ფეხბურთელებმა საუკეთესოდ ვან დაიკი დაასახელეს, ჟურნალისტებმა - სტერლინგი

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე 2 ტური დარჩა. "მანჩესტერ სიტი" 1 ქულით უსწრებს "ლივერპულს" და ჩემპიონობასთან უფრო ახლოსაა. თუმცა, სანამ "სიტი" და "ლივერპული" ჩემპიონობას გაარკვევენ, იქამდე ამ ორი კლუბის ფეხბურთელებმა ჯილდოები გაიყვეს.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით, ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დაიკი გახდა. იმავე ორგანიზაციამ 24 წლის რაჰიმ სტერლინგი ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

27 წლის ვან დაიკმა "ლივერპულის" შემადგენლობაში 36-ვე მატჩი ჩაატარა და დაეხმარა კლუბს პრემიერ ლიგის საუკეთესო შედეგის ჩვენებაში მშრალად შენახული მატჩების მხრივ - 20 შეხვედრა.

პრიზის მიღების შემდეგ ჰოლანდიელმა მცველმა განაცხადა:

"საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. მგონია, რომ ყველაზე დიდი პატივია, როცა ის ადამიანები გასახელებენ საუკეთესოდ, ვის წინააღმდეგაც ყოველ კვირა თამაშობ. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ამ პრიზის მიღებით".

რაც შეეხება სტერლინგს, ინგლისელმა "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში პრემიერლიგის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სტერლინგი საკუთარი "ტვიტერის" გვერდიდან გამოეხმაურო ამ ჯილდოს მიღებას:

"ძალიან ამაყი ვარ, რომ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გავხდი. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის მთელი სეზონის განმავლობაში!"

თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგი გახდა.

ასე რომ, "სიტისა" და "ლივერპულის" ორი საუკეთესო მოთამაშე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მალე ამ კლუბებს შორის ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი გამოვლინდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული