კონტრაქტის ვადაზე ადრრე დარღვევისათვის იჯიბავს
ბორა
11:29 01-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული