"ლივერპული" დაფრინავს! "სიტიმ" და "ჩელსიმ" რთული შეხვედრები მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში "ლივერპული" "ევერტონს" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში "წითლებმა" 2:1 იმარჯვეს, გოლები ჯორდან ჰენდერსონმა (9), მოჰამედ სალაჰმა (19) გაიტანეს, "კანფეტების" მხრიდან კი თავი დემარაი გრეიმ (38) გამოიჩინა.

მეორე ნახევარში იურგენ კლოპის შეგირდებმა მასპინძელთა კარის ორჯერ აღება მოჰამედ სალაჰისა (64) და დიეგო ჟოტას (79) გოლების წყალობით მოახერხეს.

ამრიგად, "ლივერპული" 31 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს, "ვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ევერტონი" 15 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 7 დეკემბერს, "არსენალის" პირისპირ გამართავს.

VideoSportall.Ge
ევერტონი - ლივერპული

"უოტფორდმა" "ჩელსის" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ანგარიში მეისონ მაუნტმა 30-ე წუთზე გახსნა, წონასწორობა კი ემანუელ დენისმა 44-ე წუთზე დააფიქსირა. გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმში თომას ტუხელმა მოედანზე ტიაგო სილვას, ჰაკიმ ზიეჩსა (ტრავმირებული ტრევო ჩალობა შეცვალა) და რომელუ ლუკაკუს უხმო. ლონდონელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 72-ე წუთზე მეისონ მაუნტის გადაცემით ჰაკიმ ზიეჩმა ისარგებლა და "არისტოკრატებს" მორიგი გამარჯვება შესძინა.

ამრიგად, "ჩელსი" 33 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს, "ვესტ ჰემის" პირისპირ გამართავს.

"უოტფორდი" 13 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს. შემდეგი ტურის მატჩს იმავე 4 დეკემბერს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


"მანჩესტერ სიტი" "ასტონ ვილას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

"ქალაქელებმა" პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. გოლები რუბენ დიასმა (27) და ბერნარდო სილვამ (43) გაიტანეს.

მეორე ნახევარში ოლი უოტკინსმა 47-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტი გოლი ამ მატჩში აღარ გასულა.

"სიტი" 32 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს "უოტფორდის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ასტონ ვილა" 16 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს, 5 დეკემბერს კი "ლესტერს" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული