ჩირო იმობილე რაღაც დიდის მოლოდინში...

AutoSharing Option
ახალი "მილანის" პირველი სერიოზული გამოცდა კრახით დასრულდა. რა თქმა უნდა, "ლაციოს" წინააღმდეგ გასვლაზე თამაში იოლი არ არის, მაგრამ რომაელთა ამხელა უპირატესობას ალბათ მაინც არავინ ელოდა. "ლაციომ" მილანური გრანდისაგან ქვა ქვაზე არ დატოვა (4:1). განსაკუთრებით გამოირჩა ჩირო იმობილე, ვინც ჰეთ-თრიკი მიითვალა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვა ამ შეხვედრას მისი მონაწილეების მხრიდან...

"მილანთან" ჰეთ-თრიკი იოლი არ არის!
იტალიის ნაკრების ფორვარდმა ჩირო იმობილემ მართლაც რომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ჰეთ-თრიკი ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ ჩიროს მარტო გოლებ
ის გამო როდი ეკუთვნოდა აპლოდისმენტები. ის ძალიან აქტიური იყო და საგოლე პასს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ გააწამა მილანელთა დაცვა.

"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ რეალობის შეგრძნებას არ ვკარგავ. ფეხბურთში ასეა - ხან ყველაფერი გამოგდის და ხან - არაფერი. მაგალითად, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ესპანეთთან სანაკრებო მატჩის შემდეგ, ახლა კი სრულიად საპირისპირო განწყობაზე ვარ...

"მილანთან" მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით, სპალ-თან პირველ ტურში ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ. ჩემი აზრით, დღეს ბევრი არ არის ისეთი გუნდი, რომელიც "მილანის" კარში ოთხი გოლის გატანას შეძლებს. ჩვენ კი ეს მოვახერხეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გამარჯვებით მთები არ გადაგვიდგამს, მაგრამ ვფიქრობ, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. მიმაჩნია, რომ "ლაციოს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება", - განაცხადა მატჩის გმირმა.

თუ ასე ვითამაშებთ...
"ლაციოს" მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ საინტერესოდ ილაპარაკა რომში გამართულ მატჩზე. მისი თქმით, ახლა ყველამ უნდა შეამჩნიოს "ლაციოს" შესანიშნავი გარჯა, თუმცა, მეორე მხრივ, გუნდი ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეს.

"რა თქმა უნდა, ეს წელიწადი ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. იტალიის ჩემპიონატის გარდა, ჩვენ ხომ ევროპალიგაზეც ვთამაშობთ. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ თუ მომავალშიც ასე ვითამაშებთ, რაღაც დიდს და განსაკუთრებულს გავაკეთებთ. თამაშის წინ ასეთ შედეგს არავინ ელოდა. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რა და როგორ გაგვეკეთებინა. ამან შედეგი მოიტანა.

უნდა შევძლოთ სატურნირო ცხრილში იმ ადგილის დაკავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ. ამას ელიან ის ფანები, რომლებიც "სტადიო ოლიმპიკოზე" მოდიან და მხარს გვიჭერენ...

სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად, რაც გააკეთა ჩირო იმობილემ! ის სუპერმოტივირებული იყო. ვამაყობ, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი გვყავს. ის ნამდვილი ლიდერია. დიდებული მატჩი ჩაატარა ლუკას ლეივამაც. რაც შეეხება ბილიას დაბრუნებას ჩვენს სტადიონზე (გასულ სეზონში "ლაციოს" ღირსებას იცავდა - ავტ.), ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს...

ახლა ყველა "ლაციოზე" ილაპარაკებს, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და ისევე გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც აქამდე ვმუშაობდით", - თქვა ინძაგიმ.

ფსიქოლოგიური ჩავარდნა
რა თქმა უნდა, მატჩზე ილაპარაკა "მილანის" მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამაც. მისი თქმით, მტკივნეული მარცხი "მილანს" მენტალურად ვერ გატეხს, უფრო პირიქით - გუნდს ერთ მუშტად შეკრავსო...

"ჩვენ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. "ლაციო" ძალიან კარგად გამოიყურებოდა. თამაშის მსვლელობაზე გავლენა მოახდინა ინციდენტმა, რომლის შემდეგაც ჩვენს კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. მეტოქე ბევრად უკეთესი იყო დამაგვირგვინებელ ფაზაში და ეს 3 ქულა დაიმსახურა...

არ არის გასაკვირი, რომ დღეს "ლაციო" უფრო გუნდურია, ვიდრე "მილანი". ჩვენ ხომ არაერთი ახალი ფეხბურთელი გვყავს. ყველა დამეთანხმება, რომ შეთამაშებისთვის მეტი დრო გვჭირდება, მაგრამ ეს თავის გასამართლებელი არგუმენტი არ არის...

შემადგენლობა? ვფიქრობ, სწორად შევარჩიე. ფიზიკურად გუნდი კარგად იყო მზად. უბრალოდ, ფსიქოლოგიური სიმტკიცე ვერ გამოვავლინეთ", - ასეთია მონტელას დასკვნა.

კარგი გაკვეთილი
მატჩზე აზრი გამოთქვა "მილანის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმაც. "იუვენტუსის" ყოფილი უკანახაზელი, მტკივნეული მარცხის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"მიმაჩნია, რომ ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით. ჩვენ ბოლომდე საბრძოლველად ვიყავით მზად, მაგრამ პენალტის ეპიზოდმა "მილანის" ფსიქოლოგიაზე ცუდად იმოქმედა. ასე იყო თუ ისე, კარგი გაკვეთილი მივიღეთ. ჩვენ ახლა ზუსტად ვიცით, რომ მსგავს ეპიზოდებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ...

იმობილესა და ჩემ შორის მინდორზე რაღაცები ხდებოდა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი მინდორზევე დარჩა", - თქვა ბონუჩიმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული