პრემიერლიგა. XIX ტურის წინ: მოვიდა ტრადიციული "ბოქსინგ დეი"

AutoSharing Option
მოვიდა ტრადიციული "ბოქსინგ დეი", როცა განსაკუთრებული ბრწყინვალებით წარმოჩნდება ხოლმე "ნაქეიფარი" პრემიერლიგა.

ამჯერადაც ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩების მოლოდინი გვაქვს, მით უმეტეს, გამოფხიზლება მართებს ერთ-ერთ ლიდერ "მანჩესტერ სიტის", მოქმედ ჩემპიონს, რომელიც ბოლო დროს ძალიან ცუდ ფორმაშია.

"სიტი" ეთამაშება "ლესტერს" და გასულ ტურში "ჩელსის" მძლეველს უსათუოდ უნდა მოუგოს, თორემ... საქმეს ისეთი პირი უჩანს, პეპ გვარდიოლას გუნდს დააკლდება დავიდ სილვა. ტრავმირებულები არიან ბენჟამინ მენდი და ფერნანდინიოც.

ამ დროს კი, "ლესტერი" კარგ ხასიათზეა მას შემდეგ, რაც გასვლით მატჩში სენსაციური მარცხი აგემა ფავორიტ "ჩელსის". ვნახოთ,
ეყოფათ თუ არა ძალები "მელიებს" ზედიზედ" მეორე გმირობისთვის.

"ახალმა" "მანჩესტერ იუნაიტედმა" რომელუ ლუკაკუსა და ალექსის სანჩესის გარეშეც უნდა შეძლოს "ჰადერსფილდის" დამარცხება. ოლე გუნარ სულშერი (და არა - სოლსკიაერი) ყოჩაღად შეეჭიდა სამწვრთნელო საქმეს და სადებიუტო შეხვედრაში ქვა ქვაზე არ დატოვა "კარდიფისგან". წესით, კარგი დღე არც მეორე აუტსაიდერს უნდა დაადგეს.

იურგენ კლოპის "ლივერპული", რომელიც სათავეში ჩაუდგა პრემიერლიგას, რა თქმა უნდა, აშკარა ფავორიტია "ნიუკასლთან" საშინაო მატჩში. "ლივერპული" რაფა ბენიტესის ყოფილი კლუბია, მაგრამ ხვალ ისინი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. ეს ის მომენტია, როცა ქულების განიავება არ შეიძლება - არც "ლივერპულის" და არც "ნიუკასლისთვის". მით უმეტეს, "მანჩესტერ სიტიმ" მხოლოდ ჩასთვლიმა და მალე გამოიღვიძებს.

"ტოტენჰემს" "ბორნმუთთან" შეხვედრაში, ალბათ, მუსა დემბელე დააკლდება. ლონდონელები კარგ ფორმაში არიან და არა გვგონია, დემბელეს არყოფნა კატასტროფის ტოლფასი იყოს. "მამლებმა" წინა ტურში დაუვიწყარი შოუ დადგეს "ევერტონთან" საგარეო მატჩში. ახლაც, სტატისტიკა გვეუბნება, რომ "ტოტენჰემი" ბოლო დროს მუდამ ჯაბნის მეტოქეს. დავამატოთ ამას ისიც, რომ გუნდის ლიდერები საგოლე იშტაზე არიან და "ბორნმუთს" ძალიან, ძალიან გაუჭირდება "უემბლიზე".

"არსენალი" გასვლაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს "ბრაიტონთან". ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო ჰენრიხ მხითარიანმაც, რომელსაც 6 კვირა გაუცდება. მაგრამ უნაი ემერის გუნდი მაინც ფავორიტია.

"ჩელსი" კი "ლესტერთან" მარცხის დავიწყებას "უოტფორდის" საგარეო მატჩში წაქცევით ეცდება. "არისტოკრატები" რევანშის წყურვილით იწვიან. ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო შეხვედრა "უოტფორდმა", ყველასდა გასაკვირად, 4:1 მოიგო.

ფაქტები
  • "ფულჰემისა" და "ვულვზის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ბარნლიმ" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ევერტონს".
  • "მანჩესტერ სიტის" ყველა ფრონტზე ზედიზედ 2 მატჩია არ მოუგია.
  • "ლივერპულისა" და "ნიუკასლის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჰადერსფილდის ბოლო 2 თამაშში ორივეს არ გაუტანია.
  • "ტოტენჰემმა" ბოლო 3 დაპირისპირება მოუგო "ბორნმუთს".
  • "ბრაიტონმა" ბოლო მატჩში შეძლო "არსენალის" დამარცხება.
  • "უოტფორდმა" "ჩელსის" ბოლო მატჩში 4:1 მოუგო.

პრემიერლიგა. XIX ტური
ოთხშაბათი, 26 დეკემბერი
ფულჰემი-ვულვზი 16:30
ბარნლი-ევერტონი 19:00
კრ. პალასი-კარდიფი 19:00
ლესტერი-მანჩესტერ სიტი 19:00
ლივერპული-ნიუკასლი 19:00
მანჩესტერ იუნ-ჰადერსფილდი 19:00
ტოტენჰემი-ბორნმუთი 19:00
ბრაიტონი-არსენალი 21:15
უოტფორდი-ჩელსი 23:30

ხუთშაბათი, 27 დეკემბერი
საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 23:45

ბომბარდირები: 12 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 11 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 8 - ედენ აზარი (ჩელსი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ), გლენ მარეი (ბრაიტონი), რიჩარლისონი (ევერტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუნაიტედი რავა მაგდანას ლურჯასავითაა დაცემული, ვერც პრემიერლიგას მოიგებს წელს, ვერც ჩემპიონნლიგის საგზურს და დიდი ალბათობით პარიზელები მერვედფინალში ჩატოვებენ.
იაგო
13:14 26-12-2018
0

სიახლეები პოპულარული