პრემიერლიგა. XVIII ტური: სენსაციების ტური, რუნის რჩევა და ოლეს მაგია [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მორიგმა ტურმა ორი დიდი სენსაცია შემოგვთავაზა. დამარცხდნენ "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი", თან ორივე - საკუთარ მოედანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შობას პირველ ადგილზე 4-ქულიანი უპირატესობით ხვდება "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი ოლე გუნარ სოლსკიაერის პირველივე შეხვედრაში "დახატა"...

დავიწყოთ ლიდერით. "ლივერპულმა" გასვლაზე დამაჯერებლად მოუგო "ვულვზს". ჯერ ფაბინიოს გადაცემის შემდეგ ეფექტურად შეაგდო მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც მერე დიდებული პასი გაუკეთა ვირჯილ ვან დაიკს და ანგარიში 2:0 გახდა.

"ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩის მსვლელობას. საბოლოო შედეგს კანონზომიერად მივიჩნევ, თუმცა მეტოქე მაგრად გვებრძოდა და კარგი თამაშიც გამოვიდა",
- თქვა ნამატჩევს იურგენ კლოპმა.


"სიტი" ილქაი გიუნდოგანის თავურით უგებდა "კრისტალ პალასს" და თითქოს საგანგაშო სიგნალიც არსაიდან ისმოდა, მაგრამ "კრისტალ პალასმა" "ეტიჰადზე" ნამდვილი სასწაული შემოგვთავაზა - ჯერ იყო და, გამოცდილმა ჯეფრი შლუპმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი ანდროს თაუნსენდმა საჯარიმოს გარედან არნახული გოლი შეაგდო! გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ასეთი გოლი მიმდინარე პრემიერლიგაში არ გასულა...

მეორე ტაიმში "სიტის" ჩამორჩენა ორბურთიანი გახდა მას შემდეგ, რაც ლუკა მილივოიევიჩმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა. "სიტი" ბოლოს გაშმაგდა, მაგრამ მხოლოდ კევინ დე ბრუინის გოლს გამორჩა.

"ჩვენ ვიბრძოლეთ, მაგრამ არაერთი შეცდომაც დავუშვით, თუნდაც - პენალტის დროს. ასეთი 11-მეტრიანები აღარ უნდა გამოვიგონოთ. მეტოქემ სამჯერ დაარტყა ჩვენს კარში და 3 გოლი გაგვიტანა. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი", - თქვა ნამატჩევს პეპ გვარდიოლამ.


მეორე სენსაცია კი გამოაცხო "ლესტერმა", რომელმაც გასვლაზე "ჩელსის" მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი ვეტერანმა ჯეიმი ვარდიმ მიითვალა. "არისტოკრატები" კი საკუთარ თავს არ ჰგავდნენ.

"ჩვენი მთავარი პრობლემა ამ შეხვედრაში ის იყო, რომ გოლზე ცუდი რეაქცია გვქონდა. 55 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად ვთამაშობდით. გოლმა გადაგვახვევინა არჩეული გეზიდან და ეს აღარ უნდა განმეორდეს", - თქვა ლონდონელთა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ.


პიერ-ემერიკ ობამეიანგის დუბლი "არსენალს" "ბარნლის" ძლევაში დაეხმარა. ინტრიგა თითქოს გაცოცხლდა, როცა სტუმარმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თამაშის მიწურულს ალექს ივობის გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრის მოგება. მეტოქე ბოლომდე დაიხარჯა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ჩვენ ვიცოდით, რა და როგორ გვეკეთებინა მინდორზე", - ასე შეაჯამა თამაში უნაი ემერიმ.


იღბლიანი გამოდგა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე გუნარ სოლსკიაერის დებიუტი. "იუნაიტედმა" ითამაშა ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან წლებია (სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის დასასრულის შემდეგ), ელოდებიან ქომაგები. ეს იყო ერთგვარი რევანში, რადგან თავის დროზე სოლსკიაერი "კარდიფიდან" გაუშვეს...

"მხოლოდ ოთხშაბათ საღამოს ჩამოვედი ინგლისში და ორი ვარჯიში ჩავატარე. "იუნაიტედში" თავმოყრილნი არიან დიდი ფეხბურთელები და მათი ხარისხი არის განსაკუთრებული. თამაშის წინ უეინ რუნიმ დამირეკა და რამდენიმე ფასეული რჩევა მომცა. უბრალოდ, მან მირჩია, რომ ფეხბურთელებისთვის თამაშის საშუალება მიმეცა. მეც ზუსტად ასე მოვიქეცი. ასე რომ, ჩათვალეთ, ამ წარმატებაში მისი წვლილიცაა", - თქვა ნამატჩევს სოლსკიაერმა.


