ლონდონის "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პრემიერლიგის 36-ე ტურში "ნიუკასლის" დამარცხების (3:1) შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.
57-ე წუთზე პორტუგალიელმა მოედანზე ნიდერლანდელი შემტევი სიტვენ ბერგვინი გამოუშვა, რომელმაც 3 წუთში საგოლე გადაცემა გააკეთა. პრესკონფერენციაზე კი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჟოზეს ჰკითხა, თუ რატომ არ დააყენა ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში.
"მისმინეთ, ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რასაც არც ლამპარდს, არც კლოპსა და გვარდიოლას ეკითხებით - არცერთ დიდი კლუბის მწვრთნელს, რომელსაც დიდი ფეხბურთელები ჰყავს.
როცა ლამპარდი ძირითადში აყენებს პულიშიჩს, არ ეკითხებით, რატომ არ დააყენა ჰოჯსონ-ოდოი. როცა
გვარდიოლა ბერნარდო სილვას სათადარიგოთა სკამზე ტოვებს, ამის შესახებ ხმას არ იღებთ.
ისეთი განცდა მეუფლება, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში 15 ფეხბურთელი უნდა დააყენოს. თუ მე არ მაქვს უფლება კარგი ფეხბურთელების სათადარიგოთა შორის დატოვებისა?
ძირითადში ბერგვინი რომ დამეყენებინა, იმას მკითხავდით, ლუკას მოურა და სონი რატომ არ გამოვუშვი. "ტოტენჰემს" თუ საუკეთესო გუნდებთან ტოლ-სწორი პაექრობა სურს, მაშინ 11 კარგი ფეხბურთელი არ უნდა გვყავდეს, არამედ გაცილებით მეტი. მათი ნაწილი კი სათადარიგოთა სკამზე იქნება", - განაცხადა ჟოზემ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით