და აი, ახალი დაპირისპირება თავისი ყოფილი კლუბის იტალიელ მწვრთნელთან, უფრო სწორად - მის ასისტენტთან. 96-ე წუთზე, როცა როს ბარკლიმ ანგარიში გაათანაბარა და "ჩელსის" ქულა გადაურჩინა, მაურიციო სარის ასისტენტმა მარკო იანიმ ჟოზეს წინ გამომწვევი ხუნტრუცი დაიწყო.
რა თქმა უნდა, "მანჩესტერის" მწვრთნელი, რომელიც ისედაც დაბოღმილი იჯდა ხელიდან გაშვებული გამარჯვების გამო, წამოუხტა სარის თანაშემწეს და სტიუარდები რომ არ
ცოტა მოგვიანებით კი პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ კონფლიქტი აღკვეთილია. მოურინიომ კი ისიც დასძინა - "ჩელსის" მწვრთნელმა ბოდიში მომიხადაო. ხოლო, ვიდრე ეს მოხდებოდა, ვნახეთ მოურინიოს ხუნტრუციც. ის "სტემფორდ ბრიჯის" ტრიბუნის წინ დარბოდა და სამ თითს აჩვენებდა ფანებს - აქ 3 ტიტული მაქვს მოგებულიო...
მოურინიომ ეს "სამი ტიტული" ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზეც ახსენა. მოკლედ, სანამ ცოცხალი იქნება, "ჩელსი" და მისი ფანები ჟოზეს ვალიდან ვერ ამოვლენ...
ახლა მატჩზეც ვთქვათ. პირველ ტაიმში "ჩელსი" სჯობდა მეტოქეს, მეორე ნახევარში "მანჩესტერი" გამოიყურებოდა უკეთ და ანტონი მარსიალის დუბლით რომ დაწინაურდა, აბსოლუტურად დამსახურებულიც იყო. ბოლოს რაც მოხდა, ნაწილობრივ უკვე ვთქვით - ბარკლიმ გადმოვარდილ ბურთს მისცხო და 96-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახდა.
ჟოზე მოურინიო: "ფანტასტიკური მატჩი იყო, შედეგი კი უსამართლო მივიღეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ჩვენ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, მეტოქეს პირველ ტაიმშიც კი ვჯობდით, რომელიც წავაგეთ... ორივე გოლი "სტანდარტულიდან" გავუშვით, თუმცა ეს არ გვამართლებს - სტანდარტული სიტუაციაც გოლის გატანის საშუალებაა და უნდა იცოდე მისგან თავის დაცვა... მარსიალს რაც შეეხება, ის სულ უფრო უკეთ თამაშობს, მაგრამ მისგან კიდევ მეტს ვითხოვ, რადგან ვიცი, რომ რესურსიც ბევრი აქვს და ტალანტიც... კონფლიქტი? კონფლიქტი აღარ არსებობს. ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. მათ მომიბოდიშეს და ამით ყველაფერი მორჩა".
მაურიციო სარი: "კარგად ვითამაშეთ პირველი ერთი საათის განმავლობაში, თუმცა მერე "იუნაიტედს" ავყევით ძალისმიერ თამაშში, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ეს არ არის ჩვენი კოზირი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ ბოლო 30 წუთით. შორი პასები არ არის ჩვენი ფეხბურთი... რაც შეეხება კონფლიქტს თამაშის ბოლოს, სიმართლე გითხრათ, არც დამინახავს, რისგან და ვისგან დაიწყო დაპირისპირება. მესმის, რომ ჩვენი მხარე არ იყო ბოლომდე მართალი. ველაპარაკე ჩემი შტაბის წევრებს და შემიძლია ვთქვა, რომ კონფლიქტი ამოწურულია".
იმის გამო, რომ "ჩელსიმ" ქულები დაკარგა, პრემიერლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. გაიმარჯვეს "მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა". "ქალაქელებმა" 5 უპასუხო გოლი გაუტანეს "ბარნლის".
ხოლო იურგენ კლოპის გუნდმა, რამდენადმე შესუსტებული შემადგენლობით, რთული გასვლითი მატჩი მოუგო "ჰადერსფილდს".
ფაქტები
- "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო 17 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი (2:3, 2012) წააგო.
- "ჩელსის" არ წაუგია 65 საშინაო მატჩი იმ პირობებში, როცა პირველი ტაიმი თავად ჰქონდა მოგებული.
- 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" ასეთი გვიანი (96-ე წუთი) გოლი არ გაუშვია.
- 2015 წლის ნოემბრის შემდეგ როს ბარკლიმ ("ჩელსი") პირველად შეძლო გოლების გატანა ზედიზედ ორ მატჩში.
- 2016 წლის ნოემბრის შემდეგ ანტონი მარსიალმა პირველად შეასრულა დუბლი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით.
- "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ შეძლო კარის "მშრალად" შენახვა, მაშინ, როცა წინა სეზონის ანალოგიურ ეტაპზე ეს 7-ჯერ მოახერხა.
