ფოტო: liverpoolfc.com
ამ უქმეებზე ინგლისში ასოციაციის თასის მეოთხედფინალებია და აქედან გამომდინარე, პრემიერლიგის ტური არასრულია. იმ თამაშებს შორის კი, რომელიც ტარდება, რა თქმა უნდა, გამოსარჩევია მატჩი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტის, "ლივერპულის" მონაწილეობით.
იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილ გუნდს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა, რაკი, მართალია, გასვლაზე, მაგრამ მაინც პრემიერლიგიდან ფაქტობრივად გავარდნილ "ფულჰემს" ეთამაშება.
როცა სეზონი დაიწყო, ლონდონური კლუბის ასეთ კრახს ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა. "ფულჰემი" შემადგენლობის თვალსაზრისით ურიგოდ ნამდვილად არ არის დაკომპლექტებული, მაგრამ გუნდმა თამაში ვერა და ვერ ააწყო. საქმეს არც სამწვრთნელო სეგმენტში განხორციელებულმა ცვლილებებმა
უშველა...
მოკლედ, ამ შეხვედრას ერთი უდავო ფავორიტი ჰყავს და ეს ფავორიტი "ლივერპულია". თუ სასწაული არ მოხდა, იურგენ კლოპის გუნდმა ეს თამაში უნდა მოიგოს და დროებით მაინც გალიდერდეს ჩემპიონატში, რაც გუნდს მეტ თავდაჯერებას შემატებს.
ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს დაპირისპირება "ევერტონსა" და "ჩელსის" შორის. მართალია, მიმდინარე სეზონში "ევერტონი" არასტაბილურად თამაშობს, მაგრამ გუნდმა საშინაო ასპარეზზე იცის სიურპრიზების შეთავაზება. სწორედ "ევერტონის" დამსახურებაა, "სიტი" საჩემპიონო სეზონში ისევ რომ დაწინაურდა.
მეორე მხრივ, "ჩელსი" ძალიან არასტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა მაურიციო სარის ხელში. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იტალიელი სპეციალისტი შესაძლოა მალე გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან. სარის ძალიან ბევრ რამეს საყვედურობენ, განსაკუთრებით კი იმას, რომ თამაშის მსვლელობაში პრაქტიკულად არ ერევა და "ჩელსი" როგორც იწყებს ამა თუ იმ თამაშს, ისევე ამთავრებს. ასეა თუ ისე, ლონდონელები ოთხეულში მოხვედრის ყველანაირ შანსს ინარჩუნებენ.
ფაქტები
- "ბორნმუთისა" და "ნიუკასლის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
- "ბარნლისა" და "ლესტერის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
- "ჰადერსფილდს" თავის ისტორიაში არასოდეს მოუგია "ვესტ ჰემისთვის".
- "ლივერპულმა ბოლო 5 თამაშში აჯობა ფულჰემს".
- "ევერტონისა" და "ჩელსის" ბოლო 2 შეხვედრა 0:0 დასრულდა.
პრემიერლიგა. XXXI ტური
შაბათი, 16 მარტი
ბორნმუთი-ნიუკასლი 19:00
ბარნლი-ლესტერი 19:00
ვესტ ჰემი-ჰადერსფილდი 19:00
კვირა, 17 მარტი
ფულჰემი-ლივერპული 18:15ევერტონი-ჩელსი 20:30
სხვა მატჩები გადაიდო
ბომბარდირები: 18 - აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - სალაჰი (ლივერპული), კეინი (ტოტენჰემი), ობამეიანგი (არსენალი); 16 - მანე (ლივერპული); 15 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"