"იუვემ" ბოლომდე იბრძოლა, რასაც ამ გუნდს ნამდვილად ვერ წაართმევ - აგებდა რა 0:2-ს, პაულო დიბალას დუბლით კინაღამ დამატებით დროში გადაიყვანა თამაში, მაგრამ ბოლო წამებზე ალესანდრო მურჯამ "ლაციო" კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დააწინაურა.
"თუ არ ჩავთვლით იმ ორ გოლს, მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. ამიტომ, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ "ლაციომ" გამარჯვება დაიმსახურა. უბრალოდ,
"იუვენტუსის" მწვრთნელმა შედარებით შეცვალა თამაშის სცენარი მას მერე, რაც ხუან კუადრადოს ნაცვლად მოედანზე დუგლას კოშტა შეუშვა.
"ამ სვლით ჩვენ უფრო გავშალეთ თამაში და "ლაციოც" გაიხსნა. სხვათა შორის, სწორედ ამას ვცდილობდით პირველ ტაიმშიც, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა", - ესეც ალეგრის სიტყვებია. შემდეგ ის ხსნის, თუ რითია გამოწვეული "იუვენტუსის" ნეგატიური სათამაშო კონდიციები:
"ჩვენ გვიან დავიწყეთ წინასასეზონო სამზადისი და გასაკვირი არ არის, რომ ფიზიკური კონდიციების მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ვიცოდით, რომ ამ ეტაპისთვის სირთულეები გვექნებოდა, მაგრამ მეორე ტაიმის ნახევარსაათიანმა მონაკვეთმა დამიტოვა რწმენა, რომ მალე შევალთ სასურველ ფორმაში და ჩემპიონატის სტარტს ყოველმხრივ უკეთესი კონდიციებით შევხვდებით. ორი წლის წინ "ლაციოს" ჩინეთში ვეთამაშეთ სუპერთასზე და მოვუგეთ, თუმცა სერია A ცუდად დავიწყეთ. იმედია, ამჯერად პირიქით იქნება", - ამბობს "იუვეს" თავკაცი, რომლის გუნდი ახალ ჩემპიონატს შაბათს, 19 აგვისტოს, "კალიარისთან" საშინაო მატჩით იწყებს.
რა თქმა უნდა, უფრო ამაღლებულია განწყობაა "ლაციოს" ბანაკში. კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო იმედოვნებს, რომ სუპერთასზე გამარჯვება ფანებს გუნდისკენ შემოატრიალებს:
"დიდი შედეგები კლუბის ხელმძღვანელობის, გუნდისა და ქომაგების ერთიანობით მოდის. ჩვენ არასოდეს ვერიდებით ინვესტიციებს, თუმცა ეს ყველაფერი გეგმაზომიერად უნდა ხორციელდებოდეს", - თქვა ლოტიტომ, რომელსაც კეიტა ბალდე დიაოზეც ჰკითხეს.
საქმე ისაა, რომ სენეგალელი ფორვარდის მომავალს ბოლო პერიოდში "იუვენტუსს" უკავშირებდნენ. ის არ შეიყვანეს სასუპერთასო განაცხადში, რამაც გააღრმავა ეჭვი, რომ კეიტას ყიდიან. თავად ფეხბურთელმა კი თქვა, რომ "გულმოკლულია" კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილებით.
ლოტიტოს პასუხი ლაკონური იყო: "კეიტა? ჩვენი სპორტული დირექტორი იგლი ტარე მუშაობს ამ საკითხზე და ვნახოთ, რა მოხდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"