- "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაში 23-ე თამაში მოიგო 5 და მეტი ბურთის სხვაობით. აქედან 10 - პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდზე მოდის.
- სერხიო აგუერომ "ბარნლის" წინააღმდეგ ნათამაშებ 7 მატჩში (ყველა ტურნირში ერთად) 7 გოლი გაიტანა.
- მოჰამედ სალაჰმა ("ლივერპული") ინგლისში თავისი 50-ე გოლი გაიტანა. აქედან 48 - "ლივერპულის", ხოლო 2 - "ჩელსის" მაისურით.
- "ჰადერსფილდმა" პრემიერლიგის ბოლო 7 საშინაო მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა.
- "ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 12 საგარეო მატჩიდან 9 მოიგო, ხოლო 6-დან 5 - მიმდინარე სეზონში.
- "ვულვზმა" ბოლო 15 საშინაო მატჩში პირველი მარცხი იწვნია, "უოტფორდმა" კი უკანასკნელი 4 საგარეო შეხვედრიდან 2-ში გაიმარჯვა.
- 2004 წლის შემდეგ "საუთჰემპტონმა" პირველად ვერ შეძლო ზედიზედ 4 მატჩში გოლის გატანა.
- 1961 წლის შემდეგ "კარდიფმა" პირველად შეძლო ინგლისის მთავარ ლიგაში 4 (და მეტი) გოლის გატანა.
- 2014 წლის აპრილის შემდეგ "კარდიფმა" პირველად მოიგო პრემიერლიგის შეხვედრა, რითიც 12-მატჩიანი სერია შეწყვიტა.
პრემიერლიგა. IX ტური
ჩელსი-მანჩესტერ იუნ 2:2
გოლები: 1:0 რიუდიგერი (21), 1:1 მარსიალი (55), 1:2 მარსიალი (73), 2:2 ბარკლი (90+6)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (69. ბარკლი) - ვილიანი (73. პედრო), აზარი, მორატა (79. ჟირუ).
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ - მატიჩი, პოგბა - მატა (75. ერერა), მარსიალი (84. პერეირა), რაშფორდი (85. ალექსის სანჩესი) - ლუკაკუ.
კარდიფი-ფულჰემი 4:2
გოლები: 0:1 შიურლე (11), 1:1 მერფი (15), 2:1 რიდი (20), 2:2 სესენიონი (34), 3:2 პეტერსონი (65), 4:2 ჰარისი (87)
მანჩესტერ სიტი-ბარნლი 5:0
გოლები: 1:0 აგუერო (17), 2:0 ბერნარდო სილვა (54), 3:0 ფერნანდინიო (56), 4:0 მაჰრეზი (83), 5:0 სანე (90)
სიტი (4-3-3): ედერსონი - სტოუნზი, კომპანი, ლაპორტი, მენდი - ბერნარდო სილვა (58. დე ბრუინი), ფერნანდინიო, დავიდ სილვა (75. ფოდენი) - მაჰრეზი, სანე, აგუერო (66. გაბრიელ ჟეზუში).
ნიუკასლი-ბრაიტონი 0:1
გოლი: 0:1 კაიალი (29)
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 0:1
გოლი: 0:1 ლამელა (44)
ტოტენჰემი (4-3-2-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ალდერვეირელდი, ბ. დევისი - სისოკო (89. ერიქსენი), დიერი, უინქსი - ლამელა (76. დემბელე), ლუკას მოურა, კეინი (86. ლორენტე).
ვულვზი-უოტფორდი 0:2
გოლები: 0:1 კაპუ (20), 0:2 რობერტო პერეირა (21)
ჰადერსფილდი-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 სალაჰი (24)
ლივერპული (4-3-3): ალისონი - გომესი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ლალანა (69. ფაბინიო), ჰენდერსონი (46. ვეინალდუმი), მილნერი (77. ფირმინო) - სალაჰი, შაჩირი, სტარიჯი.
ევერტონი-კრისტალ პალასი 2:0
გოლები: 1:0 კალვერტ-ლიუინი (87), 2:0 თოსუნი (89)
გამოუყენებელი პენალტი: მილივოიევიჩი (59. კრისტალ პალასი)
ბორნმუთი-საუთჰემპტონი 0:0
ორშაბათი, 22 ოქტომბერი
არსენალი-ლესტერი 23:00
ბომბარდირები: 7 - ედენ აზარი (ჩელსი); 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 5 - ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), გლენ მარეი (ბრაიტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).
მომდევნო ტური
27 ოქტომბერი: ბრაიტონი-ვულვზი, ფულჰემი-ბორნმუთი, ლივერპული-კარდიფი, საუთჰემპტონი-ნიუკასლი, უოტფორდი-ჰადერსფილდი, ლესტერი-ვესტ ჰემი
28 ოქტომბერი: ბარნლი-ჩელსი, კრ. პალასი-არსენალი, მანჩესტერ იუნ-ევერტონი
29 ოქტომბერი: ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"