ხავიერ ძანეტის სინანული: როგორ ვერ ვიხსენით ადრიანო...

AutoSharing Option
ადრიანო ლეიტე რიბეირო (ან უბრალოდ - ადრიანო) 2000-იანების შუა პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად თუ არა, ფორვარდად მაინც მიიჩნეოდა. მიუხედავად უამრავი ბრწყინვალე მონაცემისა, მან ვერა და ვერ შეძლო საკუთარი თავის პოვნა იმ დონეზე მაინც, რომ ფეხბურთში გაცილებით ღრმა კვალი დაეტოვებინა...

ის 19 წლის იყო, როცა 2001 წელს "ფლამენგოდან" "ინტერში" უხმეს, მაგრამ პირველივე სეზონი წარუმატებელი გამოდგა - მხოლოდ 8 მატჩი და ერთადერთი გოლი. შემდეგ იყო არენდა "ფიორენტინაში" და "პარმა". სწორედ ამ გუნდში გამოჩნდა მისი რეალური ძალა და პოტენციალი. ამიტომაც დააბრუნეს "ინტერში"
2004 წელს, სადაც 4 სეზონის განმავლობაში 115 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. ამავე პერიოდშივე, "ნერაძურისთან" ადრიანომ 4 სკუდეტოც მოიგო.

აქედან მოყოლებული ადრიანოს კარიერა დაღმასვლით წავიდა და შარშან "მაიამიში" უსახელოდვე დასრულდა.

ბრაზილიის ნაკრებში მას 2010 წლამდე უხმობდნენ, სადაც 50 მატჩში 29-ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდები.

ერთი სიტყვით, არ შედგა დიდი კარიერა და "ინტერის" ლეგენდა ხავიერ ძანეტი ამაში საკუთარ ბრალსაც ხედავს. მეტიც - ძანეტი ამას საკუთარ მარცხადაც კი აფასებს. ის ნანობს, რომ საკმარისად არ იზრუნა ან, უბრალოდ, ძალა არ აღმოაჩნდა უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელის დეპრესიიდან გამოსაყვანად.

დეპრესია კი ფეხბურთელს მამის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო. ადრიანო ალკოჰოლს მიეძალა, რასაც არაერთი სკანდალი მოჰყვა ღამის ბარებსა თუ სხვა ადგილებში.

"როცა მან ის ცნობილი, ბრწყინვალე გოლი გაუტანა "რეალს", საკუთარ თავს ბედნიერმა ვუთხარი, რომ ჩვენ ახალი რონალდო აღმოვაჩინეთ, - იხსენებს ძანეტი "ტუტომერკატოვებთან" ინტერვიუში, - ის დაიბადა ბრაზილიის უღარიბეს უბანში და როცა არაფრისგან უცებ მდიდრდები, ყველაფერი იცვლება შენ გარშემო, პირველ რიგში - ღირებულებები. თუმცა ყველას არ ემართება ასე, ადრიანომ კი, სამწუხაროდ, ცდუნებებს ვერ გაუძლო.

ჩვენ ოთახში ვისხედით, როცა მას დაურეკეს და მამის გარდაცვალება ამცნეს. უცებ მან ტელეფონი იატაკზე დაახეთქა და არაადამიანური ღრიალი დაიწყო. ის დღე და ის ხმები რომ მახსენდება, ახლაც კი მზარავს.

იმის მერე, ადრიანო ჩემთვისაც და მასიმო მორატისთვისაც უმცროს ძმად იქცა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის აგრძელებდა თამაშს, გაჰქონდა გოლები, რომელსაც მამის ხსოვნას უძღვნიდა, მაგრამ იმ სატელეფონო ზარმა მაინც შეცვალა მისი ცხოვრება - ეს აღარ იყო ძველი ადრიანო.

ჩვენ ვერ შევძელით მისი გამოყვანა დეპრესიიდან და მიმაჩნია, რომ პირადად ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი მარცხი ცხოვრებაში, ყველაზე დიდი მარცხი უძლურების გამო", - ამბობს ძანეტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი იყო,სამწუხაროდ ქართულ სენს ვერ სძლია.აი შენ კი ძანეტი ყველაზე დიადი არგენტინელი ხარ და დიდი კაპიტანი.
ოთო
02:45 10-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული