"მილანი": ვინ რას დაჰპირდა დონარუმას?

AutoSharing Option
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, ვინც ჯანლუიჯი დონარუმას საფეხბურთო სვე-ბედს განაგებს, "მილანს" დაეტაკა. მისი თქმით, "როსონერიმ" პირობა დაარღვია, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა მეკარე გუნდის კაპიტანი უნდა გამხდარიყო. არადა, კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი ლეონარდო ბონუჩიზე შეაჩერა. "იუვენტუსიდან" გადმობირებული მცველი, როგორც ახალი გუნდის ახალი გეზის სახე, მილანურ გრანდში მოედანზე პირველი კაცი გახდა.

"მე პატივს ვცემ დონარუმას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ის "მილანში" დარჩა და მე გულწრფელად მივესალმები მის საქციელს. უბრალოდ, არის ერთი რამ, რაც ჩემში გაუგებრობას იწვევს. არაფერი მაქვს ბონუჩის კაპიტნობის საწინააღმდეგო, მაგრამ პირობის თანახმად,
სამკლავური ჩემი კლიენტისთვის უნდა გადაეცათ", - ამბობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო აგენტი.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ბევრს საუბრობდნენ "მილანიდან" დონარუმას შესაძლო წასვლის თაობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი კლუბისთვის კარგად დასრულდა და დონარუმამ "როსონერისთან" ახალ, 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ. აი, რას ამბობს ის:

"ჩვენ არავის არაფერს დავპირებივართ. აქამდე მე არავისგან მსმენია პროტესტი იმის თაობაზე, თუ რატომ არ მივეცით დონარუმას კაპიტნის სამკლავური. ეს ყველაფერი დროის საქმეა. ყველამ კარგად იცის, თუ რატომ ვანდეთ კაპიტნობა ბონუჩის და ამის ახსნას ახლა აღარ ვაპირებ. არავის აქვს პრეტენზია. ამ ამბავს ჩვეულებრივად შეხვდნენ ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან აბატე და მონტოლივო. ჩემი აზრით, მათი საქციელი სამაგალითოა".

სუსო არასოდეს გაიყიდება!
"კალიარისთან" საშინაო გამარჯვების (2:1) შემდეგ ვინჩენცო მონტელამ საკუთარი გუნდის თამაშსა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ილაპარაკა.
"მოხარული ვარ, რომ სუსომ გამარჯვების გოლი გაიტანა. ის ჩვენი დიდი პროექტის ნაწილია და სამწვრთნელო შტაბისგან განსაკუთრებულ ნდობას გრძნობს. მისი გაყიდვა არასოდეს გვიფიქრია, რადგან ის განსაკუთრებული ფეხბურთელია...

რაც შეეხება "კალიარისთან" შეხვედრას, ეს იყო ძალიან რთული თამაში და უნდა მივეჩვიოთ, რომ სეზონის განმავლობაში ასეთი მატჩი კიდევ ბევრი გვექნება. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამის მიუხედავად, გამარჯვება დავიმსახურეთ. ბოლომდე ვიცავდით მოპოვებულ უპირატესობას. ახლა სანაკრებო პაუზაა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დასვენების დრო...

ნიანგის თემა? ამაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება. ჩვენი გუნდის მიზანი უცვლელია, უნდა შევძლოთ და "მილანის" გულშემატკივრები გავახაროთ. "სან სიროზე" ფანტასტიკური ატმოსფეროა. ქომაგები ბოლომდე ჩვენ გვერდით არიან და ჩვენც ვალდებულები ვართ, მათთვის იგივე გავაკეთოთ. სეზონის ბოლომდე ძალიან დიდი გზაა და მჯერა, გუნდი მას ღირსეულად გაივლის. გვაქვს დიდი რესურსი და ფეხბურთელები თანდათან გაიხსნებიან, უკეთ მოერგებიან ჩვენს მოთხოვნებს", - ამბობს მონტელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული