"ბებერ ქალბატონს" ორი ახალი სატრანსფერო სამიზნე ჰყავს და მათ შესახებ თანმიმდევრობით ვისაუბროთ. დავიწყოთ კევინ სტროოტმანით, რომელიც წლების განმავლობაში "რომას" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.
ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას სურს, ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს თავისი საკლუბო მაისური ჩააცვას და ამ საქმისთვის 45 მილიონი ევროც გაიღოს. ასეთ ინფორმაციას "ტუტოსპორტი" ავრცელებს.
ამავე დროს, ცნობილია, რომ "რომა" არ
საინტერესოა, რომ სტროოტმანმა ივლისში "რომასთან" კონტრაქტი 2020 წლამდე გააგრძელა. 27 წლის ნახევარმცველი "ოლიმპიკოზე" 2013 წელს გადავიდა "პსვ ეინდჰოვენიდან". რომაელთა შემადგენლობაში მან 87 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"იუვენტუსის" სამიზნეა ასევე გერმანიის ნაკრების 25 წლის ცენტრალური მცველი შკოდრან მუსტაფი. "იუვეში" კარგად იციან, რომ მას შემდეგ, რაც "მილანში" გაიყიდა ლეონარდო ბონუჩი, დაცვას გაძლიერება დასჭირდება.
თავის მხრივ, მუსტაფიც არ უნდა იყოს ისეთ კლუბში გადასვლის წინააღმდეგი, რომელიც ტიტულების მოსაგებად რეალურად იბრძოლებს. "არსენალი" კი ასეთად, ჯერჯერობით, არ მოჩანს, "იუვენტუსი" კი სწორედაც ასეთია.
წლევანდელი სეზონიც ნათლად გვიჩვენებს, რომ "მეთოფეები" შორს არიან სტაბილურობისგან და, დიდი ალბათობით, მათთვის ეს სეზონიც ისეთივე არასტაბილური იქნება საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, როგორიც წინა არაერთი იყო.
ამასობაში კლაუდიო მარკიზიომ "იუვენტუსის" დატოვების ალბათობა სოციალური ქსელის მეშვეობით გამორიცხა. ბოლო დროს იტალიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის - საგრძნობლად მოძლიერებულ "მილანს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"