ყველაზე მაგარი შოუ კი "ევერტონი"-"ტოტენჰემი" იყო - 2:6. "მამლებმა" ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგეს და მესამე ადგილზე გამაგრდნენ. სხვათა შორის, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი სტუმრად დაგროვილი ქულების რაოდენობით მიმდინარე პრემიერლიგაში პირველია.


ფაქტები
  • ვირჯილ ვან დაიკმა "ლივერპულის" მაისურით პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
  • "ვულვზთან" მატჩში "ლივერპული" სულ... 3-ჯერ დაჯარიმდა.
  • "არსენალმა" მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო... პირველი ტაიმი.
  • "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოუგო კრისტალ პალასს".
  • "კარდიფს" 1960 წლის შემდეგ არ მოუგია მანჩესტერ იუნაიტედისთვის".
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლოს 5 გოლი 2016 წელს შეაგდო დანიურ "მიდტიულანდთან" ევროპალიგის შეხვედრაში.

პრემიერლიგა. XVIII ტური
ვულვზი-ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 ვან დაიკი (68)
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - მილნერი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო - მანე (87. კლაინი), ფირმინო (76. ვეინალდუმი), კეიტა (58. ლალანა) - სალაჰი.

არსენალი-ბარნლი 3:1
გოლები: 1:0 ობამეიანგი (14), 2:0 ობამეიანგი (48), 2:1 ბარნსი (63), 3:1 ივობი (90+1)
არსენალი (4-3-1-2): ლენო - მეიტლანდ-ნაილსი, პაპასტატოპულოსი, მონრეალი (37. ლიხტშტაინერი), კოლაშინაცი - გენდუზი, ელნენი (59. ტორეირა), ჯაკა - იოზილი - ლაკაზეტი (78. ივობი), ობამეიანგი.

ბორნმუთი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 ბრუკსი (21), 2:0 ბრუკსი (77)
გაძევება: დანკი (73. ბრაიტონი)

ჩელსი-ლესტერი 0:1
გოლი: 0:1 ვარდი (51)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, ფელიპე ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო (75. ფაბრეგასი), კოვაჩიჩი (61. ლოფტუს-ჩიკი) - პედრო, ვილიანი (61. ჟირუ), აზარი.

ჰადერსფ.-საუთჰემპტონი 1:3
გოლები: 0:1 რედმონდი (15), 0:2 ინგსი (42-პენ), 1:2 ბილინგი (58), 1:3 ობაფემი (71)

მანჩესტერ სიტი-კრ. პალასი 2:3
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (27), 1:1 შლუპი (33), 1:2 თაუნსენდი (35), 1:3 მილივოიევიჩი (51-პენ), 2:3 დე ბრუინი (85)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი (50. აგუერო), ლაპორტი, დელფი (62. დე ბრუინი) - ბერნარდო სილვა, სტოუნზი, გიუნდოგანი - სტერლინგი (69. მაჰრეზი), სანე, გაბრიელ ჟეზუში.

ვესტ ჰემი-უოტფორდი 0:2
გოლები: 0:1 დინი (30-პენ), 0:2 დეულოფეუ (87)

კარდიფი-მანჩესტერ იუნ 1:5
გოლები: 0:1 რაშფორდი (3), 0:2 ერერა (29), 1:2 კამარასა (38-პენ), 1:3 მარსიალი (41), 1:4 ლინგარდი (57-პენ), 1:5 ლინგარდი (90)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, ჯოუნსი, ლინდელიოფი, შოუ - ერერა, მატიჩი (87. ფელაინი), პოგბა - ლინგარდი, მარსიალი (87. ანდრეას პერეირა), რაშფორდი (79. ფრედი).

ნიუკასლი-ფულჰემი 0:0

ევერტონი-ტოტენჰემი 2:6
გოლები: 1:0 უოლკოტი (21), 1:1 სონი (27), 1:2 ალი (35), 1:3 კეინი (42), 1:4 ერიკსენი (48), 2:4 სიგურდსონი (51), 2:5 სონი (61), 2:6 კეინი (74)
ტოტენჰემი (4-1-2-1-2): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ალდერვეირელდი, დევისი - უინქსი - სისოკო (83. ლუკას მოურა), ერიკსენი - ალი (46. ლამელა) - კეინი, სონი (79. სკიპი).

ბომბარდირები: 12 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 11 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 8 - ედენ აზარი (ჩელსი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ), გლენ მარეი (ბრაიტონი), რიჩარლისონი (ევერტონი).

მომდევნო ტური
26 დეკემბერი: ფულჰემი-ვულვზი, ბარნლი-ევერტონი, კრ. პალასი-კარდიფი, ლესტერი-მანჩესტერ სიტი, ლივერპული-ნიუკასლი, მანჩესტერ იუნაიტედი-ჰადერსფილდი, ტოტენჰემი-ბორნმუთი, ბრაიტონი-არსენალი, უოტფორდი-ჩელსი

27 დეკემბერი: საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული