"ტოტენჰემი" მიიღებს "ლივერპულს", რომელიც მიმდინარე სეზონში სერიოზულად აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, თავიანთი მიზნები აქვთ "მამლებსაც". ასე რომ, დიდ ბრძოლას და სეირს ველით, მით უმეტეს, ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს.
ამ შეხვედრას ხშირად ორი დიდებული ფორვარდის, მოჰამედ სალაჰისა და ჰარი კეინის დაპირისპირებად განიხილავენ. ასევე საინტერესო იქნება მწვრთნელთა დუელიც - ვნახოთ, მაურისიო პოჩეტინო აჯობებს თუ იურგენ კლოპი.
თუმცა არის დანაკლისიც, თან სერიოზული - "ტოტენჰემს" ტრავმირებული მეკარე უგო ლორისი და შემტევი დელე ალი
ძალიან საინტერესო გასვლა ელის "მანჩესტერ იუნაიტედს". ჟოზე მოურინიო და მისი შეგირდები პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენას, "უოტფორდს" უმასპინძლებენ, რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს. "იუნაიტედში" კრიზისი ჯერ გადავლილი არ არის, შესაბამისად, არ არის სტაბილურობაც და ყველაფერია მოსალოდნელი. ოღონდ, ეგ არის, "უოტფორდი" ამ ორკვირიანმა პაუზამ, შეიძლება, რიტმიდან ამოაგდო...
"წითელ ეშმაკებს" არ ეყოლებათ მარკუს რაშფორდი და ფილ ჯოუნსი. შესაძლოა, ითამაშოს ლუკ შოუმ, ვინც, ერთი შეხედვით, უმძიმესი ტრავმა მიიღო ესპანეთთან სანაკრებო მატჩში...
"უოტფორდს" ფონს გასვლა ტომ ქლევერლისა და იუნეს ქაბულის გარეშე მოუწევს. ჯერ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა მინდორზე გასვლას ჟერარდ დეოლოფეუ.
"არსენალს" რთული გამოცდა ელის "სენტ ჯეიმს პარკზე". საერთოდ, უნაი ემერის გუნდი შეტევაში კი დალაგდა, მაგრამ ოდინდელ ზნეს არ ღალატობს და ძალიან სუსტია დაცვაში. პრობლემებმა კიდევ უნდა იმატოს, რადგან გუნდს ვერ ეხმარებიან ლორან კოსიელნი და საიდ კოლაშინაცი.
"ჩელსიმ" და "მანჩესტერ სიტიმ" იოლად უნდა დაამარცხონ, შესაბამისად, "კარდიფი" და "ფულჰემი", მაგრამ პრემიერლიგას რას გაუგებ. აქ ხომ სიურპრიზები ნებისმიერი გუნდისგანაა მოსალოდნელი...
ფაქტები
"ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" ბოლო ორ მატჩში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
"ბორნმუთმა" და "ლესტერმა" ბოლო 3 დაპირისპირება ფრედ დაასრულეს.
"ჩელსიმ" აქამდე ნათამაშები ყველა შეხვედრა მოუგო "კარდიფს".
"ჰადერსფილდისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 4 შეხვედრაში (ყველა ტურნირის ჩათვლით) ორივეს არ გაუტანია.
"მანჩესტერ სიტი" სულ ხუთჯერ შეხვდა "ფულჰემს" და ყველა შემთხვევაში დაამარცხა.
"ნიუკასლმა" ბოლო შეხვედრაში მოახერხა "არსენალის" ძლევა.
"უოტფორდი" მანჩესტერ იუნაიეტედთან" შეხვედრას უდანაკარგოდ ხვდება.
"ვულვზმა" და "ბარნლიმ" ჩემპიონშიფში ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
პრემიერლიგა. V ტური
შაბათი, 15 სექტემბერი
ტოტენჰემი-ლივერპული 15:30
ბორნმუთი-ლესტერი 18:00
ჩელსი-კარდიფი 18:00
ჰადერსფილდი-კრ. პალასი 18:00
მანჩესტერ სიტი-ფულჰემი 18:00
ნიუკასლი-არსენალი 18:00
უოტფორდი-მანჩესტერ იუნ 20:30
კვირა, 16 სექტემბერი
ვულვზი-ბარნლი 16:30
ევერტონი-ვესტ ჰემი 19:00
ორშაბათი, 17 სექტემბერი
საუთჰემპტონი-ბრაიტონი 23:00
ბომბარდირები: 4 - სადიო მანე (ლივერპული), ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი); 3 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რიჩარლისონი (ევერტონი), გლენ მარეი (ბრაიტონი), პედრო როდრიგესი (ჩელსი), რობერტო პერეირა (უოტფორდი), ლუკას მოურა (ტოტენჰემი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"